წითელი სატვირთოები, ბრჭყვიალა განათებები, საახალწლო მუსიკა და სანტა-კლაუსი — კოკა-კოლას ქარავანი უკვე 28 წელია, საქართველოში ახალი წლის მოსვლას მოასწავებს. ქუჩებში მის გამოჩენას ყოველ დეკემბერს ბავშვებიც და დიდებიც განსაკუთრებულად ელიან. "მოსიარულე ბედნიერებას" ზოგი გზაზე ხვდება, ზოგიც ფანჯრიდან უცქერის, თუმცა ღიმილი და ემოცია საზიაროა.

ევროპის ქვეყნებში ეს ტრადიცია 1990-იან წლებში დაიწყო და საქართველოშიც მალევე შემოვიდა. პირველი ქარავანი ქართველმა ხალხმა 1997 წელს იხილა. ამ პერიოდში საახალწლო ქარავნის ტრადიცია ბევრად მოკრძალებული და განსახორციელებლად რთული იყო — რაც მთავარია, ხალხისათვის მეტად უჩვეულოც.

1997 წელი, გაუმართავი მანქანა და ჩაბნელებული ქვეყანა

კოკა-კოლას ქარავნის ისტორია საქართველოში 1997 წელს დაიწყო — ჩვენი ქვეყანა პირველი სახელმწიფო გახდა ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს შორის, სადაც ეს ტრადიცია გამოჩნდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სიბნელე, სიცივე და მძიმე სოციალური ფონი იდგა. ბევრი ადამიანისთვის ღიმილიც კი რთული იყო, ახალი წლის მოლოდინზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პირველი ქარავანი დღევანდლისგან სრულიად განსხვავებული იყო: ძველი, ტექნიკურად გაუმართავი მანქანით დაიწყეს, რომელსაც თავზე დიდი დინამიკი ედგა მუსიკისთვის. მუსიკის მოპოვება ადვილად შეძლეს, ჩართეს და მოღუშული ხალხის გაღიმების მისიით თბილისის შემოვლა გადაწყვიტეს.

გაკვირვებიდან ღიმილამდე

შეიძლება ითქვას, მისია შეასრულეს.

ქუჩებში გამოსული ადამიანები თავიდან გაოცებულნი უცქერდნენ უცნაურად განათებულ მანქანას. ბევრს არ ესმოდა, რა ხდებოდა, თუმცა ეს გაკვირვება მალევე ღიმილად იქცა. ადამიანებში დადებითი ემოციის გამოწვევა მარტივი საქმე არ ყოფილა — არც 1997 წელს და არც დღეს.

როცა პირველი ქარავანი დაიძრა, იმ საღამოს ტექნიკა გრანდიოზული არ ყოფილა; არც მარშრუტი ან სხვა დეტალები დაუგეგმავთ ისე ზედმიწევნით, როგორც ახლა ხდება ხოლმე. იყო ბევრი სპონტანურობა და იყო მთავარი — სურვილი იმისა, რომ ადამიანებისთვის რაღაც ნათელი, პოზიტიური და ღიმილისმომგვრელი ეჩუქებინათ.

ქარავანი თავის "ეკიპაჟთან" ერთად გასასვლელად ემზადება / 2025 წელი

ფოტო: On.ge

გამოუვიდათ და არცაა გასაკვირი, რომ დროთა განმავლობაში ტრადიციამ დიდ-პატარის გულებში ნათელი ადგილი დაიმკვიდრა. ქარავანი საქართველოში უკვე 28 წელს ითვლის.

"ქარავანი მოდის!" — გზა 1997-იდან დღემდე

პირველი ქარავნის შემდეგ კოკა-კოლას საახალწლო მსვლელობა ნელ-ნელა გაფართოვდა და ისევე გაიზარდა, როგორც მისი თანმხლები ადამიანური ემოცია. ქარავანი ყოველ წელს უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა; მისი არსი იგივე დარჩა, რაც თავიდან იყო, თუმცა ჩანაფიქრი ქვეყნის განწყობას მაინც ერგებოდა.

2000-იანი წლებიდან ქარავნის გზა დაგრძელდა — იგი თბილისის ქუჩებს გასცდა. საახალწლო მსვლელობა ეტაპობრივად, 2010-იანი წლებიდან, რეგიონებშიც გადავიდა. წითელმა სატვირთოებმა, განათებებმა და მუსიკამ მთელი საქართველო მოიცვა.

საახალწლო ქარავანი თავისუფლების მოედანზე

საახალწლო ქარავანი თავისუფლების მოედანზე

ფოტო: კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია

2025 წლის ქარავანს მრავალფეროვანი მარშრუტი აქვს — იგი 19 დეკემბერს დაიძრა მცხეთიდან, სოფელ ნატახტრიდან, კოკა-კოლას ქარხნიდან; თბილისის ქუჩებში იგი ოთხი დღე დადიოდა, 30 დეკემბრის ჩათვლით კი სხვა ქალაქებისა და რეგიონებისკენ გადაინაცვლა. ქარავანი იხილეს, მათ შორის: რუსთავში, ბოლნისში, გორში, ხაშურში, თელავში, ქუთაისში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.

ქარავნის ტრადიცია გაერთიანებული სამეფოდან წამოვიდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში დანერგვისას მაინც ქართულ საჭიროებებს ერგებოდა და თანაუგრძნობდა კიდეც ხალხს.

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

ქარავანი ქვეყნის საახალწლო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, ხოლო თაობები, რომლებმაც ქარავანი პირველად ბავშვობაში იხილეს, დღეს მას შვილებთან ერთად ხვდებიან.

2025 წელს, პირველი გასვლიდან 28 წლის შემდეგ, კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი კვლავ მიუყვება გზას — უფრო მრავალფეროვანი, ენერგიული და მასშტაბური, მაგრამ იმავე მისიითა და ღირებულებებით.

საახალწლო ქარავნის "ეკიპაჟი", 2025 წლის დეკემბერი

ფოტო: On.ge

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია და ქარავანი იმედიანი განწყობით ულოცავს მთელს საქართველოს ახალ წელს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დავეხმაროთ სხვებს, გავაღიმოთ ადამიანები და გავხდეთ სხვისი სიხარულის მიზეზი — გავხდეთ სანტები.

სწორედ ამ ღირებულებებზე დგას კოკა-კოლას ქარავნის ისტორია საქართველოში — ამბავი, რომელიც სიბნელეში დაიწყო და უკვე 28 წელია ანათებს ხალხის სახეებს.