აი, რა გადაიღო NASA-ს ზონდმა მთვარის ორბიტაზე სინამდვილეში
თუ გგონიათ, რომ ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტია, ცდებით.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მთვარის ორბიტაზე გაშვებულმა ზონდმა Lunar Reconnaissance Orbiter (LRO) იქ მოძრავი სხვა აპარატი გადაიღო. ინტერნეტსივრცეში ზოგმა ადამიანმა ეს ამოუცნობ მფრინავ ობიექტსა თუ არამიწიერ მეგასტრუქტურას მიამსგავსა, მაგრამ, რა თქმა, უნდა ისინი ცდებიან.
სინამდვილეში, Reconnaissance-მა დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე განლაგებული სამხრეთკორეული აპარატი დააფიქსირა, რომელიც Danuri-ს სახელითაა ცნობილი.
იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ზონდი მთვარის გარშემო გადაადგილდება, მსგავსი დამთხვევები მოულოდნელი სულაც არაა. მათი ტრაექტორია თითქმის ერთმანეთის პარალელურია, ამიტომ NASA-ს გუნდმა შესაძლებლობა გამოიყენა და Danuri-ს რამდენიმე ფოტო გადაუღო. ეს 5-6 მარტს მოხდა.
Reconnaissance-ს საკმაოდ ხანმოკლე დაყოვნების კამერა აქვს, კერძოდ 0.338 მილიწამის. შესაბამისად, Danuri-ს კადრებზე აღბეჭდვა მარტივი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ზონდმა ეს მაინც შეძლო და დააფიქსირა სამხრეთ კორეის პირველი აპარატი, რომელიც მთვარის ორბიტაზე განთავსდა (2022 წლის დეკემბერში).
მაგრამ რატომაა სურათებზე ეს ზონდი წაგრძელებული?
საქმე ისაა, რომ ორივე აპარატი მთვარის ორბიტაზე საკმაოდ სწრაფად გადაადგილდება. უფრო კონკრეტულად, ერთმანეთის მიმართ მათი სიჩქარე დაახლოებით 11 500 კმ/სთ არის, ამიტომ Danuri-ის გამოსახულება დამახინჯებულია.
ის 10-ჯერ უფრო გაწელილი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია, სწორედ ამიტომ ჰგავს ერთი შეხედვით "ამოუცნობ ობიექტს". რეალურად, მისი ცენტრალური ნაწილი კვადრატული ფორმისაა, რომლის ორ გვერდზეც მზის პანელებია დამონტაჟებული.
კომენტარები