მოკლედ: თეირანში, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისთვის პატივის მისაგებად 50 ქვეყნიდან 68 მაღალჩინოსანი ჩავიდა.

  • მათ შორის იყო საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
  • ირანის დედაქალაქში, რადიო თავისუფლების ირანის ბიუროს ინფორმაციით, დასავლელი ლიდერები არ ჩასულან.
  • თეირანში დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო რუსეთის დელეგაცია.

დეტალები: ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA წერს, რომ ცერემონია საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში შედგა, უცხოელი სტუმრებიც სწორედ იქ მივიდნენ.

  • კობახიძისა და დარჩიაშვილის გარდა, ცერემონიალზე დასასწრებად თეირანში ჩავიდნენ რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყატარის, თურქმენეთის, ტუნისის, ტაჯიკეთის, ერაყის, ავღანეთის, პაკისტანის, სირიის, ლიბანის, ალჟირის, ყაზახეთის, ეთიოპიის, მალის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები.

როგორც თურქული ანადოლუ წერს, დამსწრეებს შორის იყო ჰამასის ლიდერიც, ისმაილ ჰანიე, რომელმაც, დაკრძალვის ცერემონიალის პარალელურად, ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან შეხვედრა გამართა.

ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი, ისმაილ ჰანიე და აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი, ისმაილ ჰანიე და აიათოლა ალი ხამენეი

ფოტო: AFP

ბოლო ხაზი: ირანის პრეზიდენტი რაისი და მისი თანმხლები პირები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლჰიანი, აზერბაიჯანის საზღვარზე გამართული ღონისძიებიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა.