NASA-ს ახალი მისია დედამიწის "უხილავ სამყაროს" შეისწავლის
მისია დაგვეხმარება გავიგოთ მეტი გლობალური დათბობის, ოკეანეებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემების შესახებ.
ცხრაწლიანი ლოდინის შემდეგ, NASA-მ საბოლოოდ წამოიწყო PACE მისია, რომელიც უხილავ სიცოცხლის ფორმებსა და ნაწილაკებს შეისწავლის. იმას, რასაც მისია აღმოაჩენს, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ეს დაგვეხმარება გავიგოთ მეტი გლობალური დათბობის, პლანეტის ოკეანეებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემების შესახებ.
"PACE-ით ჩვენ მიკროსკოპულ, ძირითადად უხილავ სამყაროს გამოკვლევას ვიწყებთ. ეს მოიცავს როგორც ზღვას, ისე ცას და გარკვეულწილად ხმელეთსაც", — განუცხადა CNN-ს PACE-ის ინჟინერმა, ჯერემი ვერდელმა.
თანამგზავრი SpaceX-ის Falcon 9 რაკეტამ კოსმოსში ხუთშაბათს გაიყვანა. PACE-ის შემუშავება საკმაოდ ძვირი დაჯდა და ის მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. მოსალოდნელია, რომ თანამგზავრის მისია სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
PACE აღჭურვილია სამი სენსორით. Ocean Color Instrument-ის კამერა ფიტოპლანქტონების განაწილებას გაუწევს მონიტორინგს. დანარჩენი ორი კამერა ატმოსფეროში აეროზოლებზე დასაკვირვებლადაა.
როგორც ფოტოსინთეზატორი, ფიტოპლანქტონები მოიცავს პაწაწინა წყალმცენარეებსა და მცენარეებს, რომლებიც დედამიწის ჟანგბადის დაახლოებით 50%-ს გამოიმუშავებენ. რაც მთავარია, ისინი ასევე შთანთქავენ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგს, რომელიც სხვაგვარად დარჩებოდა ატმოსფეროში და პლანეტას მეტად გაათბობდა.
თუმცა, ზოგიერთი სახეობა ტოქსიკურ ქიმიკატებს წარმოქმნის, რომლებიც საფრთხეს უქმნის ოკეანეებში ცოცხალ ორგანიზმებს. ამ პროცესებში უკეთ გარკვევა მნიშვნელოვანია მომავალი წყლის ეკოსისტემების მდგომარეობის შესაფასებლად.
შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში
ანალოგიურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აეროზოლები. მიუხედავად იმისა, რომ სათბურის გაზები, როგორიცაა ნახშირბადი, გლობალური დათბობის გამომწვევი მთავარი მიზეზია, აეროზოლებიც დიდ გავლენას ახდენს კლიმატზე.
"ეს მომდინარეობს ისეთი წყაროდან, როგორიცაა მტვერი. მტვერი შეიძლება დაკავშირებული იყოს ტყის ხანძრებთან და ადამიანების აქტივობებთან. ამიტომ, კლიმატის ცვლილების მხრივ ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია", — განუცხადა NASA-ს მეცნიერმა, კარენ სენტ ჟერმენმა CNN-ს.
პლანეტაზე კლიმატი იცვლება და მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ როგორ ხდება ეს და რა ზომები უნდა მივიღოთ ამ პროცესების შესაკავებლად.
შემდეგი პოდკასტი: კლიმატის ცვლილება — როგორია პლანეტის მომავალი
"NASA არ არის მხოლოდ კოსმოსური და აერონავტიკის სააგენტო. ჩვენ ვიკვლევთ პლანეტას და ზოგჯერ მის უხილავ სამყაროსაც. ეს ყველაფერი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად გამოგვადგება", — აღნიშნეს NASA-ში.
კომენტარები