NASA-მ ასტეროიდს ფორმა შეუცვალა
2022 წლის სექტემბერში NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეაჯახა. ეს მისია DART-ის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც პლანეტური თავდაცვის ტექნოლოგიის გამოცდა იყო.
მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ მოვლენამ დიმორფოსის ორბიტა შეცვალა. კერძოდ, თუ შეჯახებამდე მისი ორბიტული პერიოდი 11 საათი და 55 წუთი იყო, მისიის შედეგად უფრო დიდი ზომის ასტეროიდ დიდიმოსის გარშემო მოძრაობას ის ახლა უკვე 11 საათსა და 23 წუთს ანდომებს.
მაგრამ ორბიტა ერთადერთი რამ არაა, რამაც ცვლილება განიცადა. ახალი კვლევის მიხედვით, მისიამ თავად ამ ობიექტის ფორმაზეც იქონია გავლენა, თანაც მასშტაბურად.
მეცნიერებმა მისიის შედეგების გასაანალიზებლად თანამედროვე კომპიუტერული მოდელირების მეთოდი გამოიყენეს. მათ დაადგინეს, რომ დიმორფოსის სტრუქტურა მყარი არაა, ანუ ის ერთმანეთთან არამჭიდროდ შეკავშირებული ფრაგმენტებისგან შედგება. ასევე, იქ დიდი ლოდები არ გვხვდება. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ზემოხსენებული ობიექტი დიდიმოსისგან გამოყოფილი მატერიისგან წარმოიქმნა.
სპეციალისტებისთვის დიმორფოსის ასეთი მახასიათებლები მოულოდნელი არ ყოფილა. საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ შეჯახებამ მასზე ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც რიუგუსა და ბენუზე, ასტეროიდებზე, რომელთა ზედაპირებიდანაც კოსმოსური აპარატებით გრუნტის ნიმუშები მოვიპოვეთ.
საქმე ისაა, რომ დიმორფოსი შედგენილობით მათგან განსხვავებულია, მაგრამ იქ კრატერი რიუგუსა და ბენუს მსგავსად, დაბალი გრავიტაციისა და ნაკლები სიმჭიდროვის პირობებში, გაჩნდა. დამატებით, მან გლობალური დეფორმაციის სახელით ცნობილი პროცესი განიცადა, რამაც მისი შიდა შრეების ზედაპირზე გადმონაცვლება განაპირობა.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ დიმორფოსის მასის 0.5-1% კოსმოსურ ხომალდთან შეჯახების შედეგად გარშემო სივრცეში გაიტყორცნა, 8% კი მის ზედაპირზე გადანაწილდა. სწორედ ამან შეცვალა ასტეროიდის ფორმა. მეცნიერები ასკვნიან, რომ მსგავსი პროცესი სხეულის შედგენილობასა და მატერიის გადანაწილებაზე დიდწილადაა დამოკიდებული.
ახალი შედეგები ამ და სხვა ბინარული სისტემების დინამიკისა თუ ევოლუციის შესასწავლად მნიშვნელოვანია, როგორც მზის სისტემაში, ისე მის მიღმა. ავტორები გეგმავენ, რომ თავიანთი მონაცემები ევროპული კოსმოსური სააგენტოს მომავალ მისია Hera-სას შეადარონ, რომელიც შეჯახების შემდგომი ვითარების შეფასებას ემსახურება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები