ძველი ეგვიპტიდან თანამედროვე სამყარომდე — როგორ დაიპყრეს კატებმა მსოფლიო
კატებს ჩვენს გულებში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ეს საყვარლესი შინაური ცხოველი მთელს მსოფლიოზეა მოდებული. მაგალითისთვის, მხოლოდ აშშ-ში შინაური კატების რაოდენობა 74 მილიონია.
კატები პოპულარობით სარგებლობენ ციფრულ სამყაროშიც. აღსანიშნავია, რომ YouTube-ზე ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველი სწორედ რომ კატა მარუა.
და მაინც, ოდესმე დაფიქრებულხართ როგორ გახდნენ კატები ასეთი პოპულარულები და როგორ გავრცელდნენ ისინი მთელს პლანეტაზე?
ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად, დროში უკან უნდა დავბრუნდეთ, მომენტში, როდესაც ადამიანმა კატების "მოშინაურება" დაიწყო.
პირველი შინაური კატები
2006 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კატების მოშინაურებას დიდი ისტორია აქვს და ის შორეული წარსულიდან დაიწყო.
"თანამედროვე შინაური კატა 11 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი გადარჩევის პროდუქტია. ამას ემატება ბოლო 12 000 წელი, რომელშიც უკვე ადამიანები დომინირებენ და კატები მათთან ხშირად იკვეთებიან", — აღნიშნულია კვლევაში.
Felis sylvestris lybica, რომელიც ცნობილია როგორც აფრიკული ველური კატა, ყველა შინაური კატის წინაპრად ითვლება.
2004 წელს არქეოლოგებმა კვიპროსში, ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში, ადამიანთან ერთად დამარხული კატა აღმოაჩინეს. ნაშთების რადიოკარბონული დათარიღება 9 500 წელზე უთითებს, რაც მას შინაური კატის უძველეს ნამარხად აქცევს.
კატების მოშინაურების შემდგომი მტკიცებულება ძველი ეგვიპტიდან მოდის. 1888 წელს, ეგვიპტურ ქალაქ ბენი ჰასანში, ფერმერი 80 000 მუმიფიცირებულ კატას წააწყდა.
ისტორიული ჩანაწერების თანახმად, დაახლოებით 3 000 წლის წინ ძველმა ეგვიპტელებმა კატების მოშინაურება და მათთვის თაყვანისცემა დაიწყეს. ისინი თაყვანს სცემდნენ ღვთაებას, სახელად ბასტეტს, რომელიც კატის სახითაა გამოსახული. ითვლება, რომ ეს ღვთაება სიყვარულსა და ნაყოფიერებას განასახიერებდა. მეტიც, ძველ ეგვიპტეში კატის მოკვლა სიკვდილით ისჯებოდა.
თუმცა, ეგვიპტელების გარდა კატებზე ძველი რომაელებიც ზრუნავდნენ და მათ დამოუკიდებლბის სიმბოლოდ თვლიდნენ. ძველ რომში კატებს ხელნაწერების მღრღნელებისგან დასაცავადაც იყენებდნენ.
დღესაც კი, რომში ყველა კატა კანონითაა დაცული. კატის დაზიანება ან მოკვლა სერიოზულად ისჯება.
შინაური კატები აზიაში
მოშინაურებული კატები რომიდან ჩინეთსა და ინდოეთში გავრცელდნენ. ვაჭრებს კატები გემებზე მღრღნელებისგან თავდასაცავად ჰყავდათ და ისინი ასე მთელს პლანეტაზე მოგზაურობდნენ.
აზიის ქვეყნებს განსხვავებული გარემო ჰქონდათ, რამაც რომაული წარმოშობის კატებში გენეტიკური შემადგენლობის ცვლილებები გამოიწვია. შედეგად კატებს უფრო სწრაფად გავრცელებისა და გამრავლების საშუალება მიეცათ.
საბოლოოდ ამ ცხოველების ახალი სახეობები გაჩნდა, როგორიცაა ბირმანისა და სიამის კატები.
მერილინ მენოტი-რეიმონდმა, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელმა, ევროპულსა და აზიურ კატებში დნმ-ის განსხვავებები შეისწავლა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ევროპასა და აზიაში კატების მოშენება 700 წლის განმავლობაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდებოდა.
დღეს ჩინეთში კატა ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველია. მეტიც, კატა ჩინური კულტურის, მუსიკისა და ხელოვნების განუყოფელი ნაწილია.
კატებს ევროპაში რთული პერიოდი ჰქონდათ
ითვლება, რომ რომაელებმა შინაური კატები შოტლანდიასა და ევროპის სხვა ნაწილებში შუა საუკუნეების დასაწყისში შეიყვანეს.
იმ ეპოქის ევროპაში ადამიანების დიდი ნაწილი კატებს ეშმაკის, ჯადოქრობისა და სატანისტური პრაქტიკის სიმბოლოდ მიიჩნევდა. ამაში დიდი როლი კათოლიკურ ეკლესიას მიუძღვის. ერთ-ერთ დოკუმენტში მათ შავი კატები სატანის განსახიერებად გამოაცხადეს.
ამგვარმა ცრურწმენებმა კატების მიმართ ზიზღი გააჩინა, მათ დევნიდნენ და ხოცავდნენ. შესაბამისად, კატების რაოდენობა შუა საუკუნეების ევროპაში შემცირდა.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ კატების ამოხოცვამ მე-14 საუკუნის ევროპაში ბუბონური ჭირის გავრცელებას შეუწყო ხელი.
"კატების ამოწყვეტამ მღრღნელები მოამრავლა, ისინი კი ბუბონურ ჭირს ავრცელებდნენ", — განუცხადა History-ს ტოლედოს უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელ კომპორამ.
კატების საჭიროების თავიდან გააზრება
უკვე მოგვიანებით, მეურნეობისა და სავაჭრო საქმიანობის პარალელურად, ადამიანებმა კატების მნიშვნელობა თავიდან დააფასეს.
მე-19 საუკუნისთვის, ევროპასა და აშშ-ში წიგნიერების დონე გაიზარდა და ჯადოქრებზე ნადირობაც აიკრძალა. შედეგად, კატებთან დაკავშირებული ცრურწმენები შემცირდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს კატები ნამდვილ სანიტრებად გვევლინებოდნენ. სამხედროები მათ საკვებს აძლევდნენ, კატები კი შენობებს მღრნელებისგან იცავდნენ.
ომის შემდეგ კატებთან მეგობრობა გაგრძელდა და სახლებში დაბრუნებულმა სამხედროებმა კატები თან წაიყვანეს.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი ცნობით, კატები კოლუმბსაც ახლდნენ, როდესაც მან ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინა.
კატები ახლა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე პოპულარულ შინაურ ცხოველებს შორის არიან. დიდ ბრიტანეთში ოჯახების დაახლოებით 26%-სა და აშშ-ს 29%-ს ოჯახში მინიმუმ ერთი კატა ჰყავს.
12 000 წლის განმავლობაში კატები დედამიწის ყველა კუთხეში გავრცელდნენ და ახლა ისინი ადამიანებთან ერთად თანაცხოვრობენ.
კვლევების თანახმად, ამ მომენტისთვის დედამიწაზე დაახლოებით მილიარდამდე კატაა.
კომენტარები