ქართულმა ბრენდმა სამოსი AI პლატფორმის დახმარებით შექმნა — რა შეუძლია Decode-ს
ეს AI პლატფორმა სიტყვიერი აღწერით ტანსაცმლის დიზაინს აგენერირებს, მეორე მხრივ კი წარმოებისა და მიწოდების პროცესის ავტომატიზაცია შეუძლია.
ქართულ ბაზარზე მოდის ინდუსტრიის ტექნოლოგიური სტარტაპი — Decode გამოჩნდა, რომლის გამოყენებითაც ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა, Sheidish, ახალი სამოსი უკვე შექმნა.
Decode-ის შემქმნელების თქმით, ის ტანსაცმლის დიზაინის, წარმოებისა და ლოჯისტიკის პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს. პლატფორმის გამოყენება კი შეუძლია ყველას, ვისაც სურს შექმნას ტანსაცმელი საკუთარი ხედვითა და დიზაინით.
Decode-ის გუნდის განმარტებით პლატფორმის მიზანი მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე დამოუკიდებელი ბრენდებისა და ამ ინდუსტრიაში შესვლის მსურველთათვის სამოსის შექმნის პროცესის იმდენად გამარტივებაა, რომ ამის გაკეთება პლატფორმის გამოყენების გარდა დამატებით სხვა არაფერს საჭიროებდეს.
"მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადამიანს საკუთარი ჩანაფიქრის დახატვისა თუ ვიზუალურ ფორმაში გადატანის შესაძლებლობა, ჩვენი პლატფორმის საშუალებით მას შეუძლია თავისი წარმოსახვის დიზაინად გარდაქმნა. სწორედ ამაში იყენებს Decode ხელოვნურ ინტელექტს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ტექსტური აღწერით აქციოს მისი ჩანაფიქრი ვიზუალურ მასალად, რომელსაც, ჩვენივე პლატფორმის დახმარებით, უგენერირდება შესაბამისი თარგი, რაც უკვე სამკერვალოსთვის წარმოადგენს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შექმნას ეს სამოსი", — განმარტავს ლაშა კვარაცხელია, Decode-ის თანადამფუძნებელი.
რაც შეეხება ბრენდ Sheidish-ს, ის 2022 წლიდან ქმნის ქალის ეკო-მეგობრულ სამოსს. როგორც ბრენდის დამფუძნებელი თაკო ნაცვლიშვილი ამბობს: "ამ საქმიანობის ყველა ეტაპი საკმაოდ დიდ შრომას, დროსა და ინდუსტრიაში სხვადასხვა კომპონენტებზე წვდომას მოითხოვს. Decode-ის პლატფორმის სიმარტივემ, რომელიც ამ პროცესის ავტომატიზაციას ახდენს, გადაგვაწყვეტინა გვეცადა დამატებითი ხაზის შექმნა".
"Decode-ის გამოყენებით შევქმენით ახალი პროდუქციის დიზაინები, როგორც ფორმების, ასევე მათი პრინტების ნაწილში. სწორედ ასე შეიქმნა შეიდიშის სახლის სამოსი — კიმონოები, რომელიც LVMH-ის ბრენდების სამოსის მსგავსად, შექმნილია იგივე გადამუშავებული მასალისაგან. კიმონოები უკვე ხელმისაწვდომია შესაძენად როგორც ჩვენს არხებში, ასევე "ველი სთორზე", — ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დიზაინის შექმნის შემდეგ, წარმოების ეტაპზე Decode პლატფორმაზე ერთვებიან სამკერვალოები და მწარმოებლები, რომლებიც მოცემული დიზაინის, თარგის, მასალისა და რაოდენობების მიხედვით აკეთებენ შეთავაზებებს პროდუქტის შექმნაზე. მომხმარებელი ირჩევს შეთავაზებებიდან მისთვის მისაღებ ვარიანტს და იწყება წარმოების პროცესი. წარმოების დასრულების შემდეგ, Decode ეხმარება მომხმარებლებს პროდუქციის როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე მიღებაში, ასევე მათთვის სასურველ პლატფორმაზე განთავსებაში.
ამ მომენტისათვის პლატფორმა Private Beta-ეტაპზეა. იმისათვის, რომ მსურველებმა წვდომა მიიღონ პლატფორმის გამოყენებაზე, საჭიროა მოითხოვონ წვდომა ვებგვერდზე Decode.ink
კომენტარები