ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) საშიში ინფექციაა, რომელიც სხეულის იმუნურ სისტემას თავს ესხმის და შეიძლება შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) გამოიწვიოს.

ამჟამად აივ ინფექციისგან სრულად განკურნების მეთოდი არ არსებობს, მაგრამ პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობით, ის კონტროლირებად ქრონიკულ დაავადებად იქცა.

ჯანმო-ს მონაცემებით, 2022 წელს აივ-თან დაკავშირებული მიზეზებით 600 000-ზე მეტი ადამიანი მოკვდა და 1,3 მილიონი დაინფიცირდა.

ოთხი წლის წინ, ემანუელ ჩარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას ქიმიაში ნობელის პრემია CRISPR/Cas9 "გენეტიკური მაკრატლის" აღმოჩენისთვის მიენიჭათ. დღეს ამ მეთოდს ცხოველებისა და მიკროორგანიზმების დნმ-ის შესაცვლელად იყენებენ.

ეს ორგანიზმში არასასურველი გენების წაშლასა და საჭირო გენეტიკური მასალის შეყვანას აადვილებს. კრისპერი დაავადებების დასამარცხებლად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

ეს მეთოდი შეიძლება ვირუსებთან ბრძოლაშიც გამოვიყენოთ.

გარღვევა

ახალი კვლევა, რომელსაც დოქტორი ელენა ჰერერა-კარილო ხელმძღვანელობდა, აივ-თან ბრძოლის მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევაა. ექსპერტების ნაწილმა კვლევის შედეგებს გარღვევა უკვე უწოდა.

კვლევის ავტორების თქმით, მათ CRISPR-Cas გენომის რედაქტირების ინსტრუმენტით აივ-ის დნმ-ს დაუმიზნეს. მკვლევრებს სურთ შეიმუშაონ მეთოდი, რომელსაც აივ-ის შტამების ინაქტივაცია სხვადასხვა უჯრედულ კონტექსტში შეეძლება. უნდა აღინიშნოს, რომ აივ-ს ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის უჯრედებისა და ქსოვილების დაინფიცირება შეუძლია.

პროცესი

მკვლევრებმა ყურადღება ვირუსის გენომის იმ ნაწილზე გაამახვილეს, რომელიც ერთნაირი რჩება აივ-ის ყველა ცნობილ შტამში. შედეგი უნდა იყოს ყოვლისმომცველი თერაპია, რომელსაც აივ-ის მრავალ ვარიანტთან ეფექტურად ბრძოლა შეუძლია.

ამ მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა ინფიცირებული უჯრედებისგან შიდსის გამომწვევი ვირუსი მოაშორეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მედიკამენტებს ვირუსის აღმოფხვრა არ შეუძლია. შესაბამისად, ეს დიდ იმედს აჩენს.

მეცნიერებს ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება სურთ და იმედი აქვთ, რომ მკურნალობის მეთოდს მნიშვნელოვნად დახვეწენ.

"გვსურს, რომ სისტემა ბევრად უფრო დახვეწილი გავხადოთ. ამის შემდეგ კლინიკურ კვლევებზე გადასვლა შეგვეძლება. წინასწარი დასკვნები ძალიან დამაიმედებელია, მაგრამ ნაადრევია იმის თქმა, რომ აივ-ის ფუნქციური განკურნება უკვე ჰორიზონტზეა", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.