უჩვეულო ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 27 მილიარდი წლისაა და მასში ბნელი მატერია არაა
თეორეტიკოს-ფიზიკოს რაჯენდრა გუპტას საკმაოდ უჩვეულო ჰიპოთეზის თანახმად, ჩვენი სამყარო იმაზე 13 მილიარდი წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე ფართოდ მიღებული კოსმოლოგიური მოდელითაა დადგენილი. მას მიაჩნია, რომ ამ მოსაზრებას კოსმოსის ადრეული ცვლილებები ამყარებს, რომელთა კვალიც მასშტაბურ სტრუქტურებშია შემონახული.
"კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ წინა ნაშრომი, რომლის მიხედვითაც სამყარო 26.7 მილიარდი წლისაა, დაგვეხმარა აღმოგვეჩინა, რომ სამყაროს არსებობისთვის ბნელი მატერია არ სჭირდება.
სტანდარტულ კოსმოლოგიაში კოსმოსის აჩქარებული გაფართოება ბნელი ენერგიითაა გამოწვეული, მაგრამ ეს, სინამდვილეში, გაფართოებისას შესუსტებული ბუნებრივი ძალებითაა განპირობებული", — აცხადებს გუპტა.
კოსმოლოგიური თეორიის თანახმად, ყველაფერი დაახლოებით 13.7 მილიარდი წლის წინ დაიწყო, როცა სამყაროს მთელი მატერია ერთ პატარა წერტილში იყო თავმოყრილი. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ასტრონომებმა ადრეულ კოსმოსში არსებული საკმაოდ განვითარებული და დიდი გალაქტიკები დააფიქსირეს, რომელთა ასაკიც ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ მსგავს სისტემებს ასე ჩამოყალიბება მოესწრო. შესაბამისად, სპეციალისტები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ — ან გალაქტიკებისა და შავი ხვრელების ევოლუციის ამჟამინდელი მოდელები საჭიროებს გადახედვას, ან სამყაროს ხნიერება.
რაჯენდრა გუპტა განიხილავს, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს სივრცის გაფართოებაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. შემაკავშირებელმა მუდმივამ. ეს უკანასკნელი, სტანდარტული მოდელის მიხედვით, უცვლელია და ნაწილაკთა ურთიერთქმედებას განაპირობებს. საკითხის ასე დასმა ახალი არაა, რადგან ეს 1920-იან წლებში ფიზიკოს ფრიც ცვიკის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ჰგავს.
ის ფიქრობდა, ხომ არ იყო შორეული ობიექტებიდან მომავალი წითელი სპექტრის სინათლე დაკარგული ენერგიის შედეგი. ამჟამად მიიჩნევა, რომ სხივის წითელ დიაპაზონში გადანაცვლება სამყაროს გაფართოებით აიხსნება, რადგან ეს სინათლის ტალღას "წელავს".
გუპტამ ცვიკის "დაღლილი სინათლის" შესახებ ვარაუდი "ურთიერთდამოკიდებულ შემაკავშირებელ მუდმივებთან" გააერთიანა. მისი დასკვნით, ამგვარ პირობებში ნაწილაკების ურთიერთქმედების ცვლილებით სივრცე უფრო მეტად გაიწელებოდა, რაც ბნელი ენერგიის საჭიროებას მოხსნიდა.
ამ ჰიპოთეზით ხსნის გუპტა კოსმოსში ხილული მატერიის გადანაწილების ცვლილებას, რაც ახლად წარმოქმნილ სამყაროში არსებული ბგერით ტალღებითაა გამოწვეული, და კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გარკვეული ასპექტების მიმართ რელევანტური, თუ ბნელი მატერიის იდეას საერთოდ არ გავითვალისწინებთ.
იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე კოსმოლოგიაში ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მათ ასე უბრალოდ ვერ გავაქრობთ. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ რაიმე დამაჯერებლით არ ჩავანაცვლებთ. ამ კრიტერიუმს კი ზემოხსენებული ჰიპოთეზა ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს.
რაჯენდრა გუპტას ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები