ნახეთ: ვარსკვლავების უზარმაზარი "ხიდი", რომელიც ორ გალაქტიკას აკავშირებს
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გასაოცარი სურათი გადაიღო, რომელზეც შერწყმის პროცესში მყოფი ორი გალაქტიკის დამაკავშირებელ ვარსკვლავთა "ხიდს" ვხედავთ.
გამოსახულების ეპიცენტრში Arp 295a-ს სახელით ცნობილი გალაქტიკაა, რომლიდანაც 250 000 სინათლის წლის სიგრძის ერთგვარი ვარსკვლავური სარტყელი მომდინარეობს. გარშემო რძისფერი აირი და მტვერი შეინიშნება, შედარებით მცირე ზომის მოლურჯო სპირალური სტრუქტურა კი გალაქტიკა Arp 295c-ა.
თითოეული მათგანი გალაქტიკური შეჯგუფების Arp 295 ნაწილია, რომლისგანაც 270 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს. ჰაბლის მიერ დაფიქსირებული "ხიდი" ამ რეგიონში არსებული ორი გალაქტიკის გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა. შერწყმის პროცესში სისტემებიდან მტვერი, აირი და ვარსკვლავები გამოიდევნება, მათი ფორმა კი იცვლება, მაგრამ ამას მილიარდობით წელი სჭირდება.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გალაქტიკები ერთმანეთს უფრო და უფრო უახლოვდება, ხოლო საბოლოოდ ერთიან სისტემას ქმნის, რომელსაც, როგორც წესი, შედარებით ერთგვაროვანი ფორმა ეძლევა. იქ აირი ისე აქტიურდება, რომ ძალიან ბევრი ახალი ვარსკვლავის ფორმირება იწყება. ერთმანეთს ერწყმის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელებიც, რა დროსაც მძლავრი გრავიტაციული ტალღები გამოიყოფა.
ამგვარი მოვლენების შესწავლა ასტრონომებს იმის უკეთ გაგებაში ეხმარება, თუ რა ელის მომავალში ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომს, რადგან ცნობილია, რომ დაახლოებით 4.5 მილიარდ წელში ის ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახება. 2006 წელის სიმულაციებმა აჩვენა, რომ შედეგად მზის სისტემა ზემასიურ შავ ხვრელ მშვილდოსან A*-ს მიუახლოვდება და ან გალაქტიკიდან განიდევნება, ან მძლავრი გრავიტაციის გამო განადგურდება.
კომენტარები