ვინ არის იულია ნავალნაია, პუტინის ახალი მტერი
სამი დღის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, არქტიკაში მდებარე კოლონიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, მისმა ცოლმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის დასამხობად ბრძოლას, ქმრის ნაცვლად, ის გააგრძელებს.
- "ალექსეის მკვლელობით, პუტინმა მოკლა ჩემი ნახევარი, ჩემი გულის და სულის ნაწილი. მაგრამ მე დამრჩა კიდევ ერთი ნახევარი, რომელიც მეუბნება, რომ არ მაქვს დანებების უფლება. მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს", — თქვა მან ვიდეომიმართვაში.
როგორც ჩანს, ნავალნაია ბელარუსელი ოპოზიციონერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას კვალს მიჰყვება — ციხანოვსკაიამ თავისი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ოპოზიციონერი ქმარი დააპატიმრეს.
- იმ დღეს, როდესაც ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, იულია ნავალნაია, მიუნხენის კონფერენციაზე, იულია ციხანოვსკაიას შეხვდა. მათმა შეხვედრამ გააჩინა სპეკულაციები, რომ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ცოლს საკუთარი პოლიტიკური გეგმები ექნებოდა.
- ამის მიუხედავად, ნავალნაიას განცხადებამ ორშაბათს, 19 თებერვალს ბევრი გააოცა, უმეტესად, იმიტომ, რომ ის წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ პოლიტიკური კარიერა არასოდეს ნდომებია.
პროფესიით ეკონომისტი იულია, ალექსეის თურქეთში დასვენების დროს, 1998 წელს შეხვდა. წყვილს პირველი შვილი, დაშა, რამდენიმე წლის შემდეგ შეეძინა, ამის შემდეგ ნავალნაია მხოლოდ შვილების აღზრდით იყო დაკავებული.
- ინტერვიუებში, რომელსაც იულია ნავალნაია ჟურნალისტებს იშვიათად აძლევდა, ჩანდა, რომ სურდა მშვიდი ცხოვრება იმის ფონზე, რომ მისი ქმრის პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა და კრემლის ბრაზიც, მისი მისამართით, მატულობდა.
- "ჩემი მთავარი საზრუნავია, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ოჯახი ისეთივედ დარჩეს, როგორც აქამდე იყო", — უთხრა მან Harper's Bazaar-ს.
- თუმცა, ვინც წყვილს ახლოს იცნობს, ამბობს, რომ ნავალნაია არა მხოლოდ იზიარებდა ქმრის შეხედულებებს, არამედ, ეხმარებოდა კიდეც მას ამ შეხედულებების ჩამოყალიბებაში.
"ტელეპათიური კავშირი"
"ალექსეის კარიერის ყველა ეტაპზე, იულია მის გვერდით იყო“, — უთხრა პოლიტიკოს ანა ვედუტამ, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის აშშ-ის ფილიალის თანამშრომელმა,— "მათ შორის იყო რაღაც ტელეპათიური კავშირი, მათ ხანდახან არც კი სჭირდებოდათ საუბარი; ისინი ერთნაირად ფიქრობდნენ“.
- მიტინგებსა და სასამართლო პროცესებზე, ნავალნაია ყოველთვის ქმრის გვერდით იყო. ის მედიის ყურადღებას იპყრობდა საკუთარი გარეგნობით და სიმშვიდით, იმის მიუხედავად, რომ მას არ სურდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.
"ეს ნაძირალები ვერასოდეს დაინახავენ ჩვენს ცრემლებს“, — იყო მისი პასუხი, როდესაც ნავალნის 2013 წელს, გაფლანგვის საქმეზე, პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას მისმა მხარდამჭერებმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.
- ნავალნი, იმავდროულად, გაცილებით ნაკლებად კონფიდენციალური იყო საკუთარი ოჯახის შესახებ. ის ხშირად აქვეყნებდა ოჯახური ცხოვრების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. მოწამვლის შემდეგ გადარჩენას კი საკუთარ ცოლს უმადლოდა.
- "იულია, შენ მე გადამარჩინე", — დაწერა ინსტაგრამზე.
- მისი ბოლო ინსტაგრამის პოსტი, გარდაცვალებამდე, იყო ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი სასიყვარულო გზავნილი ცოლის მისამართით.
წყვილის საჯარო რომანი ხაზს უსვამდა განსხვავებას ნავალნისა და პუტინს შორის, რომელიც განქორწინებულია და, გავრცელებული ინფორმაციით, ჰყავდა რამდენიმე საყვარელი ქალი და მათთან შეეძინა შვილებიც.
ნავალნაიას შანსი, დარჩენილიყო საზოგადოების ყურადღების მიღმა, გაქრა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ზაფხულში მისი ქმარი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. ის ხელმძღვანელობდა კამპანიას, ნავალნის ომსკის საავადმყოფოდან გათავისუფლების მოთხოვნით, რათა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაეყვანათ.
- "ყველაზე მნიშვნელოვანი განცდა, რაც მქონდა, იყო ის, რომ არასოდეს უნდა დამესვენა, არ გამომეჩინა სისუსტე,” — განუცხადა ნავალნაიამ მოგვიანებით რუს ჟურნალისტ იური დუდს გერმანიიდან. "თუ მე დავეცემი, ყველა დაეცემა".
- მან, ასევე, ისაუბრა ქმრის პოლიტიკური კარიერის გავლენაზე მათ ოჯახზე, მათ შორის, ადევნებაზე, მათი სახლის დარბევასა და საბანკო ანგარიშების გაყინვაზე.
საგამოძიებო პლატფორმა ბელინგქეთის ინფორმაციით, მოწამვლის სიმპტომები იულიას მისი ქმრის მოწამვლამდე 2 თვით ადრე ჰქონდა. ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო ნავალნის მოწამვლის წარუმატებელი მცდელობის შედეგი.
- თუმცა, ნავალნაიამ დუდს უთხრა, რომ იგი აგრძელებდა ქმრის მხარდაჭერას და მიიჩნევდა, რომ "შუა გზაზე საქმის მიტოვება სწორი არ იქნებოდა".
- მის გვერდით მდგომი ალექსეი ხუმრობდა, რომ ცოლი მასზე უფრო "რადიკალური“ იყო.
ნავალნის გამოჯანმრთელების შემდეგ, იულია ნავალნაია კვლავ დიასახლისის როლს დაუბრუნდა.
თუმცა იულიას უშფოთველი ცხოვრება კიდევ ერთხელ დაირღვა, როდესაც მისი რუსეთში დაბრუნებული ქმარი 2021 წელს, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.
- პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა შეაქეს ნავალნაიას თავშეკავება, როდესაც მან აკოცა ქმარს საპასპორტო კონტროლის პუნქტთან, როდესაც პოლიტიკოსი პოლიციას გაჰყავდა.
იმის გამო, რომ გასულ წელს ნავალნის ციხეში უფრო მკაცრი პირობები შეუქმნეს, იულია უფრო გააქტიურდა საერთაშორისო ასპარეზზე.
- ის, გასული წლის მარტში სიტყვით გამოვიდა ოსკარის დაჯილდოებაზე. ქმრის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარდგა.
სავარაუდოდ, ნავალნაიას პოტენციალის გაცნობიერების გამო, რუსეთის სახელმწიფო მედია და დიდი ხანია ცდილობდნენ მის დაკნინებას.
ნავალნაიას შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას შორის არის მისი რომანტიკული ურთიერთობებისა და მამამისის კგბ-ს აგენტობის შესახებ ცნობები.
პუტინის შემდეგი სამიზნე
მისი ყოველი საჯარო გამოსვლა რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებადი მედიის ყურადღების ქვეშაა. მას ადანაშაულებენ ზედმეტად დადებით განწყობაში, ან — ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ბრძანებით მოქმედებებში.
- "მან დიდი გამბედაობა გამოიჩინა, რადგან, ცხადია, ის იქნება შემდეგი სამიზნე კრემლის ცილისმწამებლური კამპანიებისთვის“, — უთხრა პოლიტიკოს ბერლინში მცხოვრებმა ადვოკატმა და ნავალნის დიდი ხნის თანამშრომელმა, ლიუბოვ სობოლმა,— "ისინი შეეცდებიან მის გატეხვას."
ნავალნის უახლოესმა მოკავშირეებმა ორშაბათს გამოთქვეს მხარდაჭერა ნავალნაიას მიმართ. ივან ჟდანოვმა დაწერა, რომ მან "მისი [ალექსეის] ადგილი დაიკავა".
- "მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვები დარჩნენ შვილებად, რომ სახლი დარჩეს სახლად და ოჯახი დარჩეს ოჯახად”, — თქვა ვედუტამ, ნავალნის მოკავშირემ. "ახლა [ნავალნის სიკვდილის შემდეგ] მას არჩევანი არ აქვს. ისინი ერთნი არიან, ის არასოდეს დაიხევს უკან და არასოდეს უღალატებს ქმრის იდეალებს".
მაგრამ ტატიანა სტანოვაია, კარნეგის რუსეთის ევრაზიის ცენტრის უფროსი თანამშრომელი, ვარაუდობს, რომ რიგითი რუსები, შეიძლება, უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი.
- "მას გაუჭირდება რუსი აუდიტორიის გარღვევა, რადგან მისი იმიჯი არის არა მხოლოდ ლიბერალური დასავლური ღირებულებების მხარდამჭერი, არამედ, ის შესაძლოა, მიჩნეული იყოს ფიგურად, რომელსაც დასავლეთი იყენებს პუტინის დასამხობად,” — თქვა მან
- მისივე თქმით, ციხანოვსკაიასთან შედარება, შესაძლოა, ნავალნაიასთვის სარგებლის მომტანი არ იყოს, რადგან ბელარუსიდან წასული პოლიტიკოსი, ამჟამად, სრულიად უძლურია.
ნავალნაია ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება, რაც მას კრემლისთვის შედარებით რთულად ხელმისაწვდომად ხდის.
"გარკვეული გაგებით, ნავალნი ახლა რეინკარნირებულია საკუთარ ცოლში, თუმცა ნავალნისგან განსხვავებით, იულია რუსეთში არ არის“, - თქვა სტანოვაიამ. "რუსეთის რეჟიმისთვის, რა თქმა უნდა, ეს ცუდი ამბავია".
კომენტარები