Google-ის მკვლევრების თქმით, სიცოცხლის წარმოშობის სიმულირება შეძლეს
Google-ის მკვლევრებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ აინტერესებდათ, რა მოხდებოდა მაშინ, თუ გარკვეული ინფორმაცია მილიონობით წლის განმავლობაში ხელუხლებლად იქნებოდა. რეალურ სამყაროში ამ პროცესებისთვის მილიონობით წლის განმავლობაში დაკვირვება არ შეგვიძლია, თუმცა გვაქვს კომპიუტერული მოდელირება.
მკვლევრების თქმით, სწორედ ეს შეძლეს და გარემოს სიმულირებისას ისინი თვითგამრავლებადი ციფრული სიცოცხლის გაჩენას შეესწრნენ.
ექსპერიმენტის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ამას ბევრ რამეზე პასუხის გაცემა შეუძლია, მათ შორის იმაზე, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე.
"თვითგამრავლებადი პროგრამების შემთხვევითი საწყისი წერტილებიდან განვითარებაზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ბიოლოგიური სიცოცხლის წარმოქმნაზე ძალიან ბევრის გაგება შეგვიძლია", — თქვა სიუზან სტეპნიმ, იორკის უნივერსიტეტიდან.
პირველადი სუპი
ითვლება, რომ დედამიწაზე სიცოცხლე "პირველად სუპში" დაიწყო. მილიონობით წლის განმავლობაში წყალსა და ორგანულ ნივთიერებებს შორის მცირე ურთიერთქმედებები ხდებოდა. ამ პროცესმა საბოლოოდ, პირველი ორგანიზმები წარმოქმნა. ის თუ როგორი იყო ეს ორგანიზმები თავიდან, ზუსტად არ ვიცით და მეცნიერებს სწორედ ამის გაგება სურთ.
ასევე: ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლე 4.2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა
"ეს არ იყო საოცრება. პროცესი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და სწორედ ამის შედეგია სიცოცხლე", — განუცხადა New Scientist-ს კვლევის თანაავტორმა, ბენ ლორიმ.
ლორიმ პირველადი სუპის ციფრული ვერსია შექმნა. შესაბამისად, სიმულირებისას ყველაფერი ხდებოდა შემთხვევითობიდან გამომდინარე, ისე როგორც ეს დედამიწაზე მოხდა. მკვლევრებმა ამისთვის Brainfuck-ის პროგრამა გამოიყენეს, რომელიც მხოლოდ ორი მათემატიკური ოპერაციის საშუალებას იძლევა: შესაძლებელია დამატება და გამოკლება.
ლორის აზრით, არსებობს "თანდაყოლილი მექანიზმები", რომლებიც სიცოცხლის ფორმირების საშუალებას იძლევა. მეორე მხრივ, თვითგამრავლება თავისთავად სიცოცხლე არ არის. იმისთვის, რომ საქმე გვქონდეს სიცოცხლესთან, საჭიროა სირთულის ზრდაც ხდებოდეს.
"სირთულე თვითგამრავლების ფონზე იზრდება, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის", — ამბობენ მკვლევრები.
სწორედ ამ ყველაფერში უკეთ გასარკვევად მეცნიერები "პირველადი სუპის" სიმულირებას ცდილობენ და პროცესებს ასე აკვირდებიან.
კომენტარები