ზოგიერთი შავი ხვრელი პლაზმის ნაკადებს სხვადასხვა მიმართულებით ტყორცნის — კვლევა
ბოლო წლებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი შავი ხვრელის მიერ გამოტყორცნილი პლაზმის ნაკადები მიმართულებას იცვლის. ახალი კვლევის თანახმად, ეს საკმაოდ მცირე დროში შეიძლება მოხდეს.
რა თქმა უნდა, ამგვარი მატერია უშუალოდ შავი ხვრელებიდან არ გამოიყოფა, რადგან მათ გრავიტაციას სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. ის გარემომცველ სივრცეში მაშინ თავისუფლდება, როცა ამ ობიექტებში ჩამდინარე მაგნიტურ ველს პოლუსებისკენ მიუყვება და იქიდან კოსმოსში მაღალი ენერგიით იფრქვევა. მსგავსი ნაკადები ვარსკვლავების წარმოქმნაზეც ზემოქმედებს, ამიტომ ასტრონომები მათ აქტიურად შეისწავლიან.
მეცნიერებმა 16 გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელები ორი ობსერვატორიით გამოიკვლიეს: Very Long Baseline Array (VLBA)-ითა და Chandra-თი. მოპოვებული რადიოტალღური მონაცემების წყალობით მათ ერთმანეთს ნაკადების ამჟამინდელი და ადრინდელი ტრაექტორიები შეადარეს, რომელთაც შავი ხვრელების გარშემო არსებულ ცხელ აირში ჰქონდა კვალი დატოვებული.
აღმოჩნდა, რომ ამ მატერიის დაახლოებით მესამედს ახლა აბსოლუტურად სხვა მიმართულება აქვს. კერძოდ, მათი განლაგება 45°-მდეა შეცვლილი, რაც 10 მილიონი წლის ან უფრო ნაკლები დროის განმავლობაში მოხდა. ვარაუდობენ, რომ მსგავსი ფენომენი ზემასიურ შავ ხვრელებში გავრცელებული უნდა იყოს.
ზოგ შემთხვევაში ნაკადის მიმართულების თითქმის 90°-იანი გადანაცვლებაც დაფიქსირდა, ასეთი ცვლილების ყველაზე მცირე პერიოდი კი 1 მილიონი წელი იყო. ადამიანებისთვის ეს დიდი დროა, მაგრამ კოსმოსური პროცესებისთვის საკმაოდ ხანმოკლე პერიოდად მიიჩნევა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოხსენებული შავი ხვრელების ასაკი, სავარაუდოდ, 10 მილიარდ წელს აღემატება.
მათ მიერ გატყორცნილი ასეთი მატერია აირის ერთ ადგილას დაგროვებასა და ამ გზით ვარსკვლავების ფორმირებას უშლის ხელს. შესაბამისად, მათ ტრაექტორიას ახლომდებარე გალაქტიკებში მნათობების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ჯერჯერობით უცნობია, ზემოქმედებს თუ არა ეს უკვე არსებულ ვარსკვლავებსა და პლანეტებზე ან რა იწვევს ნაკადების მიმართულების ცვლილებას. არ გამორიცხავენ, რომ ამას შავ ხვრელებში სხვადასხვა კუთხიდან დიდი ხნის განმავლობაში ჩამდინარე მატერიის მიერ მათი ბრუნვის ღერძის ცვლილება განაპირობებდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები