რატომ ჭამენ ცხოველები თავიანთ ნაშიერებს?
ალბათ, ბევრ თქვენგანს გაუგია, საყვარელი არსებების დანახვაზე როგორ ამბობენ "ჩასაყლაპიაო", მაგრამ ცხოველთა სამყაროში ეს სიტყვა პირდაპირ მნიშვნელობას იძენს. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ სახეობაში ე.წ. შთამომავლობითი კანიბალიზმია გავრცელებული, ანუ ისინი თავიანთ ნაშიერებს ჭამენ.
მაინც რატომ ხდება ასე? ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
მაგალითად განვიხილოთ ევრაზიული ზაზუნები, რომლებიც, ერთი შეხედვით, უწყინრები ჩანან, მაგრამ საკუთარ შვილებს ისინიც ჭამენ. ეს ცხოველები ევროპის დასავლეთ ნაწილში გვხვდებიან და მათი დიეტა ძირითადად სიმინდს მოიცავს, რის გამოც საჭირო ნივთიერების სერიოზული ნაკლებობა აქვთ.
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მდედრებში, რომლებიც სიმინდით იკვებებოდნენ, ნაშიერების დახოცვისა და კანიბალიზმის მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ისინი მათ ჩვეულებრივი საკვების მარაგთან ერთად ინახავდნენ კიდეც. სპეციალისტთა დასკვნით, ეს ვიტამინ B3-ის დეფიციტით იყო გამოწვეული.
მსგავსი პრობლემა ადამიანებში დაავადება პელაგრას ედება საფუძვლად, რაც ნაწილობრივ ნერვული სისტემის დაზიანებითა და ქცევის ცვლილებით გამოიხატება. დაახლოებით იგივე რამ ხდება ზაზუნებშიც, რომლებშიც ვიტამინის დანამატის მიღება შთამომავლობითი კანიბალიზმის რისკს ამცირებს.
საინტერესოა ძაღლისნაირთა კატეგორიაში შემავალი მამრი თევზებიც, რომლებიც იმ კვერცხებს ჭამენ, რომლებიდანაც ლიფსიტები უნდა განვითარდნენ. სპეციალისტებმა Rhabdoblennius nitidus-ის სახეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ როდესაც კვერცხებს მამრები იცავენ, მათ ორგანიზმში რეპროდუქციაში მონაწილე ჰორმონები, ანდროგენები, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩადის. ეს ამ ინდივიდებს მდედრებთან დაახლოებაში უშლის ხელს და შედეგად შთამომავლების ახალი პოპულაციაც ვეღარ ფორმირდება, რაც ევოლუციური თვალსაზრისით უარყოფითი მოვლენაა.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ისინი ლიფსიტების გამოჩეკას ყოველთვის არ ელოდებიან, არამედ კვერცხებს ჭამენ ან ბუდიდან გარეთ ფანტავენ იმისათვის, რომ თავიდან მოიშორონ. ამის შემდეგ მათში ანდროგენის დონე იმატებს და მდედრთან შესაწყვილებლად უკვე მზად არიან, რათა უფრო ბევრი ნაშიერის მისაღებად გაანაყოფიერონ.
განვიხილოთ კიდევ ერთი შემთხვევაც:
2014 წელს სმითსონის ზოოლოგიურ პარკში მომუშავე პერსონალს მოუწია, რომ იქ მობინადრე ტუჩა დათვის ბელი დედისგან განერიდებინათ, რადგან მან ორი ნაშიერი შეჭამა. მიზეზი ისაა, რომ მას ეგონა, ისინი ვერ გადარჩებოდნენ.
დათვის პირველი ბელი მკვდარი დაიბადა. როდესაც ის სპეციალისტებმა შეამოწმეს, მას ინფექცია და სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი დონე აღენიშნებოდა. უცნობია, იგივე პრობლემა ჰქონდა თუ არა სხვა ორ ბელს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დედამ ისინი სწორედ ამიტომ შეჭამა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ველურ გარემოში ცხოველებს მაკედ ყოფნა და მშობლობა ძვირად უჯდებათ. იქ რესურსების სიმწირეა, ამიტომ იმ ნაშიერების შეჭმა, რომელთაც ისედაც სიკვდილი ელით, "ტყუილი დანაკარგის" თავიდან აცილების გზაა. სხვა მხრივ, ტუჩა დათვები შვილებს მუდმივად უფრთხილდებიან და მტაცებლებისგანაც იცავენ.
კომენტარები