გრავიტაციული ტალღები ბგერებად აქციეს — ნახეთ ახალი 3D ვიდეო და მოუსმინეთ კოსმოსს
სონიფიკაცია არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც სხვა სახის მონაცემებს აუდიო მასალად გარდაქმნიან. სწორედ ეს გააკეთა Audio Universe-ის გუნდმა, რომელმაც გრავიტაციული ტალღები ბგერებად აქცია. ეს მათ სამგანზომილებიან ვიდეოში გააერთიანეს, რათა ეჩვენებინათ, ცის რომელი რეგიონიდან მომდინარეობს ასეთი სიგნალები.
გრავიტაციული ტალღების არსებობა ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. ისინი უხილავია, მაგრამ კოსმოსში ძალიან სწრაფად გადაადგილდება და სივრცეს კუმშავს/წელავს. მათ ძალიან ენერგიული კოსმოსური მოვლენები წარმოქმნის, როგორიცაა ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება, მასიური მნათობების ურთიერთქმედება და შავი ხვრელების შერწყმა. ასეთი ტალღების დიდი ნაწილი სუსტდება, სანამ დედამიწამდე მოაღწევს, ამიტომ ძნელი დასაფიქსირებელია. ამის მიუხედავად, ასტრონომებმა გრავიტაციული ტალღების პირველი მტკიცებულება 2015 წელს მოიპოვეს.
რა თქმა უნდა, მათ ხმა არ აქვს, მაგრამ ასეთი მონაცემების სონიფიკაცია საინტერესოა. სპეციალისტებმა ეს ინფორმაცია ბგერებად ისე გარდაქმნეს, რომ მსმენელის ყურამდე იმ მხრიდან მისულიყო, საიდანაც ვიდეოში ჩნდება. ამისთვის სივრცული აუდიო ტექნიკები გამოიყენეს, STRAUSS-ის კოდის მეშვეობით კი ისეთი ხმოვანი ჩანაწერი მიიღეს, რომელიც ჩვენს სმენით დიაპაზონს შეესაბამება.
სონიფიკაცია საშუალებას იძლევა, უსინათლო ადამიანებს ასტრონომიული მონაცემების აღქმის თავისებური გზა შევთავაზოთ. ასევე, ის მეცნიერებს რთული და მრავალგანზომილებიანი მონაცემების უკეთ გაანალიზებაში ეხმარება და საინტერესო საგანმანათლებლო რესურსებს ქმნის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მეთოდით კონკრეტული ციური სხეულის სინათლის სპექტრის ბგერებად ქცევაცაა შესაძლებელი. ამგვარი სხივები ობიექტის მოძრაობის პარალელურად ვრცელდება, სონიფიკაცია კი ცვლილებების აღქმის საშუალებას იძლევა, თუმცა არა ვიზუალურად, არამედ სმენის მეშვეობით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აუდიო მასალის დამატებით სხვაგვარი ინფორმაციაც ბევრად გასაგები ხდება. ამის მაგალითია ე.წ. დათბობის ზოლები, იგივე კლიმატის ზოლები. ესაა ლურჯ-წითელი ხაზები, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვალებად ტემპერატურასა და მასთან დაკავშირებულ ანომალიებს შეესაბამება.
იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა მიმდინარეობს, ზოლები დროის გასვლის პარალელურად უფრო და უფრო წითლდება, მაგრამ ამის ვიზუალიზაციასთან ხმის ინტეგრირებით ბევრად ძლიერი ეფექტი იქმნება.
"ხმის გამოყენებით შესაძლებელია, მონაცემები ემოციურად ინტერპრეტირებადი გავხადოთ და ინფორმაცია კონკრეტულ გრძნობად გადავთარგმნოთ", — აცხადებენ მეცნიერები, რომლებმაც ახალი ვიდეო სახელმწიფო ასტრონომიულ კონფერენციაზე წარადგინეს.
კომენტარები