როგორი იერარქია იყო უძველეს ქალაქებში — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, უძველეს ქალაქებში იერარქიები ფაქტობრივად არ არსებობდა.
პირველი დიდი ქალაქები, შესაძლოა, სრულად ეგალიტარული ყოფილიყო. შესაბამისად, ადამიანებს ქალაქებში სწორედ ეს იზიდავდა. ახალი კვლევის თანახმად, ასეთი სისტემის თანდათანობით განადგურებამ და იერარქიების გაჩენამ შეიძლება პირველი ქალაქების დაცარიელება გამოიწვია.
ეგრეთ წოდებული ტრიპილიის მეგაქალაქები, რომლებიც თანამედროვე უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთშია, პირველად დაახლოებით 6 200 წლის წინ წარმოიშვა. ეს ნეოლითური დასახლებები გაფართოვდა და მოიცვა დაახლოებით 320 ჰექტარი, სადაც თითოეულ ქალაქში დაახლოებით 15 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
თუმცა, სულ მალე ეს ადგილები სრულიად დაუსახლებელი გახდა. იმის გასაგებად თუ როგორ აყვავდა უძველესი ქალაქები და რატომ განადგურდა ასე მალე, მკვლევრებმა ჯინის ინდექსი გამოიყენეს. ეს ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი. ანუ, ამით მკვლევრებს შეუძლიათ დაადგინონ საზოგადოებაში უთანასწორობის მასშტაბები. კონკრეტულ შემთხვევაში მკვლევრებმა ინდექსი 7 000 სახლისა და 38 დასახლების გასაანალიზებლად გამოიყენეს.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ სახლების ზომის ცვალებადობა უთანასწორობას განსაზღვრავს, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძვ.წ. 3 800 წლამდე უთანასწორობა ფაქტიურად არ არსებობდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია არქიტექტურა, რის მიხედვითაც სახლები თითქმის ერთნაირია. დაკვირვებისას გავითვალისწინეთ შიდა ინფრასტრუქტრაც, რაც ასევე მსგავსია", — აღნიშნულია კვლევაში.
საინტერესოა თავად ქალაქების მოწყობაც. დასახლებების მრგვალი ან ოვალური განლაგება უზრუნველყოფდა თანაბარ ხელმისაწვდომობას სტრუქტურულ ელემენტებზე. ამავდროულად, აღმოჩენილია საჯარო შეკრებისთვის განკუთვნილი შენობები, რომლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი იკრიბებოდა. როგორც ჩანს, აქ გადაწყეტილებებს შეთანხებით იღებდნენ. ანუ, "ძალაუფლება" არა ინდივიდებს, არამედ ხალხს ჰქონდა
ამ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სოციალური თანასწორობის გამო ეს ქალაქები უამრავ ადამიანს იზიდავდა. თუმცა, დროსთან ერთად დასახლებები დაცარიელდა. მკვლევრების თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ "თანასწორობის ოცნება" ნელ-ნელა მიინავლა.
კვლევის თანახმად, სოციალური უთანასწორობის ზრდის პარალელურად ჩანს რომ მოსახლეობა სულ უფრო მცირდებოდა.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები