ოქროს ნანოკრისტალებს პარკინსონის ნევროლოგიური დეფიციტის აღდგენა შეუძლია
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ოქროს ნანოკრისტალებს პარკინსონის დაავადებისა და გაფანტული სკლეროზის თანმდევი ნევროლოგიური დეფიციტის აღდგენა შეუძლია.
"სიფრთხილით, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ამ სტრატეგიით ზოგიერთი ნევროლოგიური დარღვევის თავიდან აცილებასა და უკუქცევას შევძლებთ", — აცხადებენ მეცნიერები.
ადამიანის ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ ორგანოს უჯრედთა ენერგიით მომარაგება, რასაც ადენოზინტრიფოსფორმჟავა აგვარებს.
ასაკის მატებასთან ერთად ენერგიის ბუნებრივი მეტაბოლიზება უფრო და უფრო ფერხდება. ექიმები ამ პრობლემის იდენტიფიცირებას ე.წ. კოფერმენტების, NAD+-სა და NADH-ის, თანაფარდობის ცვლილებაზე დაკვირვების გზით ახერხებენ. ორივე მათგანი უჯრედებში ენერგიის წარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
მსგავსი ცვლილებები ნეიროდეგენერაციული დარღვევებისას უფრო სწრაფად და მწვავედ გამოიხატება, სწორედ ასეთია პარკინსონი და გაფანტული სკლეროზი. ადრეული კვლევებით დადგინდა, რომ თუ ენერგიის ასეთ დისბალანსს თავიდან ავიცილებთ, პაციენტებში ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესება შენელდება და შესაძლოა, ნაწილობრივ გაუმჯობესდეს კიდეც.
კვლევისთვის სპეციალისტებმა კომპანია Clene Nanomedicine-ის მიერ წარმოებული ხსნარი გამოიყენეს, რომელიც ოქროს ნანოკრისტალებს შეიცავს და ორალური გზით მიიღება. ის ზემოხსენებული კოფერმენტების თანაფარდობას აღადგენს და, შესაბამისად, ტვინის უჯრედებში ენერგიის ბალანსზეც იგივე გავლენა აქვს.
2-ფაზიანი კლინიკური ცდის ფარგლებში, 12 კვირის განმავლობაში, გაფანტული სკლეროზის მქონე 11 და პარკინსონის მქონე 13 პაციენტს ეს ხსნარი დღეში ერთხელ დაუნიშნეს. მანამდე მათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს და კოფერმენტებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მოლეკულების თავდაპირველი თანაფარდობა დაადგინეს.
მკურნალობის პერიოდის შემდეგ მათ სკანირება კიდევ ერთხელ ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებში ყოველდღიურ ცხოვრებაში მოძრაობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები გაუმჯობესდა.
ავტორები ამბობენ, რომ ამ სახის თერაპია, შესაძლოა, სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემთხვევაშიც ეფექტიანი იყოს. მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of Nanobiotechnology გამოქვეყნდა.
კომენტარები