აღმოაჩინეს გენი, რომელიც ჭარბწონიანობასთან არის დაკავშირებული
კვება და ვარჯიში ჩვენს წონაზე აისახება, თუმცა შედეგები ყველა ადამიანზე ერთნაირად არ ვლინდება. ზოგიერთი ადამიანი წონის მატებისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე სხვები. შესაბამისად, მათთვის წონაში დაკლებაც უფრო რთულია.
და, აი, ახლა ჟურნალ Med-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კონკრეტული გენის მუტაცია წონის მატებასთანაა დაკავშირებული. საუბარია SMIM1 გენზე, რომელიც ჭარბწონიანობასთან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მოქმედების გამოა დაკავშირებული.
მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემები შეისწავლეს. ეს მოიცავდა ნახევარი მილიონი ადამიანის მონაცემს, მათ შორის ცხოვრების წესსა და ბიოლოგიურ ინფორმაციას.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ SMIM1-ის გენეტიკური მუტაციის მქონე ადამიანებს მაღალი ქოლესტერინი, ღვიძლის ფერმენტების დიდი რაოდენობა და სხვა ისეთი ნიშნები აღენიშნებოდათ, რომლებიც ჭარბ წონასთანაა დაკავშირებული.
ასევე აღმოჩნდა, რომ SMIM1-ის მუტაცია მეტაბოლიზმის რეგულირების უნარზე ცუდად მოქმედებს.
ეს ნიშნავს, რომ SMIM1 მუტაციის მქონე ადამიანები ჭარბწონიანობისკენ არიან მიდრეკილნი. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს კალორიების დაწვა უფრო უჭირთ, ვიდრე SMIM1-ის არ მქონე პირებს.
"ჭარბწონიანობის მიზეზები ძალიან კომპლექსურია და უმეტეს შემთხვევაში, მრავალი ფაქტორის ერთობლიობას მოიცავს. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულ გენეტიკურ ფაქტორს მივაკვლიეთ", — განუცხადა CNN-ს ექსეთერის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მატია ფრონტინმა.
მკვლევრების თქმით, კონკრეტული გენეტიკური ცვალებადობა იშვიათია (5 000 ადამიანიდან ერთი). ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ კონკრეტული გენი ვერ იქნება ჭარბწონიანობის მიზეზი.
"მთლიანობაში, ჭარბწონიანობის ძირითადი მიზეზი ცხოვრების სტილი, გარემო და ამ ყველაფერთან გენების ურთიერთქმედებაა", — თქვა ფრონტინმა.
მიუხედავად ამისა, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მკვლევრების თქმით, შეიძლება კიდევ ბევრი გენი იყოს ისეთი, რომელიც ჭარბწონიანობასთანაა დაკავშირებული.
კომენტარები