სიტყვა "ნეანდერტალელის" გაგონებაზე ადამიანთა უმეტესობას ერთგვარი გამოქვაბულის კაცი წარმოუდგება, მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორი იყო მდედრი ნეანდერტალელების ცხოვრება?

წინამდებარე სტატიაში სწორედ ამას განვიხილავთ.

სქესობრივი მომწიფება და მიგრაცია

მათი ბავშვობის წლების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. სამაგიეროდ, მოზარდობის პერიოდზე გარკვეული ინფორმაცია მოგვეპოვება. კერძოდ, თანამედროვე ადამიანში არსებული ნეანდერტალური გენების მუტაციები მიანიშნებს, რომ ამ სახეობის მდედრ წარმომადგენლებში მენსტრუალური ციკლი, სავარაუდოდ, იმაზე ადრე იწყებოდა, ვიდრე დღევანდელ ჰომო საპიენსებში. შესაბამისად, ისინი სქესობრივ მომწიფებულობას შედარებით ადრეულ ასაკში აღწევდნენ.

ზრდასრულობაში შებიჯების შემდეგ ისინი უკვე შეჯვარებას იწყებდნენ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შესაძლოა, მდედრი ნეანდერტალელები საკუთარ ჯგუფს ტოვებდნენ და პარტნიორს მიჰყვებოდნენ.

ფოტო: Getty

ამ მეცნიერებმა ციმბირის ორ სხვადასხვა გამოქვაბულში აღმოჩენილი ნეანდერტალელების გენომი შეისწავლეს. მათ შორის გაშიფრეს Y ქრომოსომები, რომლებიც შთამომავლობას მამისგან გადაეცემა, და მიტოქონდრიული დნმ, რომელიც დედიდან შვილზე გადადის. ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ მიტოქონდრიული დნმ-ის უფრო დიდი მრავალფეროვნება იყო, ვიდრე Y ქრომოსომების, რაც, სპეციალისტთა აზრით, სწორედ მდედრი ნეანდერტალელების ერთი ჯგუფიდან მეორეში მიგრაციით აიხსნება.

ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა მხოლოდ 13 ინდივიდის გენეტიკური მონაცემები გააანალიზეს, ზუსტი დასკვნების გამოსატანად კი ბევრად ფართომასშტაბიანი კვლევაა საჭირო.

მტკივნეული მშობიარობა

სქესობრივი მომწიფება და შეჯვარება, რა თქმა უნდა, ორსულობითა და მშობიარობით სრულდებოდა. თანამედროვე ადამიანებისთვისაც კი ეს ჯერ კიდევ გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ როგორი გამოცდილება ჰქონდათ ნეანდერტალელებს?

მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტების თანახმად, ეს მათთვის მტკივნეული იყო, რაც გასაკვირი არაა. მეცნიერებმა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემები გამოიყენეს და მდედრი ნეანდერტალელის მენჯის ღრუს ვირტუალური რეკონსტრუქცია შეძლეს.

მასზე დაყრდნობით ისინი აცხადებენ, რომ მათი საშო თანამედროვე ჰომო საპიენსისგან საკმაოდ განსხვავდებოდა. კერძოდ, ის კედლიდან კედლამდე უფრო განიერი იყო და მრუდე ფორმა არ ჰქონდა. ეს მიუთითებს, რომ ნაყოფი საშვილოსნოში შესაძლოა, არ ტრიალებდა.

ფოტო: Field Museum

რა თქმა უნდა, მათ ამით მშობიარობა არ უმსუბუქდებოდათ. დამატებით, ნეანდერტალელთა ნაშიერებს, სავარაუდოდ, უფრო დიდი და გრძელი თავი ჰქონდათ, ამიტომ მათი დაბადება მდედრებისთვის საკმაოდ მტკივნეული უნდა ყოფილიყო.

არაა გამორიცხული, რომ მდედრ ნეანდერტალელებს მშობიარობისას დახმარებასაც უწევდნენ. 2019 წლის კვლევის თანახმად, ამ სახეობაში ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ისინი "მეანობასაც" ითავსებდნენ, რადგან სხვაგვარად დედა-შვილის სიკვდილიანობა ერთად მცხოვრებ ჯგუფებს გაანადგურებდა.

ნადირობა

ცხადია, მდედრი ნეანდერტალელების ცხოვრება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. მათ თავიანთ "სოციუმში" სხვა მნიშვნელოვანი როლიც ჰქონდათ.

მტკიცებულებების თანახმად, ამ მხრივ ისინი მამრებისგან არ განსხვავდებოდნენ. დღემდე მოღწეულ ძვლებზე ნადირობასთან დაკავშირებული დაზიანებები მამრებშიც გვხვდება და მდედრებშიც. ასევე, ამისი კვალი შეიმჩნევა კბილებზეც, რომლებსაც მსხვერპლის მოხელთების შემდეგ იყენებდნენ, რათა გაეტყავებინათ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მდედრი ნეანდერტალელები, დიდი ალბათობით, ორსულობის პერიოდშიც და მშობიარობის შემდეგაც აქტიურად ნადირობდნენ. ამ სახეობაში სქესობრივი ნიშნით გარჩევა არ გვხვდებოდა.

"ნადირობა ყველას ეკუთვნოდა, არა მხოლოდ მამრებს", — ამბობს ანთროპოლოგიის პროფესორი, სარა ოკობოკი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.