"სიყვარულის 5 ენის" მოდელი შეიძლება გამოსადეგი იყოს, მაგრამ რამდენად მეცნიერულია?
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი "სიყვარულის ენების" ცნება. ეს იმ ქცევებს გულისხმობს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები სიყვარულს გამოხატავენ ან გრძნობენ სხვებისგან.
სიყვარულის ენების თეორია გერი ჩეპმენის, ამერიკელი ავტორისა და მღვდლის, წიგნიდან იღებს სათავეს. მას "სიყვარულის 5 ენა" ეწოდება და 1992 წელს გამოიცა. ჩეპმენი წყვილებს უწევდა კონსულტაციებს და პროცესში გარკვეულ კანონზომიერებებს ამჩნევდა. მან ისიც შენიშნა, რომ პარტნიორებს ერთმანეთის საჭიროებები არასწორად ესმოდათ.
ჩეპმენის მიხედვით, სიყვარულის 5 ენაა: თბილი სიტყვები, ერთად დროის ხარისხიანად გატარება, ფიზიკური შეხება, დახმარება და საჩუქრები. თუკი ადამიანს სიყვარულის მიღება ან გამოხატვა აქედან რომელიმე ერთი გზით ურჩევნია, შესაძლებელია, ეს მის ძირითად სიყვარულის ენად მივიჩნიოთ.
რას ამბობს მეცნიერება სიყვარულის 5 ენაზე
მართალია, სიყვარულის ენების მოდელი საკმაო პოპულარობით სარგებლობს, თუმცა იგი მხოლოდ დაკვირვებებს ემყარება და არა საფუძვლიან კვლევას.
ამჟამად საკმაოდ ცოტა სამეცნიერო მტკიცებულება მოიპოვება იმ დებულების დასადასტურებლად, რომ ადამიანები სიყვარულის მიღებასა და გამოხატვას ხშირად ხუთიდან ერთი რომელიმე გზით ამჯობინებენ. ცოტა მონაცემია იმაზეც, თუ რა გავლენა აქვს ამ გამომხატველობით გზებს ურთიერთობებზე.
ამრიგად, რა ტესტიც არ უნდა შეგხვდეთ ინტერნეტში თქვენი სიყვარულის ენის დასადგენად, შეიძლება გამოგადგეთ, თუმცა იგი სამეცნიეროდ დასაბუთებული მაინც არ იქნება.
სიყვარულის 5 ენა და თავსებადობა
თავსებადობა ურთიერთობებში ნამდვილად მნიშვნელოვანია. ერთმანეთს მსგავსი ადამიანები უფრო მეტად იზიდავენ და არა განსხვავებული ხალხი. უკეთ ნარჩუნდება მათ შორის ურთიერთობებიც.
ჩეპმენის მოდელის მიხედვით, გაუგებრობებმა შეიძლება იჩინოს თავი, როდესაც პარტნიორებს განსხვავებული სიყვარულის ენა აქვთ. მაგალითისთვის, შესაძლებელია, ერთ ადამიანს ფიზიკური შეხება მიაჩნდეს სიყვარულის გამოხატვად, მეორეს კი ეს არ მოსწონდეს და გრძნობებს სიტყვებით გამოხატავდეს. შესაძლოა, ამ დროს ადამიანს არ ჰქონდეს შეგრძნება, რომ პარტნიორს იგი უყვარს.
ავტორს თუ დავუჯერებთ, წყვილებს, რომლებიც სიყვარულს ერთნაირი ფორმით იღებენ და გამოხატავენ, უკეთესი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, კვლევები ცალსახა პასუხს არ იძლევა.
მაგალითად, 2017 წელს გამოქვეყნებული ნაშრომით არ დადასტურდა, რომ სიყვარულის იმავე ენის მქონე ადამიანები უფრო კმაყოფილები იყვნენ ერთმანეთთან ურთიერთობით. მეორე მხრივ, 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანები ზოგადად ურთიერთობითაც უფრო კმაყოფილები იყვნენ და სქესობრივი ურთიერთობითაც.
პარტნიორის საჭიროებების განსაზღვრის მნიშვნელობა
ჩეპმენი იმასაც ამბობდა, რომ კომუნიკაციის ხელშესაწყობად თუ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად პარტნიორის სიყვარულის ენა უნდა გამოვარკვიოთ. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატვის ფორმები ერთმანეთს არ ემთხვევა. ავტორის აზრით, ურთიერთობა ორივე მხარისთვის მეტად სასიამოვნო გახდება, თუ ადამიანი პარტნიორის სიყვარულის ენას მიხვდება.
მაგალითისთვის, თუკი ადამიანს სიტყვები სჭირდება იმისთვის, რომ თქვენგან სიყვარული იგრძნოს, შეგიძლიათ, თქვენი გრძნობების გამოხატვისას სიტყვების შერჩევაზე უფრო ფოკუსირდეთ. თუკი მას დახმარების მიღება უფრო მოსწონს, შეგიძლიათ მას საყვარელი სადილი მოუმზადოთ და ა. შ.
მართალია, სიყვარულის 5 ენის მოდელს მეცნიერება საფუძვლიანად არ ამყარებს, თუმცა ერთ რამეს ბევრი ფიქრი ნამდვილად არ სჭირდება: ურიგო ნამდვილად არ იქნება, თუ პარტნიორისადმი სიყვარულს გააზრებულად გამოხატავთ.
კომენტარები