Roscosmos-ის კოსმონავტი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კოსმოსში 1000 დღე გაატარა
Roscosmos-ის კოსმონავტმა ოლეგ კონონენკომ კოსმოსში გატარებული დროის რეკორდი პირველად ჯერ კიდევ თებერვალში დაამყარა. მაშინ მან გენადი პადალკას შედეგს, 878 დღეს, 11 საათს, 29 წუთსა და 48 წამს, გადააჭარბა. მან ამას 1998 და 2015 წლებს შორის პერიოდში მიაღწია.
ახლა წარმოშობით თურქმენმა კონონენკომ უკვე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწის მიღმა 1000 დღე დაყო. რა თქმა უნდა, მას ეს ერთი მისიის განმავლობაში არ მოუხერხებია, არამედ ხუთი შედარებით ხანგრძლივი მისიისას, რომლებშიც 2008 წლიდან იღებდა მონაწილეობას.
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს კოსმონავტი ახლაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებულ მოძრავ ლაბორატორიაში იმყოფება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის ხმელეთზე 23 სექტემბერს დაბრუნდება. ამ დროისთვის მისი რეკორდი უკვე 1100 დღე ექნება, რაც დაახლოებით 3 წელია.
"იმის გაცნობიერება, რომ რაიმე ახალსა და მნიშვნელოვანს მიაღწიე, კონკრეტულ ეტაპამდე მიხვედი და რაღაც უცნობს შეეხე, თავდაჯერებას გმატებს. ასევე, სიამაყეს, რომ ასეთი რამ შეძელი", — განაცხადა კოსმონავტმა.
ჩვეულებრივ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის წევრების მისიები 6 თვეს გრძელდება, ამიტომ ასტრონავტების უმეტესობას კონონენკოს მსგავსი შედეგები არ აქვს. მაგალითად, NASA-ს ასტრონავტებში კოსმოსში ყველაზე მეტი დრო პეგი უიტსონმა გაატარა, კერძოდ 665 დღე.
რაც შეეხება დედამიწის მიღმა უწყვეტად ყოფნის ხანგრძლივობას, ეს რეკორდი ვალერი პოლიაკოვს ეკუთვნის, რომლის მისიაც 14 თვეზე მეტხანს, 437 დღესა და 18 საათს, გაგრძელდა. ამერიკელებში პირველობას 371 დღით ფრენკ რუბიო ინარჩუნებს.
უნდა ითქვას, რომ დედამიწისგან განსხვავებულ გრავიტაციულ პირობებში ყოფნა ადამიანზე ფიზიკურად ზემოქმედებს, მაგალითად, იცვლება სხეულში სითხის გადანაწილება და ძვლების სიმკვრივე, იკარგება კუნთის მასაც.
კოსმოსური ფრენების შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ასტრონავტების ორგანიზმს რამდენიმე წელი სჭირდება. თუნდაც ძალების აღდგენის შემდეგ არსებობს ჯანმრთელობის გარკვეული რისკებიც, როგორიცაა ძვლების დაზიანება, ერექციული დისფუნქცია, სიმსივნის განვითარების საშიშროება და ა.შ.
სწორედ ამიტომ, მსგავსი მიღწევები სერიოზული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური გამძლეობის შედეგია.
კომენტარები