რატომ აქვს ქათმის კვერცხებს სხვადასხვა შეფერილობა? — პასუხი გენებშია
ალბათ, დაკვირვებულხართ, რომ ქათმის კვერცხების შეფერილობა ყოველთვის ერთნაირი არაა — ზოგი თეთრია, ზოგი მოყავისფრო, არსებობს მოცისფროცა და მოვარდისფროც. მაინც რა განაპირობებს ამ სხვაობას?
მთავარი მიზეზი გენეტიკაა, კერძოდ სულ მცირე 7 გენი: CPOX, FECH, BCRP, HRG1, FLVCR, SLCO1A2 და SLCO1C1. ამასთან ერთად, შესაძლოა, გარკვეულ როლს ასრულებდეს გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორებიც.
ყავისფერი და თეთრი ნაჭუჭის შეფერვაში უმთავრეს როლს ორგანული პიგმენტი პროტოპორფირინი ასრულებს, რომელიც ჰემოგლობინში რკინის შემცველი მოლეკულური კომპონენტისგან, ჰემისგან, მიიღება. საკუთარი წვლილი შეაქვს პიგმენტ ბილივერდინსა და ბილივერდინ-თუთიის ჰელატსაც.
თეთრ კვერცხში პროტოპორფირინის მცირე შემცველობაა, ყავისფერში კი პირიქით. უკანასკნელ შემთხვევას CPOX-ის გააქტიურებასთან აკავშირებენ, როცა პირველი FECH-ის ექსპრესიასთან ასოცირდება. დანარჩენ გენებთან მიმართებაში ასეთი პირდაპირი მიზეზ-შედეგობრიობა არაა გამოხატული, მაგრამ თითოეული მათგანი უჯრედის სხვადასხვა ნაწილში ჰემის გადამტან ცილებზე ზემოქმედებს.
ეს ყველაფერი ქათმის ჯიშებზეცაა დამოკიდებული, რადგან მათში სხვადასხვა გენებია თავმოყრილი. მაგალითად, ლეგჰორნის ჯიშის წარმომადგენლები თეთრ კვერცხებს დებენ, ხოლო როდ-აილენდისა — ყავისფერს. ფრანგულ ჯიშში, რომელსაც მარანი ეწოდება, მუქი ყავისფერი შეფერილობის ნაჭუჭია გავრცელებული, რადგან მათში ხელოვნურმა სელექციამ პროტოპორფირინის დიდი ოდენობით წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენის ექსპრესიას შეუწყო ხელი.
გარკვეულ როლს ასრულებს ქათმების სტრესის დონე, ავადობა, ასაკი და დიეტაც. მაგალითად, ამ ფრინველთა საკვებში რკინის შემცველობა უმნიშვნელოვანესია, რათა ყავისფერი კვერცხები დადონ. ასევე, ერთ-ერთი ფაქტორია კონკრეტული პრებიოტიკების, განსაკუთრებით ბაქტერია Bacillus subtilis-ის, რაოდენობაც. რა თქმა უნდა, შეფერილობა კვერცხის გემოზე არ მოქმედებს და თუ ის თეთრია, არ ნიშნავს, რომ ავადმყოფმა ან სტრესში მყოფმა ქათამმა დადო.
რაც შეეხება მოცისფრო ნაჭუჭს, ის oocyan-ის სახელით ცნობილ გენს უკავშირდება, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ჯიშში გვხვდება, მათ შორის ჩილეურ არაუკანაში, ჩინურ დუნსიანსა და ლუშიში. საინტერესოა, რომ ის ვირუს EAV-HP-ის ინფექციასთან ასოცირდება, რომელიც ფრინველის გენომში ინტეგრირდება და შთამომავლობაში დნმ-ით გადადის.
ამ ინფექციამ, სავარაუდოდ, ასობით წლის წინ იჩინა თავი და ის შემდეგ ფერმერებმა შენიშნეს, რომლებმაც ეს ქათმები სელექციურად შეაჯვარეს, რათა მსგავსი ფენოტიპი არ გამქრალიყო. ვირუსი უსაფრთხოა და თერმულად მოცისფრო კვერცხის ჭამაც ჩვენს ჯანმრთელობას საშიშროებას არ უქმნის.
აღსანიშნავია, რომ თავად ადამიანის გენომშიც დაახლოებით 8% სწორედ ვირუსული წარმომავლობის გენეტიკურ მასალას უკავია, ანუ ამაში უჩვეულო არაფერია.
კომენტარები