რატომ (ვერ) ვლაპარაკობთ უცხოპლანეტელებთან

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მარსის გარდა

1800-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა კაცობრიობა უკეთ გაერკვა კოსმოსის მასშტაბებში, მეცნიერებისთვის აშკარა იყო, რომ კოსმოსი, მზის სისტემის პლანეტების ჩათვლით, სავსე იქნებოდა სიცოცხლით. რატომაც არა? ვენერა და მარსი ისეთივე პლანეტებია როგორც დედამიწა, ცით და მიწით.

უცხოპლანეტელებთან გარდაუვალი კომუნიკაციის ეიფორია საგრძნობი იყო საფრანგეთის და ბრიტანეთის ინტელექტუალურ წრეებში. 1900 წელს კი ანე ემილი კლარა გუზმანის ანდერძით დაწესდა პრიზი, 500 000 ფრანკის ოდენობით, რომელიც უნდა გადასცემოდა ადამიანს, რომელიც პირველი დაამყარებდა კომუნიკაციას სხვა პლანეტებთან, მარსის გარდა. მადამ გუზმანი მიიჩნევდა, რომ მარსელებთან კომუნიკაცია “ზედმეტად მარტივი” იქნებოდა.

ფრაც ვონ პაულა გრუითიუსენის მიერ "დანახული" მთვარის აგრონომიული აქტივობის კვალი

ფრაც ვონ პაულა გრუითიუსენის მიერ "დანახული" მთვარის აგრონომიული აქტივობის კვალი

ფოტო: Wikimedia Commons

ჯერ კიდევ პრიზის დაწესებამდე ბევრი ამტკიცებდა, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლეს მიაგნო. მაგალითად, ბავარიელ ექიმს და ფიზიკოსს, ფრაც ვონ პაულა გრუითიუსენს დეტალური ჩანახატები ჰქონდა მთვარის განვითარებული აგრონომიის და ცივილიზაციის, რომელიც მან ტელესკოპიდან "დაინახა". სამწუხაროდ სხვა მეცნიერებმა ამის დადასტურება ვერ შეძლეს და ჩვენს კოსმიურ მეზობლებთან კომუნიკაციაც ვერ დამყარდა.კითხვაზე, "რატომ ვერ ვლაპარაკობთ უცხოპლანეტელებთან" პასუხი მარტივია - ისინი ჯერაც არ გვიპოვია, თუმცა მაინც რა უნდა ვუთხრათ უცხოპლანეტელებს, რომ ვანიშნოთ ჩვენი ინტელექტის შესახებ და დავაიმედოთ, რომ მარტონი არ არიან?

სურათები და ფორმულები: რა იკარგება თარგმანში?

ოქროს ფირფიტა "ვოიაჟერზე", რომელიც 1977 წელს გაიგზავნა

ოქროს ფირფიტა "ვოიაჟერზე", რომელიც 1977 წელს გაიგზავნა

ფოტო: Public Domain

1961 წელს აშშ-ის 9 წამყვანმა მეცნიერმა ასტრონომი ფრენკ დრეიკისგან უცნაური შეტყობინება მიიღო:

"ეს არის კოსმოსიდან მიღებული ჰიპოთეტური მესიჯი. ის შედგება 551 0-ისგან და 1-სგან. გაშიფრეთ მისი მნიშვნელობა”.

დრეიკმა შეტყობინება მეცნიერებს SETI-ის (Search for extraterrestrial Intelligence) კონფერენციამდე გაუგზავნა, სადაც წამყვან მკვლევარებს უნდა განეხილათ უცხოპლანეტური ცივილიზაციის ძიების ტექნიკები. ორობით სისტემაში დაწერილი შეტყობინება ერთგვარი ინსტრუქცია იყო ბიტების განლაგებისთვის, რომელიც 19x29-იან ფოტოს იძლეოდა, მასზე კი ასახული იყო ნატურალური რიცხვები, ადამიანის გამოსახულება და არამხოლოდ. დრეიკმა პასუხი მხოლოდ ერთი მეცნეირისგან, ბარნი ოლივერსიგან მიიღო, რომელმაც შეტყობინებისგან, ზეთისხილიანი მარტინის ჭიქის ფოტო ააწყო. დრეიკმა იგივე მესიჯი რამდენიმე ნობელიანტ ფიზიკოსს გაუგზავნა, რომლებმაც ვერაფერი გაიგეს. ბოლოს დრეიკმა კოდი გაზეთებში გამოაქვეყნა მოყვარული გამომძიებლებისთვის. კოდი წარმატებით მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ბრუკლინელმა ტექნიკის ხელოსანმა გაშიფრა.

დრეიკისთვის და სხვა მეცნიერებისთვის აშკარა გახდა, რომ უცხოპლანეტელებისთვის გაგზავნილ კოდშივე უნდა ყოფილიყო მისი გაშიფვრის ინსტრუქცია და შეტყობინება არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული "უჩვეულო" გარემოებებზე, როგორიც იყო ბარნი ოლივერის, ალკოჰოლური სასმელების სიყვარული, ამიტომ მეცნიერებმა მუშაობა სწორედ ასეთი, “არაბუნდოვანი” ენების შექმნაზე დაიწყეს. პირველი სერიოზული მცდელობა ჰანს ფროდენთალს ეკუთვნის, რომელმაც Lingua Cosmica-ს სისტემა შექმნა.

Lingua Cosmica-ს აქვს თავისი ლექსიკონი, სადაც თითოეული სიმბოლო განმარტებულია ლექსიკონშივე არსებული სიმბოლოებით, ხოლო სხვადასხვა მათემატიკური სიმბოლოები, როგორებიცაა +,-,<,>,= ასახულია "პულსებით" და შემდგომი პაუზებით. ფროდენთალი მიიჩნევდა, რომ თუ უცხოპლანეტელი მსგავსი შეტყობინების ფუნდამენტურ ელემენტებს გაშიფრავდა, Lingua Cosmica-ს მეშვეობით შესაძლებელი გახდებოდა უფრო კომპლექსური მესიჯების გაგზავნაც, როგორებიცაა დნმ-ის სტრუქტურა, ინფორმაცია მზის სისტემის შესახებ და ა.შ. ეს ყველაფერი თავის დროზე დამაიმედებლად გამოიყურებოდა და მეცნიერებმა მალევე დაიწყეს Lingua Cosmica-ს მსგავს სისტემებზე მუშაობა, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გამოდგეს მათემატიკის ჭეშმარიტებების და ჩვენი ფიზიკური სამყაროს შესახებ არსებული ინფორმაციის გასაგზავნად.

SETI კოსმოსში უცხოპლანეტელების გამოგზავნილ შეტყობინებებს გულმოდგინედ აკვირდება იმ იმედით, რომ ჩვენი კოსმიური ამხანაგების გაგზავნილ მესიჯს რაღაც "სტრუქტურა" ექნება, რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოსმოსი სავსეა ხმაურით. იგივენაირად, თუ გვინდა რომ ჩვენმა მსგავსმა არსებებმა ჩვენი გაგზავნილი შეტყობინება მიიღონ, მათ უნდა შეძლონ გაგზავნილი რადიოსიგნალის გარჩევა სხვა რადიოტალღებისგან, რომლებსაც ციური სხეულები და კოსმოსური მოვლენები ასხივებენ.

Lingua Cosmica-ს ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ მისი "გაშიფვრა" უცხოპლანეტელისთვის ზედმეტად რთული იქნებოდა და შეუძლებელიც კი თუ რადიოსიგნალი "დაბინძურდა" ან "გამრუდდა", რაც დიდ მანძილებზე სავსებით ნორმალურია. ამიტომ დედამიწიდან 1974 წელს გაგზავნილი პირველი რადიოსიგნალი, რომლის დანიშნულების ადგილიც ვარსკვლავების კლასტერი M13, ორობითი სისტემით შედგენილი "ფოტო" იყო, რომელზეც ასახულია რიცხვები 1-დან 10-ის ჩათვლით, წყალბადის და რამდენიმე "ფუნდამენტური" ელემენტის ატომური რიცხვები, ნუკლეოტიდების ქიმიური ფორმულები, ადამიანის ფიგურა და ა.შ. 1974 წლიდან მოყოლებული, კოსმოსში არაერთი მსგავსი სიგნალი გაიგზავნა. 2022 წელსაც NASA-ს მკვლევრების ინიციატივით, კიდევ ერთი მსგავსი გზავნილი შემუშავდა.

Arecibo-დან გაგზავნილი პირველი შეტყობინება

Arecibo-დან გაგზავნილი პირველი შეტყობინება

შეტყობინება, რომელიც სინათლის სიჩქარით მიემართება, ვარსკვლავების კლასტერს 25 000 წელში მიაღწევს, ამიტომ უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციის დამყარების იმედი, ამ შეტყობინების საფუძველზე, მაინცდამაინც არ არსებობს. თუმცა, უიმედობისთვის სხვა მიზეზიც არსებობს: როდესაც ფრენკ დრეიკმა თავის კოლეგებს მსგავსი ტიპის კოდი გაუგზავნა, ის იმედოვნებდა, რომ მეცნიერები 0-ების და 1-ების რაოდენობით იხელმძღვანელებდნენ, კერძოდ 551-ით, რომელიც, ორი მარტივი რიცხვის ნამრავლია (semiprime). იმისთვის, რომ უცხოპლანეტელებმა ჩვენი გზავნილი მიიღონ, პირველ რიგში უნდა "ფიქრობდნენ" როგორც ჩვენ, ანუ "კანონზომიერება" ამ ცნების ფართო გაგებით, ჩვენნაირად უნდა ესმოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოპლანეტელები ჩვენს მესიჯებს არასწორად გაშიფრავენ, ან საერთოდ უგულებელყოფენ.

როგორია უცხოპლანეტელის გონება?

რადიო-ტელესკობი "არესიბო", საიდანაც უცხოპლანეტელებისთვის განკუთვნილი პირველი შეტყობინება გაიგზავნა

რადიო-ტელესკობი "არესიბო", საიდანაც უცხოპლანეტელებისთვის განკუთვნილი პირველი შეტყობინება გაიგზავნა

ფოტო: Getty Images

უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციით დაინტერესებულებს ვურჩევ დანიელ ობერჰაუსის შესანიშნავ წიგნს Extraterrestrial Languages, რომლის ცენტრალური იდეების პერიფრაზსაც აქ გთავაზობთ.

ადამიანების ენას ერთი უჩვეულო მახასიათებელი აქვს. კერძოდ, ადამიანურ ენებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მეორე ყველაზე ხშირი სიტყვა და სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მესამე ყველაზე ხშირი სიტყვა და ა.შ. იგივე კანონზომიერება შეინიშნება ასოებთან და ფონემებთან მიმართებაში. ლოგარითმულ სკალაზე, აღნიშნული სიხშირის მრუდის დახრილობა დაახლოებით -1-ია. მათმატიკურ დეტალებზე დრო რომ არ დავხარჯოთ, მოკლედ იმის თქმა შეიძლება, რომ ზიპფის კანონის მიხედვით, თუ დახრილობა 0-ია ეს ნიშნავს, რომ სიმბოლოების სრულად შემთხვევითი განაწილება გვაქვს. ასეთი ენები ბუნებრივია არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ადამიანურ ენას თავისი სინტაქსი აქვს.

სინტაქსი მარტო ადამიანურ ენებს არ აქვს, არამედ სახასიათოა ფორმალური სისტემებისთვისაც, იქნება ეს არითმეტიკა თუ სხვა. შესაბამისად, ჩვენს მიერ კოსმოსში გაგზავნილ კოდებსაც აქვთ გარკვეული სტრუქტურა, მათ შორის Lingua Cosmica-საც. გარკვეული სიგნალის ზიპფის მრუდის აგება წარმოდგენას შეგვიქმნის სიგნალის კომპლექსურობაზე. თუმცა, კომპლექსურობის სხვა საზომებიც არსებობს. ზიპფის კანონი არ არის კონტექსტ-სენსიტიური, ამ ცნების არატექნიკური გაგებით. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებულია სიტყვების სიხშირე, არაა განსაზღვრული კონტექსტები, რომლებშიც ეს სიტყვები იჩენენ თავს. გარდა ამისა, ჩვენს (ადამიანურ) ენას ახასიათებს ეგრეთწოდებული შენონის ენტროპია, რომელიც სასარგებლო თეორიული ხელსაწყოა ინფორმაციის თეორიაში.

ზიფპის კანონი აღწერს პირველი რიგის ენტროპიას, ანუ სიტყვების სიხშირეს ერთმანეთთან მიმართებაში. შენონის მეთოდის დახმარებით კი შეგვიძლია აღვწეროთ სიტყვების წყვილების განაწილება (მეორე რიგის ენტროპია), ტრიპლეტების (მესამე რიგის) და ა.შ. საინტერესოა, რომ ადამიანური ენები მხოლოდ მეცხრე რიგის ენტროპიას აღწევს, მას შემდეგ ინფორმაცია სრულიად შემთხვევითია. ზიპფის კანონი, რომელიც პირველი რიგის ენტროპიას აღწერს, აღინიშნება დელფინების კომუნიკაციაშიც, სადაც ზიპფის დახრილობა -0.95-ია, თუმცა მეორე და მესამე რიგის მიმართებებში, დელფინების კომუნიკაციის ზიპფის მრუდი მნიშვნელოვნად… მრუდდება (-1.334).

ზიპფის მრუდები სხვადასხვა ენებისთვის

ზიპფის მრუდები სხვადასხვა ენებისთვის

ასტრონომი ლორენს დოილი თავის 2011 წლის კვლევაში ამტკიცებს, რომ ზიპფის კანონი და შენონის ენტროპია ერთგვარ "ბადედ" უნდა გამოვიყენოთ, რომლითაც გავფილტრავთ კოსმოსიდან მიღებულ რადიოსიგნალებს და ამასთანავე, ზემოხსენებული მხედველობაში უნდა ვიქონიოთ შეტყობინების გაგზავნის დროსაც, რადგან თუ უცხოპლანეტელებმა ნულოვანი ენტროპიის მქონე შეტყობინება მიიღეს, შეიძლება უბრალოდ ყურადღება არც კი მიაქციონ მას. დოილის შენიშვა საინტერესოა თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი არესიბო გზავნილის ზიპფის მრუდი -1.64-ია, რამაც შეიძლება უცხოპლანეტელებს მინიშნება მისცეთ, რომ მიღებული სიგნალი “ფოტოა” და არა Lingua Cosmica-ს მსგავსი სისტემა. მეორე მხრივ, იგივე გზავნილის მრუდის დახრილობა მცირდება და 0-ს უახლოვდება ენტროპიის რიგების მატებასთან ერთად. ამ კრიტერიუმით, 0-ების და 1-ების თითქოს სრულიად შემთხვევითი განაწილებაა.

მაღალი რიგის ენტროპიებს მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ ნაკლები ენტროპიის მქონე სისტემებში შეიძლება ყველაფერი კანონზომიერი ჩანდეს. მაგალითად, ნეიტრონული ვარსკვლავის, "ველა პულსარის" რადიო-გამოსხივების ზიპფის მრუდის დახრილობა -0.69 არის, რაც დიდად არ განსხვავდება ზოგი ადამიანური ენის ზიპფის დახრილობისგან (მაგალითად რუსულისთვის, დახრილობა -0.56-ია) რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფად მბრუნავი პულსარი თითქოს უკეთესი საკომუნიკაციო სისტემაა, ვიდრე ადამიანების მიერ ძალიან ფრთხილად აწყობილი გზავნილი. მაშ, გასაკვირი არ არის, რომ პირველი რადიოსიგნალი რომელიც მეცნიერებს უცხოპლანეტური წარმოშობის ეგონათ, პულსარიდან მოდიდოდა.

ეგრეთწოდებული "wow" სიგნალი

ეგრეთწოდებული "wow" სიგნალი

ინფორმაციის თეორია არ გვეხმარება გავიგოთ სიგნალების (ადამიანურ თუ კოსმოსური) "მნიშვნელობა", არამედ უბრალოდ შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ სისტემის კომპლექსურობა გარკვეული პირობითი პარამეტრების მიხედვით. როგორც დოილი აღნიშნავს, "რომ მივიღოთ ფიბონაჩის მიმდევრობის (1,1,2,3,5,8,13…) შემცველი სიგნალი, ჩვენ მომენტალურად მივხვდებით მის მნიშვნელობას, მაგრამ ინფორმაციის თეორიის თვალსაწიერიდან, სიგნალი შემთხვევითი მოგვეჩვენება".

საკომუნიკაციო სისტემებიდან ადამიანურ ენებს კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი აქვთ: ინფორმაციის ერთეულებს შორის სტრუქტურული დამოკიდებულება კანონზომიერად მცირდება ენტროპიის რიგის მატებასთან ერთად. აღნიშნული ნიშანთვისება პულსარებს და სხვა ციურ სხეულებს, როგორც ჩანს, არ აქვთ.

ამის გათვალისწინებით, თუ დავუშვებთ რომ უცხოპლანეტელები ზიპფის და შენონის კანონების მსგავს ფილტრებს იყენებენ, თითქოს უფრო ლოგიკურია უცხოპლანეტელებთან კომუნიკაცია, პირდაპირ ადამიანურ ენაზე დავიწყოთ.

უცხოპლანეტელი რომც დაგველაპარაკოს, მას ვერც გავუგებთ

ფოტო: Public Domain

1961 წლიდან ფრენკ დრეიკმა აქტიურად დაიწყო მეცნიერების მოძიება, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციით. მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეთა რიცხვი დიდი არ იყო, დრეიკმა შთამბეჭდავი ანსამბლი შეკრა, რომელიც წამყვანი მეცნიერებით იყო დაკომპლექტებული. დრეიკმა კოლეგას განუცხადა: "ახლა მხოლოდ ისეთი ვინმე გვჭირდებბა, რომელსაც უცხოპლანეტელებთან ნალაპარაკები აქვს" და სწორედ ამ "ხუმრობის" მერე, მკვლევრების ჯგუფს, ჯონ ლილი დაემატა, რომელიც იმ დროისთვის აქტიურად ცდილობდა დელფინებთან კომუნიკაციას. მისმა მიგნებებმა მკვლევართა ჯგუფი მოხიბლა.

ჯონ ლილის ისტორია საინტერესოა. ის ცნობიერების ექსპერიმენტული კვლევის ერთ-ერთი პირველი პიონერი იყო და ამასთანავე, დარწმუნებული იყო, რომ LSD-ს და სხვა მსგავს ფსიქოაქტიურ საშუალებებს ცნობიერების კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეეძლოთ. დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლილიმ LSD-ით მიღებული გამოცდილებებისთვის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება დაიწყო და რაღაც ეტაპზე ამტკიცებდა, რომ დელფინებთან კომუნიკაცია ტელეპათიით არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ლილისთან შეხვედრების შემდეგ, კარლ სეიგანმა აღნიშნა:

"ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ დელფინებთან კომუნიკაციის მცდელლობები რაღაც გაგებით ჩვენს მისიას, უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დამყარების მცდელობას წააგავდა". სეიგანის სენტიმენტი ლოგიკურია, რადგან დელფინი საკმაოდ ჭკვიანი ცხოველია და მასაც გააჩნია კომუნიკაციის სისტემა, რომელიც განსხვავებების მიუხედავად, რაღაცნაირად ადამიანურ ენას წააგავს.

სამწუხაროდ, დელფინებთან, შიმპანზეებთან და სხვა ცხოველებთან კომუნიკაციის დამყარება, ისევე როგორც ცხოველებისთვის ინგლისური ენის სწავლების მცდელობები დიდწილად უნაყოფო აღმოჩნდა, რაც ყველასთვის მოსალოდნელი იყო, ვინც 50-იან და 60-იან წლებში კოგნიტურ მეცნიერებას ადევნებდა თვალს. ნოამ ჩომსკის და კოლეგების ფორმულირებული თეორიები ადამიანის ენაზე მიანიშნებდა, რომ ჩვენი ენა მნიშვნელოვნად განსხვავდება ცხოველების საკომუნიკაციო სისტემებისგან. ამ მიგნებებზე არაერთხელ დამიწერია და აქ მხოლოდ საბაზისო დეტალებს მივაქცევ ყურადღებას.

ასევე იხილეთ: რას გვეუბნება ენა ადამიანის ბუნებაზე — შესავალი გენერაციულ გრამატიკაში

ის რომ ადამიანების ენა დიდად განსხვავდება დელფინების "ენისგან" მომენტალურად აშკარაა თუ შევხედავთ როგორ სწავლობენ ჰომო-საპიენსები ფრანგულს, ინგლისურს და ა. შ. და როგორ სწავლოენ ისინი სხვა სახეობის ენებს.

ჩვენი ენის სტრუქტურა, ისევე როგორც სხვა კოგნიტური უნარები, დიდწილად გენეტიკურად არის განსაზღვრული ისევე, როგორც ჩვენი ფიზიოლოგია და ანატომია. სწორედ ამიტომ, ბავშვები რაღაც ასაკში ფრენას და ჭიკჭიკს კი არ იწყებენ, არამედ სიარულს და ლაპარაკს. ამასთანავე ენა, როგორც რაღაც მენტალური პროცესი ჩვენს გონებაში, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციისთვის გამოიყენება, ძალიან განსხვავდება სხვა ცხოველების კომუნიკაციის სისტემებისგან, რადგან მას სხვა გამოყენებაც აქვს. თუ დააკვირდებით, ადამიანებში ენის გამოყენების თითქმის 100 პროცენტი შინაგანია, ანუ მეტწილად "გონებაში ლაპარაკისთვის" გამოიყენება. ამასთან ერთად, ჩვენი კომუნიკაცია ხშირად ძალიან არაპირდაპირი და მეტაფორულია:

მაგალითად, როცა ლიფტში მეზობელს ესაუბრებით, რომელიც გეუბნებათ "რა კარგი ამინდია, არა?" ან როცა ფილოსოფოსი წერს "არაფერი არაფრობს", მსგავსი დებულებების მიზანი არაა რაღაც ჭეშმარიტება გაცნობოთ სამყაროზე, არამედ თქვენში აღძრას რაღაც ფენომენოლოგიური გამოცდილება. მეორე მხრივ, როცა სხვა პრიმატები "ლაპარაკობენ" ისინი მიანიშნებენ რეალურ სამყაროს ხდომილებებზე: "იქ საფრთხეა", "საჭმელი" ან რაიმე მსგავსი. მაშ ჩომსკისეული გაგებით, ენის კომუნიკაციური დატვირთვა მეორეხარისხოვანია.

ნიმ ჩიმპსკი, მაიმუნი რომელმაც 150 სიტყვა ისწავლა ამერიკულ ნიშნების ენაზე

ნიმ ჩიმპსკი, მაიმუნი რომელმაც 150 სიტყვა ისწავლა ამერიკულ ნიშნების ენაზე

ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ცხოველები ჩვენს ენას ვერ ითვისებენ, რადგან მათი ენა, როგორც კოგნიტური უნარი განსხვავებულია და სულ სხვა ფუნქციას ემსახურება. როცა ჩვენ დელფინების ან შიმპანზეების ენას "ვსწავლობთ" ამას ინტუიციურად ვერ ვახერხებთ, როგორც ადამიანური ენების შემთხვევაში, არამედ საქმეს ვუდგებით მეცნიერულად. იგივენაირად, მოსალოდნელია, რომ უცხოპლანეტელების ენას რომც გადავაწყდეთ, მისი "გაგება" მოგვიწევს, როგორც მათემატიკის "გაგება" ან ფიზიკის. ძალიან არაინტუიტიური პოსტულატების შემოღებით და ა.შ.

თანამედროვე კოგნიტურ მეცნიერებაში, მზარდი რიცხვია მეცნიერების, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შესაძლოა მათემატიკის შემთხვევაშიც იგივე ფენომენს ჰქონდეს ადგილი. ლაკოფი და ნიუნესი თავიანთ წიგნში Where Mathematics Comes From ამტკიცებენ, რომ მათემატიკას ჩვენ "მეტაფორულად" ვსწავლობთ. ჩვენი გონება სამყაროს მეტაფორულად იგებს და არა პირდაპირ. შესაბამისად, ჩვენი მათემატიკის მიგნებები განსაზღვრული და შეზღუდულია ჩვენი ზოგადი კოგნიტური უნარებით, ამიტომ გასაკვირი არაა რომ უცხოპლანეტელების "მათემატიკა" განსხვავდებოდეს მათემატიკის ჩვენი გაგებისგან, თუკი მათი ტვინები საკმარისად სხვანაირია.

ამის გათვალისწინებით, რამდენი ფორმულაც არ უნდა გავუგზავნოთ უცხოპლანეტელებს, აზრიანი კომუნიკაცია ჩვენს შორის, შესაძლოა ვერასდროს დამყარდეს! ამ აზრს დამაჯერებლობას ის ფაქტი სძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა თითქოს ძალიან კარგად აღწერს სამყაროს, წესიერად არ გვესმის სამყაროს კონკრეტულად რა ასპექტს აღწერს ის. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ბიოლოგიური ორგანიზმები ვართ და მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენი სამყაროს აღქმის უნარი მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. მაშ, ალბათ არსებობს სამყაროს ასპექტები, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარია ისევე, როგორც ჭიანჭველისთვის არის გაუგებარი საფონდო ბირჟა და კვანტური მექანიკა. განა წარმოუდგენელია, კოსმოსის მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყოთ ჭიანჭველა?

განსხვავებები თუ მსგავსებები

ფოტო: SETI

შესაძლოა, უცხოპლანეტელები ჩვენგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა მეორე მხრივ შესაძლოა, ისინი ძალიან გვგვანან. რამდენადაც ვიცით, ფიზიკის კანონები უნივერსალურია და ისინი ერთნაირად მოქმედებს როგორც დედამიწაზე ისე მარსზე და სხვა მზის სისტემებშიც. შესაბამისად, საკმაოდ ინტუიტიურია დაშვება, რომ თუ სადმე სიცოცხლე არსებობს, ის მსგავსი ფიზიკური შეზღუდვების პირობებში განვითარდა. ასეთი უცხოპლანეტელების გონება, კოგნიტური უნარებითურთ, ჩვენი გონების მსგავსი იქნება.

ამ მსჯელობას თუ ბოლომდე გავყვებით, მაშინ ხელოვნური ინტელექტის (AI) მეცნიერების დამფუძნებლის, მარვინ მინსკის შენიშვნა, რომ ადამიანის მსგავსი ენობრივი და მათემატიკური უნარების აღმოცენება გარდაუვალია სხვა პლანეტებზეც, დამაჯერებელი ჩანს. ჩვენი ენის "ფუნდამენტური" ასპექტები დამოკიდებულია ეგრეთ წოდებულ "თემატურ როლებზე". მაგალითად, ზმნურ ფრაზებში როგორებიცაა: "გიორგიმ წერილი გამომიგზავნა", "ხატიას უყვარს შოკალდი" — გვხვდება სუბიექტები და ობიექტები, აგენტები და თემატიკები, მიზეზები და შედეგები... იგივე აბსტრაქტულ მიმართებებს ვხვდებით მათემატიკაშიც.

მსგავსი კოგნიტური უნარები ცხოველს რომ არ ჰქონდეს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პლანეტიდანაა ის, ვერასდროს შეძლებდა ფიზკის და მათემატიკის განვითარებას და ასეთი არსებისთვის, "ყველაფერი ხმაური იქნებოდა". მაშ "ჭკვიან" უცხოპლანეტელებზე საუბრისას უნდა დავუშვათ, რომ მათ აღნიშნული უნარები აუცილებლად გააჩნიათ, ისევე როგორც ვუშვებთ, რომ ეს არსებები "ბიოლოგიურები" იქნებიან. მეტიც, ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, დედამიწის მსგავსად, სიცოცხლის ფორმები სხვა პლანეტებზე "ნახშირბადოვანი" იქნება.

თუ ფუნდამენტურ დონეზე, ჩვენი და უცხოპლანეტური ცივილიზაციის ქიმიური საფუძველი მსგავსია და თუ ფიზიკის იმავე კანონებით ჩამოვყალიბდით, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ვარიაციის შესაძლებლობას.

უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციის მცდელობები საინტერესო ფილოსოფიური საკითხების განხილვის შესაძლებლობას გვაძლევს და ამასთანავე, როგორც კარლ სეიგანი ამბობდა, უფრო ნათლად გვაჩვენებს ჩვენს ადგილს კოსმოსში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ