მთვარის ზედაპირის ქვეშ გამოქვაბულის არსებობის პირველ მტკიცებულებას მიაგნეს
დაახლოებით 50 წელია, რაც მეცნიერები მთვარის ზედაპირქვეშა გამოქვაბულებს თეორიულად განიხილავენ, ახლა კი NASA-ს ზონდ Lunar Reconnaissance Orbiter-ის სარადარო მონაცემებში მსგავსი სტრუქტურის არსებობის პირველ მტკიცებულებას მიაგნეს.
კერძოდ, სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, თუ რა არის Mare Tranquillitatis-ის, ანუ "სიწყნარის ზღვის", ქვეშ. ესაა მუქი შეფერილობის რეგიონი, რომლის მიმდებარედაც ერთგვარი ღრმულია. დიდი ალბათობით, ის ცარიელი გვირაბია, სადაც ძველად ლავა მიედინებოდა.
ამ არეალის შესახებ სარადარო ინფორმაცია ზონდზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ Mini-RF ჯერ კიდევ 2010 წელს მოიპოვა. მეცნიერებმა ეს მონაცემები წლების შემდეგ ხელახლა გააანალიზეს, რისთვისაც სიგნალების გასაშიფრი თანამედროვე მეთოდები გამოიყენეს. სწორედ ამის შედეგად მიაგნეს სიღრმეში არსებული სტრუქტურის კვალს, რომლის მახასიათებლებიც ყველაზე მეტად ზედაპირქვეშა გამოქვაბულით აიხსნება.
"ეს აღმოჩენა მთვარის ზედაპირის ქვეშ ლავის მილის არსებობის პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა. მონაცემთა ანალიზის მეშვეობით ამ სადინარის გარკვეული ნაწილის მოდელის შექმნა შევძელით", — აცხადებს ტრენტოს უნივერსიტეტში მომუშავე ლეონარდო კერიე.
"ჩვენი დაკვირვებების ყველაზე კარგი ახსნა ლავის ცარიელი მილია. ეს კვლევა ცხადყოფს, თუ როგორ შეგვიძლია, მთვარის სარადარო მონაცემები მეცნიერების ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენოთ და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ინფორმაციის შეგროვება განვაგრძოთ", — ამბობს Mini-RF-ის მთავარი მკვლევარი, ვეს პატერსონი.
უნდა ითქვას, რომ მთვარეზე მსგავსი გამოქვაბულის მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან ის ასტრონავტებისთვის ძლიერი რადიაციისგან ან სხვა მსგავსი საფრთხეებისგან თავის დასაცავად იდეალური ადგილია. კაცობრიობა ამ ციური სხეულის ათვისებას გეგმავს, ამიტომ სამომავლო მისიებისთვის ასეთი ბუნებრივი თავშესაფრები გამოსადეგი იქნება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები