Student Hunt — პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს ფასდაკლებებს სთავაზობს
"ბრენდებს Gen Z-სთან კომუნიკაცია იმაზე 4-ჯერ ძვირი უჯდებათ, ვიდრე სხვა სამიზნე აუდიტორიასთან" — როგორ ჭრის ამ პრობლემას Student Hunt
ქართველ სტუდენტებს, გარდა სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებისა, ფინანსური გამოწვევებიც ხშირად აქვთ, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად დასაქმება ხშირად არც ისე მარტივია. მეორე მხრივ, თაობა Z-ის წარმომადგენლებს სხვა თაობებისგან განსხვავებული სამომხმარებლო ჩვევები აქვთ, ამიტომ კომპანიებსაც უჭირთ, ისინი თავიანთი პროდუქტით დააინტერესონ.
ამის ფონზე პლატფორმა Student Hunt შეიქმნა, რომელიც ფასდაკლებებითა და სხვადასხვა შეთავაზებით სტუდენტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ პლატფორმაზე, მისი შექმნის გზაზე, გეგმებსა თუ სამომავლო მიზნებზე სანდრო კანდელაკი, მისი თანადამფუძნებელი, მოგვიყვება.
აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდზე ამ ბმულიდანაა შესაძლებელი, აიფონზე კი — აქედან.
რამ გადაგაწყვეტინათ Student Hunt-ის შექმნა?
Gen Z დღევანდელი სტუდენტებს უდიდესი ნაწილია. მოცემული ჯგუფი განსაკუთრებით მეგობრობს გაჯეტებთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან. საშუალო Screen time [ეკრანის დრო] დღე-ღამეში ოთხ საათზე მეტი აქვთ, თუმცა, ამის მიუხედავად, ბრენდებს მათთან კომუნიკაცია იმაზე 4-ჯერ ძვირი უჯდებათ, ვიდრე სხვა სამიზნე აუდიტორიასთან.
სიტუაცია განპირობებულია იმით, რომ ციფრულ სივრცეში ყოველდღიურად ათასობით შეთავაზება გვხვდება, ხოლო კომუნიკაციის ისეთი ფორმის შერჩევა, როგორიც კომპანიას სხვა შეთავაზებებისგან გამოარჩევს, ძალიან რთულია.
Student Hunt-ის შექმნის იდეა სწორედ Gen Z-სთან მუშაობის რთულმა გამოცდილებამ გააჩინა. ამის მოგვარების გზების ძიების დროს გამოიკვეთა, რომ სტუდენტებს სჭირდებათ ფინანსების ეფექტური განაწილება, მაგრამ მათთვის სასურველ და საინტერესო პროდუქტზე. სტუდენტჰანთის შექმნის თავდაპირველი იდეა სწორედ ეს იყო — შექმნილიყო სივრცე, რომელიც, ერთი მხრივ, სტუდენტებს ფინანსების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემდა მათთვის სასურველ ბრენდებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ბრენდებს გაუმარტივდება მათთვის ძალიან სასურველ სამომხმარებლო სეგმენტთან, Gen Z-სთან, კომუნიკაციას.
როგორ მუშაობს და რას ემსახურება თქვენი აპლიკაცია? რა სარგებელი მოაქვს?
სტუდენტჰანთი არის ფასდაკლებებისა და შეთავაზებების აპლიკაცია, რომელშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათთვის საყვარელი ბრენდების პროდუქტები ექსკლუზიური ფასდაკლებით ან შეთავაზებით.
აპლიკაციაში რეგისტრაცია და შეთავაზებით სარგებლობა როგორც სტუდენტისთვის, ასევე კომპანიისთვის სრულიად უფასოა. აპში ამ ეტაპზე 12 კატეგორიის პროდუქტია განთავსებული და სტუდენტების საჭიროებებს სრულად ფარავს.
იმისთვის, რომ კომპანიამ ჩვენს აპში შეთავაზება დაამატოს, საკმარისია ერთი ფაქტორის გათვალისწინება: კომპანია სტუდენტებისთვის საინტერესო და სასურველ პროდუქტს/მომსახურებას უნდა ქმნიდეს. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ დამატებული კომპანია უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი და ზრუნავდეს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
თქვენს გუნდსა და მისი წევრების წვლილზე ხომ ვერ მომიყვებოდით?
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გუნდში ძალიან გაგვიმართლა, რადგან თითოეულ წევრს ბოლომდე სჯერა იმ იდეის, რომლის გარშემოც აპლიკაცია იქმნება.
აპის პირველადი ვერსია რამდენიმე თვეში შეიქმნა სრულად გუნდის ინვესტიციითა და რესურსით. გუნდის ინვესტიციითვე დავიწყეთ პირველადი კომუნიკაცია მომხმარებელთან და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან საინტერესო პროდუქტზე ვმუშაობთ და უდიდესი გამოხმაურება გვაქვს იმ მიმართულებით, რასაც ვქმნით.
სტარტაპის ძირითად გუნდში 4 თანადამფუძნებელი ვერთიანდებით: სანდრო კანდელაკი, გურამ ლაცაბიძე, ლევან მელიქიშვილი და გოგა საათაშვილი. დღეს უკვე სტარტაპში 15 ადამიანზე მეტი ვართ და გვყავს რამდენიმე გუნდი: პროექტების მართვის, პროდუქტის განვითარებისა და დეველოპმენტის, პარტნიორებთან კომუნიკაციის, მარკეტინგის, სტუდენტების კმაყოფილებისა და გაყიდვების. ყოველდღიურად ვიზრდებით, დასახული მიზნების შესაბამისად. უდიდესი მოტივაციითა და სურვილით გვემატება გუნდის თითოეული წევრი.
რამდენად რთული იყო აპლიკაციის შექმნის პროცესი და კონკრეტულად რა საფეხურები გაიარეთ?
აპის შექმნა, ზოგადად, ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. თავდაპირველად არასწორი სტეკი შევარჩიეთ დეველოპმენტისთვის, რამაც დაახლოებით 5 თვე დაგვაკარგვინა. დიდი გზა გაიარა UX/UI მიმართულებამაც.
აპლიკაციის შექმნის პროცესი მუდმივ განახლებასთან და განვითარებასთან არის დაკავშირებული. არ არის სწორი გზა რაღაც მოცემულობამდე მისვლა და თქმა, რომ მზადაა პროდუქტი. საჭიროა მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში მოსმენა და პროდუქტში მათი უკუკავშირის ასახვა.
მიმდინარე პერიოდშიც დიდ განახლებაზე ვმუშაობთ, რაც თავისთავად ითვალისწინებს გაუმჯობესებულ დიზაინს, ფუნქციონალსა და მეტ შესაძლებლობას. პროდუქტის განვითარება ამ ეტაპზე ორი მიმართულებით მიდის: ფუნქციურად და ვიზუალურად.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველადი ვერსიის გაშვება ფორსმაჟორით და გუნდის უდიდესი ძალისხმევით მოვახერხეთ, რის შემდეგაც ვნახეთ, რომ ვქმნით ძალიან დიდი ჯგუფისთვის საინტერესო და სასურველ პროდუქტს.
რა პრობლემებს აწყდებოდით დეველოპმენტის პროცესში და როგორ გადაჭერით, თუ გადაჭერით?
დეველოპმენტის პროცესში ბევრი გამოწვევა გვქონდა, პირველი ყველაზე დიდი გამოწვევა სტუდენტის სტატუსის დადასტურება იყო და ამის მოგვარებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ასევე გამოწვევა იყო ფასდაკლების კოდის დამტკიცებისა და აპის ოპტიმიზაციის ნაწილში, თუმცა ყველა ასეთ შემთხვევას ძალიან სწრაფად ვუპასუხეთ და მარტივად — შესაძლებლობად ვაქციეთ.
აპის ამჟამინდელ ვერსიაში სტუდენტის სტატუსის დადასტურება მისი უნივერსიტეტის მეილით ან ხელით, ჩვენი დახმარების გუნდით, ხდება. მეორე მხრივ, განახლებაში, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება, პროცესი ბევრად გამარტივდება და შესაძლებელი იქნება სტუდენტური ბარათის კონცეპტის დოკუმენტის გენერირება.
თავად კოდის ვალიდაცია უმარტივესად ხდება. ობიექტში, სადაც ფასდაკლებით სარგებლობა სურს სტუდენტს, აჩვენებს ჩვენი ფასდაკლების კოდს ან QR-ს, რომელიც აპლიკაციაში გენერირდება.
როგორი გინდათ იყოს Student Hunt სამომავლოდ და ახლა რა გამოწვევების წინაშე ხართ?
გამოწვევები ახლაც გვაქვს, აპის დიზაინის სრული განახლება და ფუნქციური ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი მომხმარებლები 3 თვეში სტუდენტჰანთის მეორე, ძალიან მაგარ, ვერსიას იხილავენ.
სტუდენტჰანთი მომავალში სტუდენტური სუპერაპლიკაცია უნდა იყოს, რისთვისაც ხდება ფუნქციონალის ეტაპობრივი ადაპტაცია, ანალიზი და ხელახლა აწყობა. სუპერაპად ყოფნაც რომ განვმარტოთ, კლასიკური გაგებით, სტუდენტჰანთი იქნება აპლიკაცია, რომელშიც სტუდენტური ფასდაკლებები, ვაკანსიები, ღონისძიებები, აქტივობები და სტუდენტებისთვის საინტერესო და საჭირო ყველა სერვისი გაერთიანდება.
ამ მიმართულებით საჭიროა, რომ ყოველ წამს ვუსმენდეთ Gen Z-ს, მათ საჭიროებებსა და სურვილებს, რასაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგად ვუმკლავდებით.
რამდენად დიდ რესურსს მოითხოვს გუნდისგან აპლიკაციის სრულყოფა?
აპის სრულყოფა დაკავშირებულია უამრავ გათენებულ ღამესთან, ბევრ ყავასთან და შესაძლებლობების ლიმიტის გადალახვასთან, რადგან, როცა ხარ სტარტაპი და ტექგუნდის ასაწყობად არ გაქვს უზარმაზარი რესურსი, გიწევს ზეგანაკვეთური მუშაობა და უამრავი დროისა და რესურსის დახარჯვა. თუმცა ვფიქრობთ, ეს ყველაფერი ღირს იმად, რა მიზანსაც საბოლოოდ ვუახლოვდებით.
ზოგადად, რამდენად რთულია, ქმნიდე აპლიკაციას ქართულ ბაზარზე? რა სირთულეების წინაშე აღმოჩენილხართ?
ვერ ვიტყვით, რომ ქართული ბაზარი აპის შესაქმნელად განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის ქართულ ბაზარზე გაჩერება და ეს არის კარგი საწყისი იმისთვის, რომ გლობალურ ბაზარზე ჩვენი სათქმელი ვთქვათ.
კომენტარები