აღმოაჩინეს მტაცებელი, რომელიც დინოზავრებამდე პერიოდში ცხოველებს შიშის ზარს სცემდა
პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს სალამანდრას მსგავსი მტაცებელი არსება, რომელიც ჭაობებში პერმულ პერიოდში ბინადრობდა. კერძოდ, დაახლოებით 280 მილიონი წლის წინ, ანუ დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე 40 მილიონი წლით ადრე.
ესაა Gaiasia jennyae, რომელსაც დიდი ზომის ეშვები ჰქონდა, მისი ბრტყელი თავი კი 60 სანტიმეტრი სიგრძის იყო. ამ სახეობის 4 წარმომადგენლის განამარხებულ ნაშთებს ნამიბიაში მდებარე გაი-ასის პრეისტორიულ ფორმაციაში მიაგნეს. მას სახელი თავად ადგილის მიხედვითა და მეცნიერ ჯენი კლარკის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ადრეულ ოთხფეხა ცხოველებს იკვლევდა.
"მისი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ეს რაღაც განსხვავებული იყო. ყველანი ძალიან აღელვებულები ვიყავით", — აცხადებს ბუენოს აირესის უნივერსიტეტში მომუშავე კლაუდია მარსიკანო.
Gaiasia jennyae ადამიანზე ბევრად დიდი იყო და ის, სავარაუდოდ, ჭაობებისა და ტბების ფსკერთან ახლოს არჩევდა ყოფნას. მას საკმაოდ მოზრდილი თავის ქალა ჰქონდა, რომელსაც დაბრტყელებული ფორმა გამოარჩევდა, რაც მსხვერპლის მოხელთებას აადვილებდა. ასევე, პირის წინა ნაწილი მთლიანად უზარმაზარ ეშვებს ეკავა.
სამაგიეროდ, ეს არსება ნელა მოძრაობდა, ამიტომ სხვა ცხოველებს უსაფრდებოდა, იმის ნაცვლად, რომ სწრაფად დასწეოდა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ახალი სახეობა შესაძლოა, უძველესი ნამარხების ერთმანეთთან დაკავშირებასა და იმის გარკვევაში დაგვეხმაროს, თუ რამდენად გავრცელებულები იყვნენ ადრეული ოთხფეხა ცხოველები სხვადასხვა რეგიონში. საინტერესოა, რომ 300 მილიონი წლის წინ ნამიბია უფრო სამხრეთით მდებარეობდა და ანტარქტიდასთან ახლოს იყო. შესაბამისად, არაა გამორიცხული, G. jennyae-ის მსგავსი სახეობებისთვის ხელსაყრელი ჭაობიანი არეალები ყინულის გასწვრივაც არსებულიყო.
ეს ნიშნავს, რომ სამხრეთში მიმდინარე პროცესები ეკვატორისას არ ჰგავდა. ამ ინფორმაციამ შესაძლოა, იმის გაგების შესაძლებლობა მოგვცეს, თუ როგორ აღმოჩნდა სხვადასხვა ცხოველი ერთი რეგიონიდან მეორეში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ G. jennyae-ში უფრო ადრეულ სახეობებთან კავშირი შემონახულია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მსგავსი ცხოველები თბილ კლიმატში ევოლუციას განიცდიდნენ. მისი ზომიდან გამომდინარე ასკვნიან, რომ ის მაშინდელ ეკოსისტემაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი უნდა ყოფილიყო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები