სისხლის ანალიზი ბიოლოგიური ასაკისა და დაავადებების მიმართ მიდრეკილებების გამოსავლენად — კვლევა
პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სისხლზე დაფუძნებული ახალი მარკერები აღმოაჩინეს. ამით ადამიანის ბიოლოგიური ასაკის გამოვლენაა შესაძლებელი, რაც მედიცინისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა.
ადამიანები ასაკს გავლილი წლებით განვსაზღვრავთ, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ბიოლოგიური ასაკი, რაც უჯრედებისა და ორგანოების ცვეთის ინდიკატორია. ბიოლოგიური ასაკის ცოდნა მნიშვნელოვანია დაავადებების განვითარების რისკების განსაზღვრისთვის. ერთი სიტყვით, ეს ჩვენი ორგანიზმის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება.
"წარმოიდგინეთ ორი 65 წლის ადამიანი. ერთი სამსახურში ველოსიპედით დადის და აქტიურად ვარჯიშობს, მეორეს კი კიბეზე ასვლაც უჭირს. წლების მიხედვით ისინი ერთი ასაკის არიან, მაგრამ ბიოლოგიური ასაკი განსხვავებული იქნება. ჩნდება შეკითხვა, რატომ ბერდება ეს ორი ადამიანი ასე განსხვავებულად?", — თქვა ადიტი გურკარმა, პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერმა და კვლევის ავტორმა.
ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მკვლევრებმა 196 ხანდაზმული ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს: პირველ ჯგუფში 74 წელს გადაცდენილი "ჯანმრთელად დაბერებული" ადამიანები შეიყვანეს, ხოლო მეორეში 65-დან 75 წლამდე, შედარებით "ნაადრევად დაბერებული" ადამიანები აღრიცხეს.
ჯანმრთელ მოხუცებს კიბეზე ასვლა და 15 წუთის განმავლობაში დასვენების გარეშე სეირნობა შეეძლოთ, ხოლო მეორე ჯგუფის წევრებს იგივე მოქმედებების შესრულებისას შესვენება სჭირდებოდათ. მკვლევრებმა ჯგუფის წევრებს შორის განსხვავებები მოლეკულურ დონეზეც შეისწავლეს.
კერძოდ, მკვლევრებმა შეისწავლეს სხვადასხვა მეტაბოლიტები — ორგანიზმში ბიოლოგიური პროცესების შედეგად დარჩენილი მცირე მოლეკულები. მათზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას თუ როგორ მუშაობს ორგანიზმი და რამდენად კარგად მიმდინარეობს ეს პროცესი.
გამოვლინდა 25 მეტაბოლიტი, რის მიხედვითაც ჯგუფის წევრებს შორის განსხვავებები განისზაღვრა. განმსაზღვრელ ნიმუშებს ჯანსაღად დაბერების მეტაბოლიტები (HAM) უწოდეს. მკვლევრებმა ასევე გამოავლინეს სამი მეტაბოლიტი, რაც როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია ბიოლოგიური დაბერების განსაზღვრის მხრივ.
"მეტაბოლიტები ძალიან სწრაფად იცვლება და დინამიკურია. რაც მნიშვნელოვანია, მათზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია. ეს შეიძლება მოხდეს ცხოვრების წესით, დიეტითა და სხვა", — თქვა გურკარმა.
HAM ინდექსის გამოყენებით მკვლევრებმა ბიოლოგიური ასაკი 68%-ის სიზუსტით განსაზღვრეს. მეცნიერებს კვლევების გაგრძელება სურთ და გადაწყვეტილი აქვთ შექმნან სისხლის ანალიზის მეთოდი, რომლითაც ბიოლოგიურ ასაკს ძალიან მარტივად დაადგენენ.
კვლევა Aging Cell-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები