ადამიანის ქსოვილებისგან დამზადებული მინი-ტვინებით "ცოცხალი კომპიუტერი" შექმნეს
შვეიცარიაში დაფუძნებული სტარტაპი FinalSpark აცხადებს, რომ შექმნა უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული. კომპანიაში ამ ქსოვილებს მინი-ტვინებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ "ცოცხალ კომპიუტერს" სილიკონის ველზე გამოთვლებისთვის იყენებენ.
ასევე: ლაბორატორიაში ადამიანის "მინი-ტვინებს" კომპიუტერული თამაში ასწავლეს — ვიდეო
და, აი, ახლა მკვლევრებს მასზე დისტანციური წვდომა ექნებათ. ამ მოწყობილობით ცდების ჩატარება შეეძლებათ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც როგორც წესი, დიდ რესურსებს მოითხოვს.
"ბიოლოგიური გამოთვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ნეირონებს ინფორმაციის დასამუშავებლად გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდებათ, ვიდრე კლასიკურ კომპიუტერებს. ნეირონები ამისთვის საშუალოდ მილიონჯერ ნაკლებ ენერგიას იყენებენ", — წერს FinalSpark-ის მეცნიერი და სტრატეგიული მრჩეველი, ეველინა კურტისი.
როგორ მუშაობს სტარტაპი
სტარტაპი ტვინის ორგანოიდებს, ადამიანის ტვინის ქსოვილის მცირე ნიმუშებს იყენებს, რომლებიც ნერვული ღეროვანი უჯრედებიდან მიიღება. მკვლევრები ამ ორგანოიდებს სპეციალურ გარემოში ათავსებენ, რომელშიც ისინი ცოცხლობენ. ამის შემდეგ, ორგანოიდებს სპეციალიზებულ ელექტროდებთან აკავშირებენ. სწორედ ასე ხდება ინფორმაციის დამუშავება და გამოთვლები.
ცოცხალი კომპიუტერების კონცეფცია უკვე დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, გასულ წელს მეცნიერებმა ნეირონები ელექტრულ სქემებთან დააკავშირეს, რის შედეგადაც შეიქმნა მოწყობილობა, რომელსაც ხმის ამოცნობა შეეძლო.
ამ უჩვეულო მოწყობილობებს რამდენიმე საყურადღებო უპირატესობა აქვს. კლასიკური კომპიუტერებისგან განსხვავებით, ასეთი გამომთვლელი მექანიზმი ნახშირბადის მხრივაც ნაკლებ კვალს ტოვებს.
"ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არის ნეირონების გამოთვლებისთვის გამოყენება უპირატესი. გამოთვლების შესაძლებლობების გაუმჯობესების გარდა, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ სათბურის ემისიებიც", — თქვა კურტისმა.
FinalSpark-ში იმედი აქვთ, რომ ტექნოლოგიას კიდევ უფრო დახვეწენ და ამ მიმართულებით მეტ დაფინანსებასაც მოიპოვებენ. მათი თქმით, მომავალი ბიოლოგიური და ციფრული გამოთვლების სინთეზშია.
კომენტარები