რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის მმართველობა და რას შეცვლის ის — ინტერვიუ ანა ჩუბინიძესთან
"ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ დიდი სოციალური ცვლილების დასაწყისია და ჩვენი სტარტაპიც ზუსტად ამ გზაჯვარედინზე მოძრაობს", — ანა ჩუბინიძე.
ხელოვნური ინტელექტი უამრავ სფეროში ხდება რევოლუციური ძვრების საფუძველი. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ბიზნესია. მეტიც, ეს ერთ-ერთი პირველი სფეროა, რომელიც საკუთარ პროცესებში AI-ის ინტეგრირების საჭიროებას ხედავდა და ხედავს. ამჟამად მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიები უკვე გასცდნენ AI-ის შესაძლებლობების მოსინჯვისა და დატესტვის ეტაპს. ისინი ამ ტექნოლოგიას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პროცესების ავტომატიზაციისთვის თუ სხვა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის იყენებენ.
ცოტა ხნის წინ ბაზარზე ახალი მიდგომა გამოჩნდა. მას მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა (Customer-centric AI Governance) ჰქვია. ის პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებელთა სპეციფიკურ საჭიროებებს და განსხვავდება სხვა მეთოდებისგან, რადგან ის ბიზნესს უყენებს მკაფიო და შესრულებად მოთხოვნებს. მომხმარებელთა უკუკავშირისა და პრეფერენციების AI სისტემებში ინტეგრაცია კი უფრო პერსონალიზებულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს ქმნის.
ამ საკითხს 28 ივნისს, DataFest Tbilisi-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გამართული ვორქშოპი დაეთმობა, რომელსაც AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ანა ჩუბინიძე გაუძღვება. ანა ხელოვნური ინტელექტის მმართველობის თემებზე მუშაობს და ასევე, არის Springer Nature-ის "ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის" ჟურნალის დამფუძნებელი სარედაქციო საბჭოს წევრი. NEXT.On.ge მას ვორქშოპამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა.
რას გულისხმობს მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა და რაში ეხმარება ის კომპანიებს?
მომხმარებელზე ორიენტირებული AI (Customer-centric AI) მიდგომა არის შესაძლებლობა ორგანიზაციებისთვის, რომ კარგად გაიგონ მომხმარებლების კონტექსტი, სიტუაცია და მოლოდინები, ასევე ცნონ მომხმარებლის ინტერესების დაცვის აუცილებლობა. AI ტექნოლოგიები განსაკუთრებით დამოკიდებულია კონტექსტზე, რადგან ის მუდმივად სწავლობს და ვითარდება კონკრეტული მონაცემებით კონკრეტულ სიტუაციაში. ამიტომ, ბიზნესისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლისა და პროდუქტის კონტექსტის გააზრება.
Customer-centric AI მიდგომა მოითხოვს, რომ მომხმარებელი იყოს ამოსავალი წერტილი ყველა გადაწყვეტილებისა პროდუქტის თუ ბიზნესის კუთხით, რასაც კომპანია საბოლოოდ მიჰყავს მომხმარებლის კმაყოფილებამდე და ლოილაურობამდე. ცხადია, კმაყოფილი მომხმარებელი ნიშნავს მეტ წარმატებას და მეტ შემოსავალს ბიზნესისთვის. კარგად გააზრებული მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკა AI-სთან დაკავშირებულ ეთიკურ გამოწვევებზე პასუხსაც უფრო ბუნებრივად აქცევს (ვიდრე სავალდებულო ტვირთად), რადგან მომხმარებლების კეთილდღეობა და მისი უფლებების პატივისცემა ამ მიდგომაში აუცილებელი ბიზნეს პარადიგმაა. ამ თემებზე რეგულარულად ვწერ ვრცლად ჩემს Substack ბლოგზე.
რა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით? რამდენად ახალია Customer-centric AI მიდგომა?
უშუალოდ Customer-centric AI საკმაოდ ახალი მიდგომაა, რომელიც არც თუ ისე ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს გაჟღერებული ეს ტერმინი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა კონცეპტები უფრო დაწინაურდა, ძირითადად, AI-სთან დაკავშირებული რისკების გამო. მაგალითად “პასუხისმგებლიანი AI” (Responsible AI), “სანდო AI” (Trustworthy AI) ან “ადამიანზე ორიენტირებული AI” (Human-centric AI). ამ ტერმინებს და ჩარჩოებს (frameworks) იყენებენ როგორც ბიზნესები, ასევე მთავრობები. მეც ამ ტერმინებით ვხელმძღვანელობდი ჩემს სამუშაოებში სანამ ამ გაზაფხულზე ერთი მნიშნვნელოვანი გაცნობიერება არ მეწვია და მაშინ დავიწყე Customer-centric AI-ს გარშემო მუშაობა, რომელმაც უკვე საკმაო ინტერესი გამოიწვია საწყის ეტაპზევე. ამერიკული კომპანიებისთვის ამ მიმართულებით რამდენიმე ვორქშოფი უკვე ჩავატარე და დანერგვის სერვისის შეთავაზებასაც სექტემბრიდან ვგეგმავთ.
რა არის Customer-centric AI-ის უპირატესობა და რატომ გადაწყვიტეთ, სხვა მიმართულებების შემდეგ სწორედ ამ კუთხით გემუშავათ?
არსებული სხვა მიდგომები (რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე) აბსტრაქტულია და თანაც არ ახდენს გამიჯვნას ბიზნესისა და მთავრობის ვალდებულებებს შორის. ისინი არარეალისტურ ვალდებულებებს აკისრებენ ბიზნესებს — რომ მაგალითად ბიზნესმა უნდა იზრუნოს, თავისი ტექნოლოგია მთელი კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს, რომ სოციალური უთანასწორობები აღმოფხვრას, რომ ზოგადად ადამიანის საჭიროებები კარგად გაიგოს და მოერგოს — ეს იდეალისტური მიზნები ბიზნესებს ხელს უშლის, რომ საერთოდ რაიმე ხელშესახები ნაბიჯი გადადგას AI მმართველობისკენ.
ამის პასუხია სწორედ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა რომელიც ბიზნესს ამოსავალ წერტილად მხოლოდ საკუთარ მომხმარებელს და მასზე ზრუნვას უსახავს. მეორე მხრივ, მთავრობებს ადგილს უტოვებს საკუთარი პასუხისმგებლობის გამიჯვნაში — რომ შექმნან სამართლებრივი ბაზა და დაიცვან თავისი მოქალაქეები — ანუ Human-centric AI მთავრობას უფრო მიემართება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიზნესს აბარია მომხმარებელი და ეკონომიკური ინტერესები, ხოლო მთავრობას მოქალაქე და სამართლებრივი ინტერესები. ეს მიდგომა, ფაქტობრივად, მე შემომაქვს საერთაშორისო ბაზარზე და აბსოლუტურად მჯერა, რომ ვერცერთი არსებული სხვა მიდგომა ვერ უპასუხებს AI-ს გარშემო არსებულ გამოწვევებს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ცნობიერების ამაღლებას ბიზნესებსა თუ პოლიტიკურ წრეებში.
ვიცით, რომ ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტის კუთხით გამოწვევების წინაშე ვართ. რამდენად გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს AI მმართველობა ქართული კომპანიებისთვის, რომლებსაც ქართულენოვანი მომხმარებელი ჰყავთ? (რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით?)
როგორც IT მმართველობაა აუცილებელი ნებისმიერი IT კომპანიისთვის, ასევა აუცილებელია AI მმართველობა, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული კომპანიებისთვისაც. ხელოვნური ინტელექტი სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, გვთავაზობს უპრეცედენტოდ დიდ სარგებელს და ამასთანავე, ახასიათებს უპრეცედენტოდ დიდი რისკები. შესაბამისად, არსებული მმართველობის მოდელები საკმარისი არ არის AI-ის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა, ქართველი მომხმარებლები უკვე ძალიან მომთხოვნები და ცნობიერება ამაღლებულები არიან ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ძირითადად გლობალური ბაზრის წყალობით. ამიტომ მათი მოლოდინების და მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველა საქართველოში მოქმედი კომპანიის ინტერესებში შედის. ქართულენოვანი ტექნოლოგიების განვითარება ლოკალურ ინოვატორებზეა დამოკიდებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მოწყვეტილი იქნებიან გლობალურ რეალობას AI-ის გარშემო, რომლის ირგვლივაც უამრავი ცვლილება ხდება.
ამ ბოლო 5 წელში მთლიანი ეკოსისტემა იქმნება თითქმის ცარიელი ფურცლიდან, დაწყებული რეგულაციებით და სტანდარტებით, გაგრძელებული ახალი ინსტიტუციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კომუნების ჩამოყალიბებით. ტექნოლოგიებს ტერიტორიული საზღვრები აღარ აქვთ და საქართველოც ყველანაირად უნდა აყვეს (და სასურველია გაუსწროს კიდეც) ამ ფერხულს. ჩვენც უნდა დავიცვათ მსოფლიოში დამკვიდრებული სტანდარტები, ჩვენც უნდა შევთავაზოთ ბაზარს ახალი ინოვაცია (თუნდაც, რეგულაციებისა და სტანდარტების კუთხით) და ჩვენც უნდა ჩავერთოთ საერთაშორისო დიალოგში, რომელიც ახლა გაჩაღებულია მოწინავე ქვეყნებში.
მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ AI სფეროში. როგორ და რა საჭიროებების გათვალისწინებით შექმენით AdalanAI და როგორია თქვენი (და თქვენი კომპანიის) მიღწევები ამ სფეროში?
AdalanAI დაფუძნდა ახალი რევოლუციური ტექნოლოგიის, AI-ის შთაგონებით, რომ გახადოს ეს ტექნოლოგიები მაქსიმალურად სარგებლიანი ადამიანებისთვის. რადგანაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან მძლავრია და შეუძლია უპრეცედენტოდ დიდი სარგებლის შექმნა, ასევე მძლავრია მისი რისკების მხარეც. ჩვენი მთავარი მიზანია ორივე მხარეზე მუდმივად გვეჭიროს თვალი და მაქსიმალურად დავაბალანსოთ ისინი. ბოლო ორი წლის მანძილზე სტარტაპი დაფუძნებულია გერმანიაში, თუმცა აგრეთვე სერვისებს აწვდის წამყვან AI კომპანიებს როგორც ამერიკაში, ისე ჩინეთშიც. ჩინეთი ამერიკის შემდეგ მთავარი AI მოთამაშეა, სამწუხაროდ ევროპა ტექნოლოგიურ ტენდენციებს საკმაოდ ჩამორჩა.
ამჟამად საგანმანათლებლო სერვისებს (ვორქშოპებს, კურსებს) და საკონსულტაციო მომსახურებას ვთავაზობთ კომპანიებს და ამავდროულად, ვმუშაობთ software-ის განვითარებაზე რომელიც კომპანიებს დაეხმარება AI მმართველობის ტექნოლოგიურად დანერგვაში.
Software-ის განვითარება შედარებით ნელა და ეტაპობრივად მიგვყავს. მე პირადად ამ სფეროს სულ დასაწყისიდან შემოვუერთდი, 5-6 წლის წინ (გაეროს პროექტით), როცა AI-ს მმართველობაზე მხოლოდ გაერო და რამდენიმე სხვა დიდი ორგანიზაცია საუბრობდნენ. მას შემდეგ მსოფლიოს ნახევარზე მეტმა მთავრობამ AI პოლიტიკის დოკუმენტი შექმნა და გამოაქვეყნა, კვლევით ორგანიზაციებმა ასობით მმართველობის მოდელები და guidance-ები შექმნეს, ევროკავშირმა რეგულაცია სულ ახლახან მიიღო, ასევე ჩამოყალიბდა დიდ კომპანიათა კონსორციუმები AI-ს რისკების სამართავად, შეიქმნა ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ამავე მიზნით და კიდევ უამრავი რამ. ასეთი ძვრები არც ერთ ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ რევოლუციას არ გამოუწვევია აქამდე. ამიტომ ვამბობ სულ, რომ ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ დიდი სოციალური ცვლილების დასაწყისია და ჩვენი სტარტაპიც ზუსტად ამ გზაჯვარედინზე მოძრაობს.
როგორ ხედავთ მომავალს? როგორ იქნება AI ჩართული ბიზნესების თუ ორგანიზაციების საქმიანობაში და რისი შეცვლის პოტენციალი აქვს ამ ტექნოლოგიას? რატომ უნდა ვფიქრობდეთ AI-ის დანერგვაზე დღესვე?
AI იქნება ყველგან როგორც ახლა ინტერნეტი ან ზოგადად software. AI უკვე ცვლის ფინანსურ, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და კიდევ მრავალ ინდუსტრიას. თუმცა მგონია, რომ შეუძლებელია ახლა ზუსტად წარმოვიდგინოთ როგორ ცვლილებებს მოიტანს ეს ტექნოლოგია. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს ცლილებებები არაფრის მსგავსი არ იქნება, ეს იქნება ძალიან სწრაფი, თავბრუდამხვევი და გამოწვევებით სავსე ტექნოლოგიურ-სოციალური გარდასახვის ათწლეულები, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ. ხელოვნურმა ინტელექტმა წინ წამოწია ისეთი ფილოსოფიურ-სოციალური და "ზოგადსაკაცობრიო" თემები, რაზეც აქამდე ამდენი არ გვიფქრია, როგორც საზოგადოებას. მაგალითად, მიკერძოებულობის და სამართლიანობის საკითხები, უთანასწორობა, დასაქმება, კრეატიულობის როლი და ა.შ. მოდის არა მხოლოდ კომპიუტერული ინჟინრების, არამედ ფილოსოფოსების და სოციალური მეცნიერების მუშაკების დრო.
იმასაც ვიტყოდი, რომ ამჟამად AI-ს დანერგვა ყველა ბიზნეს გამოწვევის პასუხი არ არის — ის განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და გლობალურ ბაზარზე ისევ ეძებს დამკვიდრების გზებს. კომპანიებმა AI-ის დანერგვის გადაწყვეტილება დეტალური შეფასების შედეგად უნდა მიიღონ ბიზნესის ზომის, მიზნებისა და გამოწვევების მიხედვით. ჩემი გამოცდილებით, ხშირად ორგანიზაციული და მმართველობითი ცვლილებები უფრო ესაჭირობათ კომპანიებს ვიდრე დამატებითი ტექნოლოგიური გადაწყვეტა.
ახლა უკვე ძალიან ბევრი საუბრობს AI-ს უდიდეს საფრთხეებზე, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში. საფრთხე რომ AI-მ შეიძლება ადამიანთა ცივილიზაცია გაანადგუროს საკმაო სერიოზულობით განიხილება და ორგანიზაციებიც არსებობს სპეციალურად ამ საფრთხესთან დასაპირისპირებლად. თუმცა, მე პირადად, ამ ჯერზე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი — მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გამოვიყენებთ ამ ტექნოლოგიას და სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, AI მმართველობა იყოს რაც შეიძლება ჭკვიანური და ეფექტური.
ვორქშოპი ჩატარდება 28 ივნისს, 4-დან 7 საათამდე, ჰიბრიდულ რეჟიმში (Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და 4B-ის შენობაში: ალ. ყაზბეგის 15-ში). ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა. რაც შეეხება DataFest Tbilisi-ს, ის 19-21 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება.
კომენტარები