"ეგზოპლანეტების ზოოპარკი" — ნახეთ, როგორი ციური სხეულები გვხვდება სამყაროში
სლოვაკი მარტინ ვარჯიკი კოსმოსის ენთუზიასტი და გრაფიკული ხელოვანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ 2 ახალი ინფოგრაფიკული პოსტერი შექმნა. ისინი 1600-მდე ეგზოპლანეტას აერთიანებს, რომელთა ზომაცა და ტიპიც ერთმანეთისგან განსხვავებულია. ეს იმის წარმოდგენის საშუალებას გვაძლევს, თუ როგორი ციური სხეულები გვხვდება სამყაროში.
მარტინს ასტრონომია ბავშვობიდან იტაცებს. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ის ღამის ცას ტელესკოპით აკვირდებოდა, მათ შორის მთვარის კრატერებსა და ვენერას ფაზებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური სინათლით დაბინძურებულ არეალში ცხოვრობდა. ყველაზე მეტად მას ვარსკვლავთა სიუხვე აღაფრთოვანებდა.
კოსმოსის შესახებ საკმაო ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, 2015 წელს, ხელოვანმა ინფოგრაფიკული პოსტერების პირველი ვერსიები შექმნა. 2019-ში მან უკვე ვიზუალური მასალის შემცველი წიგნი გამოაქვეყნა, სახელად "Curious Cosmic Compendium". მასში 10 გვერდი სწორედ ეგზოპლანეტებს ეთმობა, რომლებიც ტემპერატურის მიხედვითაა დალაგებული — შედარებით გრილიდან ძალიან ცხელამდე. ამას ყავისფერ ჯუჯებამდე მივყავართ, ანუ ვარსკვლავსა და პლანეტას შორის გარდამავალ ობიექტებამდე, მათ კი წითელი ჯუჯა მნათობები მოჰყვება.
რაც შეეხება ახალ პოსტერებს, პირველს "ყინულოვანი და კლდოვანი ციური სხეულები" ჰქვია, ხოლო მეორეს — "ეგზოპლანეტების ზოოპარკი". მათში ობიექტები ზემოხსენებული პრინციპითაა წარმოდგენილი, ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერ მხურვალებას იღებს თითოეული მათგანი საკუთარი ვარსკვლავისგან.
"სამეცნიერო მოდელებისა და უახლესი ინფორმაციის მეშვეობით შექმნილი ეს პოსტერი ჩვენთვის ცნობილი 1100-ზე მეტი ეგზოპლანეტის მხატვრული ვიზუალიზაციის მცდელობაა", — აცხადებს სპეციალისტი.
მისი თქმით, სურათზე ყველა იმ ტიპის ციური სხეულია ნაჩვენები, რომლებიც აქამდე აღმოუჩენიათ. ასევე, საინტერესოა მათი ზომის სხვაობა და ის, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სხვადასხვა მახასიათებლის მქონე ეგზოპლანეტა.
"ეგზოპლანეტების ზოოპარკში" მარცხნიდან მარჯვნივ უფრო და უფრო ცხელი ობიექტებია განლაგებული. მათ შორისაა ყველაზე მხურვალე მყარი ეგზოპლანეტა 55 Cancri e, სიძველით გამორჩეული PSR-B1620-26b, რომელიც დაახლოებით 12.7 მილიარდი წლისაა, და WASP-12b, რომელსაც ვარსკვლავთან სიახლოვის გამო კვერცხის ფორმა აქვს.
მარტინი ამბობს, რომ ორივე ინფოგრაფიკული პოსტერის დასრულებას 6-7 თვე მოანდომა და მათზე ერთდროულად მუშაობდა. ციური სხეულების შესახებ მონაცემები მან საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზებიდან მოიპოვა, როგორიცაა The Extrasolar Planet Encyclopaedia, NASA Exoplanet Archive და ExoKyoto.
აირისგან შედგენილი გიგანტური ეგზოპლანეტების შეფერილობა უკვე არსებულ გამოსახულებებსა და სუდარსკის სკალას ეფუძნება, რომელიც ქიმიურ შედგენილობასა და ატმოსფერულ ტემპერატურას ითვალისწინებს.
ამ და სხვა ინფოგრაფიკების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს — halcyonmaps.com.
კომენტარები