რაკეტა Falcon 9-ის გაუმართაობის გამო დედამიწის ორბიტიდან 20 სატელიტი ჩამოვარდა
20-ვე ხელოვნური თანამგზავრი ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში დაიწვა.
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილმა რაკეტა Falcon 9-მ დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის 20 ხელოვნური თანამგზავრი ნაადრევად განათავსა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ყველა მათგანი პლანეტისკენ დაეშვა და ატმოსფეროში დაიწვა. ამჟამად ექსპერტები მომხდარს იკვლევენ და სანამ არ დაადგენენ, რამ გამოიწვია ხარვეზი, ამ რაკეტების ფრენა შეჩერებულია.
Falcon 9-ის მისია 11 ივლისს განხორციელდა. ის კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან ადგილობრივი დროით 22:35 საათზე გაუშვეს, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე. თავდაპირველად ფრენა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა. აპარატს პირველი საფეხური წარმატებით გამოეყო და წყნარ ოკეანეში არსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა.
მეორე საფეხურში, რომელშიც სატელიტები იყო მოთავსებული, თხევადმა ჟანგბადმა გაჟონა და მან ძრავები ვეღარ აამუშავა. ამის მიუხედავად, მას ხელოვნური თანამგზავრების გამოთავისუფლება მაინც შეეძლო, მაგრამ ეს ზედმეტად დაბალ ელიფსურ ორბიტაზე მოახერხა. მათ ხმელეთიდან 135 კილომეტრი აშორებდა, რაც დაახლოებით ნახევარჯერ ჩამოუვარდება იმ სიმაღლეს, რომელზეც, ჩვეულებრივ, Starlink ფუნქციონირებს.
დაბალ ორბიტაზე განთავსების გამო სატელიტებზე ატმოსფერულმა მიზიდულობამ იქონია გავლენა. დედამიწის გარშემო ყოველი შემოვლისას ისინი 5 კილომეტრით დაბლა ეშვებოდა, რასთან შესაწინააღმდეგებლადაც მათი ძრავები საკმარის ბიძგს ვერ მისცემდა. სპეციალისტებმა ეს მაინც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
საბოლოოდ, 20-ვე ხელოვნური თანამგზავრი 12 ივლისს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოვიდა და იქ დაიწვა. კომპანია აცხადებს, რომ ამას სხვა სატელიტებისთვისა და მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. არ დაფიქსირებულა ხმელეთზე ჩამოცვენილი ფრაგმენტებიც.
SpaceX მომხდარის მიზეზებს აშშ-ის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციასთან ერთად იძიებს და Falcon 9-ის ფრენებს მხოლოდ პასუხის მიღების შემდეგ განაახლებს. არ გამორიცხავენ, რომ კვლევის პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და დაგეგმილ მისიებსაც შეუშალოს ხელი.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი დანაკარგია 2022 წლის შემდეგ, როცა გეომაგნიტური შტორმის გამო Starlink-ის 40 თანამგზავრი ატმოსფეროსკენ დაეშვა და იქ განადგურდა.
კომენტარები