გაიცანით კაცი, რომელიც ორი წლის წინ ტყეში ძაღლს ასეირნებდა და ამ დროს გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა. ამ აღმოჩენას ის დღემდე საიდუმლოდ ინახავდა.

2022 წელს, დემიენ ბოსჩეტო წააწყდა მასიურ, 70 მილიონი წლის ნამარხს, რომელიც გრძელკისერა ტიტანოზავრის თითქმის სრული ჩონჩხი აღმოჩნდა. მან ამის შესახებ ABC News-ს განუცხადა.

ბოსჩეტომ, რომელიც ახლა 25 წლისაა, თქვა, რომ მოულოდნელი აღმოჩენა მონტულიეს ტყეებში, მის სახლთან ახლოს გააკეთა. ეს სამხრეთ საფრანგეთის რეგიონია.

"ეს რეგიონი დინოზავრებისა და ამავე დროს მცხოვრები სხვა სახეობების ნამარხებით ძალიან მდიდარია", — უთხრა ABC News-ს ბოსჩეტომ.

ფოტო: Damien Boschetto

ტიტანოზავრები გვიან იურულ ეპოქაში ცხოვრობდნენ. ეს სახეობა დაახლოებით 163 მილიონი წლის წინ გაჩნდა და 100 მილიონი წლის განმავლობაში იარსება.

ეს დინოზავრები ხმელეთის ყველაზე დიდ ცხოველებად ითვლებიან. ზოგიერთი მათგანი თანამედროვე გიგანტური ვეშაპების ზომისაც იყო. მათი ნამარხები, რომელიც 40 სხვადასხვა სახეობას მოიცავს, ანტარქტიდის გარდა, დედამიწის ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი.

ბოსჩეტომ, რომელიც პალეონტოლოგიითაა გატაცებული, სწორედ ასეთი დინოზავრის ძვლები აღმოაჩინა. გათხრების შემდეგ დინოზავრის ძვლების 70%-ს სრულად მიაგნეს.

"ეს გასეირნებისას მოხდა. ძაღლს ვასეირნებდი, რა დროსაც ძვლები შევნიშნე. ძვლები მიმოფანტული იყო. მათი უმეტესი ნაწილი გათხრების შემდეგ აღმოვაჩინეთ და მივხვდით, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთის ნაწილი იყო", — აღნიშნა ბოსჩეტომ.

ბოსჩეტო, არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური კულტურული ასოციაციის (ACAP) წევრებთან ერთად, აღმოჩენას საიდუმლოდ ინახავდა. ეს პალეონტოლოგიური ადგილის დასაცავად ხდებოდა. მას შემდეგ რაც ნამარხი სრულად ამოიღეს, მისი გასაჯაროებაც შესაძლებელი გახდა.

ფოტო: Damien Boschetto

აღმოჩენიდან ორი წლის შემდეგ, ბოსჩეტომ ენერგეტიკის სფეროში მუშაობაზე უარი თქვა და ახლა პალეონტოლოგიაში მაგისტრის ხარისხის მიღება სურს. ეს ყველაფერი კი არქეოლოგიური აღმოჩენების გასაკეთებლად.

ფრენსის ფეიჯმა, კრუზის მუზეუმის დამფუძნებელმა, FranceBleu-ს განუცხადა, რომ აღმოჩენა ბოსჩეტოს არქეოლოგისთვის საჭირო ნიჭს ადასტრებს.

"ძალიან იშვიათია ასეთი აღმოჩენის გაკეთება. შეიძლება გასულიყო წლები და ძვლები ვერავის შეემჩნია", — თქვა ფეიჯმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.