როდის გაჩნდა ხელოვნება და ვინ იყვნენ პირველი ხელოვანები
საუკუნეების განმავლობაში, "უნიქორნის მღვიმე" განთქმული იყო იქ შემონახული ძვლებით. ეს მღვიმე ცენტრალური გერმანიის ტერიტორიაზეა და ადრე მიიჩნეოდა, რომ აქ "უნიქორნების" ძვლები ინახებოდა.
რამდენიმე წლის წინ, არქეოლოგებმა ამ გამოქვაბულში გათხრებისას უჩვეულო ობიექტი აღმოაჩინეს. ეს იყო გიგანტური ირმის ფეხის ძვალი. გიგანტური ირემი პრეისტორიული მონადირეების "საკბილო" ხშირად ხდებოდა. თუმცა, ეს ცხოველი, როგორც წესი უფრო ჩრდილოეთ ტერიტორიებზე იყო გავრცელებული. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ კონკრეტული ძვალი შორეული ტერიტორიიდან იყო მოტანილი.
ამასთან, ძვალი სხვა ნიმუშებისგან აშკრად განსხვავდებოდა, რადგან მასზე რამდენიმე გამოკვეთილი ღარი იყო ამოკვეთილი.
კიდევ უფრო უჩვეულო იყო მისი ასაკი: ძვლის რადიოკარბონულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ ირემი დაახლოებით 51 000 წლის წინ ცხოვრობდა. ეს ის დროა, როდესაც გამოქვაბული ნეანდერტალელებს ჰქონდათ დაკავებული.
"ეს ძვალი სულ მცირე 50 000 წლისაა და, შესაბამისად, ერთ-ერთი უძველესი სიმბოლური ობიექტია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ რა დანიშნულება ჰქონდა ძვალს, მაგრამ ფაქტია, ის სიმბოლური ნივთი იქნებოდა", — თქვა დირკ ლედერმა, ქვემო საქსონიის შტატის არქეოლოგმა, რომელმაც ძვალი შეისწავლა.
ეს ძვალი ერთ-ერთია იმ კანდიდატებიდან, რომლიც შეიძლება ხელოვნების უძველესი ნიმუში აღმოჩნდეს. გასული ათწლეულის განმავლობაში, უძველეს ხელოვნებაზე შეხედულებები შეიცვალა. ახლა სულ უფრო მეტ მკვლევარს მიაჩნია, რომ ხელოვნება ადამიანის ევოლუციის ადრეულ ეტაპზე წარმოიშვა. შესაბამისად, ეს ცვლის ჩვენს გაგებას არქაული ადამიანების შემეცნებითი შესაძლებლობების შესახებ.
კვლევების მიხედვით, ნეანდერტალელები, და შესაძლოა, სხვა ადრინდელი ჰომინინებიც, ხელოვნებით იყვნენ დაკავებული. მაგალითად, არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება, რომ ნეანდერტალელები აბსტრაქტულ ფიგურებს გამსოახავდნენ გამოქვაბულების კედლებზე. ეს ჰომო საპიენსის ევროპაში ჩამოსვლამდე ხდებოდა. ზოგიერთ მკვლავარს ისიც მიაჩნია, რომ ნეანდერტალელები 130 000 წლის წინ არწივის ღეროებიდან გულსაკიდებსაც ამზადებდნენ.
"ბოლო კვლევების თანახმად, ნეანდერტალელებს ხელოვნება ისევე იზიდავდათ, როგოროც ეს ჩვენს სახეობას", — აღნიშნა ლედერმა.
უძველესი არტეფაქტები
ზოგადად, მკვლევრები არქეოლოგიური აღმოჩენების ხელოვნების ნიმუშად შერაცხვას ფრთხილად უდგებიან. ასეთ დროს ისინი ხაზს უფრო სიმბოლიზმს უსვამენ. ამაში ისეთი საგანი იგულისხმება, რომელიც სიმბოლურ მახასიათებელს ატარებს. ეს შეიძლება იყოს კედელზე დახატული დათვი, ასევე საგნები, რისი სიმბოლიზმიც გაურკვეველია, მაგრამ აშკარაა, რომ მას გარკვეული იდეა უნდა ჰქონოდა.
ლედერი, თავის მხრივ, "უნიქორნის გამოქვაბულში" აღმოჩენილ ძვალს "ხელოვნების წინარე ნიმუშს" უწოდებს.
თუმცა, თავად ეს არტეფაქტი ნამდვილად არ არის უძველესი. ზოგიერთი უძველესი ნიმუში 75 000 წლითაც თარიღდება. ასეთებს ვხვდებით თანამედროვე საფრანგეთისა და ესპანეთის გამოქვაბულებში. ყველა ეს "შემოქმედება" ძირითადად ნეანდერტალელებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მკვლევრებმა ზუსტად არ იციან თუ რა სიმბოლურ როლს ასრულებდნენ ისინი.
უძველესი ხელოვნების კვალის ძიებაში საქმე კიდევ უფრო რთულდება, როდესაც თამაშში სხვა არქაული ადამიანებიც ერთვებიან.
გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის პრეისტორიული არქეოლოგიის პროფესორი, თომას ტერბერგერი ამბობს, რომ სიმბლიზმებს ნეანდერტალელებამდე სხვა უძველესი ჰომინიდებიც იყენებდნენ.
"აფრიკასა და ევროპაში ორნამენტებისა და სიმბოლური ნივთების სულ უფრო მეტ ნიმუშს ვპოულობთ. ზოგი მათგანი 120 000 წლის წინდელია", — განუცხადა ტერბერგერმა Live Science-ს.
კიდევ უფრო შორეულ წარსულში რომ გავიხედოთ, საინტერესოა ასობით ქვის ნიმუში. ამ ქვებს სფეროს ფორმა აქვს მიცემული და ისინი იქ გვხვდება, სადაც უძველესი ქვის იარაღები იყო დამზადებული. ყველაზე ადრეული ასეთი ქვა დაახლოებით 2 მილიონი წლით თარიღდება. ეს ქვა თავად ჰომო საპიენსზე და ნენადერტალელზე მილიონი წლით უფრო ძველია.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ამ ქვებს ჩაქუჩებად იყენებდნენ, თუმცა, ამის ზუსტი თქმა რთულია. ბოლომდე გაურკვეველია თუ რა იყო ასეთი ქვების ფუნქცია, თუ საერთოდაც იყო რაიმე ასეთი.
ექსპერტები ქვებს ხელოვნებად არ რაცხავენ, მაგრამ ანალიზის თანახმად, მათ შესაბამის ფორმას მიზანმიმართულად აძლევდნენ. ეს შეიძლება სულაც სიმეტრიის მიმართ მიზიდულობის გამო ექნათ.
ასევე არის პრეისტორიული თასის ფორმის ფიგურები, რომლებიც კედლებზე ჩაღრმავებების სახითაა. ამ ფიგურებს ევროპის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებზე პოულობენ. მათგან უძველესი 1,7 მილიონი წლითაა დათარიღებული. ვარაუდობენ, რომ ეს თასის მაგვარი "ჩაღრმავებები" მცენარეების თესლის დასაფქვავად გამოიყენებოდა. ზოგს კი მიაჩნია, რომ ამ ჩაღრმავებებს უბრალოდ კედლების გასაფორმებლად ქმნიდნენ.
გადაშენებული ადამიანები
ბოლო აღმოჩენებმა არქეოლოგებს ძველი შეხედულებების გადახედვა აიძულა. დღეს ვიცით, რომ ჰომო საპიენსის გარდა სხვა ადამიანებიც ქმნიდნენ ხელოვნებას. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ამის უნარი მხოლოდ ჰომო საპიენსს ჰქონდა.
მარტორქების, მამონტების, ბიზონებისა და დათვების გამოქვაბულის ნახატები ნამდვილად ძველია და ისინი მინიმუმ 35 000 წლის წინ გასაოცარი სიზუსტითაა შესრულებული.
ლედერისთვის და სხვა მკვლევრებისთვის, მრავალ არქეოლოგიურ ობიექტზე არსებული არტეფაქტები იმის მტკიცებულებაა, რომ ჰომინინებს, როგორებიც იყვნენ ნეანდერტალელები, ხატვის ნიჭი გააჩნდათ. რაც აღსანიშნავია, შესაძლებელია არსებობდეს უფრო შთამბეჭდავი ნამუშევრები ნეანდერტალელი მხატვრების და ისინი უბრალოდ დაკარგულია. ეს იმიტომ, რომ ბევრი ასეთი ნიმუში მალფუჭებადი მასალებისგან მზადდებოდა.
შესაბამისად, შესაძლოა, ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილს ვხედავთ იმისას, რაც ოდესღაც ნეანდერტალელებმა შექმნეს.
რას ამბობს ხელოვნება ჩვენზე
ხელოვნება შემეცნების არსბობასთან არის დაკავშირებული. არქეოლოგი და ფსიქოლოგი დერეკ ჰოჯსონი, პრეისტორიული გამოქვაბულის ხელოვნების ექსპერტი, მიიჩნევს, რომ მხატვრობა ქვის იარაღების დამზადებისა და სხვა ობიექტებისთვის ფორმის შეცვლის შესაძლებლობებთან ერთად განვითარდა.
ანუ, ჩვენ საგნებს ფორმას ვუცვილიდით, შესაბამისად, დაიბადა "მხატვარიც".
"სავარაუდოდ, ხელსაწყოების დამზადების უნარი ნელ-ნელა კიდევ უფრო დიდში გადაიზარდა — უძველეს ადამიანებს განუვითარდათ ფანტაზია და მისი გამოსახვა კედლებზე დაიწყეს", — ამბობს ჰოჯსონი.
საინტერესოა სიმეტრიის ფაქტორიც. უძველესი ქვის ნიმუშები, რომლებსაც ადამიანები თლიდნენ, ასევე მანიშნებელია იმის, რომ დროსთან ერთად გეომეტრიის აღქმა ყალიბდებოდა. აღსანიშნავია, რომ სიმეტრიის აღქმა არ გააჩნიათ სხვა პრიმატებს, მაგალითად ბაბუინებს. ეს მანიშნებელია იმის, რომ ასეთი შესაძლებლობა უძველეს ჰომინიდში ეტაპობრივად უნდა გაჩენილიყო.
ტერბერგერი თვლის, რომ სიმბოლიზმი უნდა გაჩენილიყო იქ, სადაც შესაბამისი პირობები იყო. თავის მხრივ, ეს პირობები კი დაკავშრებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებებთან, რომლებიც ინფორმაციის აკუმულირებასა და გაცვლას ახდენდნენ.
"საჭირო იყო არა მხოლოდ ინდივიდი, არამედ ჯგუფი. ჯგუფში ინდივიდი ქმნის სიმბოლოს, რომლითაც ის ჯგუფის სხვა წევრებს ინფორმაციას აწვდის", — თქვა ტერბერგერმა.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ პლანეტაზე პირველი და უკანასკნელი ხელოვანი ჩვენი სახეობა არ არის. ჩვენთან ერთად და შესაძლოა, ჩვენზე ადრეც პლანეტაზე დააბიჯებდნენ ჰომინიდები, რომლებიც გადაშენებამდე ქმნიდნენ ხელოვნებას. და ისინი ამას აკეთებდნენ იმით, რითაც შეეძლოთ.
კომენტარები