60 წელში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა პიკს მიაღწევს, შემდეგ კი შემცირდება
გაერომ ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელსაც "World Population Prospects 2024" ეწოდება. მასში წერია, რომ 2080-იანი წლების შუა პერიოდისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა პიკს მიაღწევს და 10.3 მილიარდი გახდება. ამის შემდეგ ეს რიცხვი კლებას დაიწყებს და იმაზე მცირე იქნება, ვიდრე 11 წლის წინ ვარაუდობდნენ.
ამჟამად დედამიწაზე 8.2 მილიარდი ადამიანია. პროგნოზის თანახმად, მომდევნო 60 წლის განმავლობაში ეს რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება და მაქსიმუმამდე ავა. 2100 წლისთვის სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება, რადგან ჩვენი პოპულაცია, 2013 წლის გამოთვლებთან შედარებით, 6%-ით შემცირდება, ანუ 700 მილიონით.
ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. მათ შორისაა ფერტილურობის დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პიკი (რომელიც არც ისეთი მაღალია) იმაზე ადრე დადგება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. მართალია, პოპულაციის შემცირება გარემოზე ჩვენი უარყოფითი გავლენის შემსუბუქებასაც გულისხმობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მოიხსნება.
დღესდღეობით გლობალურად მოსახლეობის 28%, ანუ მეოთხედი, ისეთ 63 ქვეყანასა თუ არეალში ცხოვრობს, სადაც პიკი უკვე დაფიქსირდა. მათ შორისაა ჩინეთი, რუსეთი, იაპონია და გერმანია.
მომდევნო 30 წელში ამ ჩამონათვალს დამატებით თითქმის 50 სახელმწიფო შეუერთდება, როგორიცაა ბრაზილია, ირანი და თურქეთი. ადამიანთა რაოდენობის ზრდა 120-ზე მეტ ქვეყანაში 2054 წლის შემდეგაც გაგრძელდება. ასეთია, მაგალითად, ინდოეთი, ინდონეზია, ნიგერია, პაკისტანი და ამერიკის შეერთებული შტატები.
უნდა ითქვას, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირდა, მაგრამ 2024 წელს უკვე აღდგა და 73.3 წელია. როგორც ცნობილია, 2054 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება და 77.4 წელს მიაღწევს. ახალი პროგნოზის თანახმად, 2070-იანი წლების ბოლოსთვის 65 წელს გადაცილებული ინდივიდების რიცხვი 2.2 მილიარდი იქნება, რაც 18 წელზე ნაკლები ასაკის მქონე მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს.
კომენტარები