არ გეჩვენებათ, Google-ის ძიების შედეგები მართლაც გაუარესდა
Google-ის ძიების შედეგებით ბოლო დროს შედარებით უკმაყოფილო ხომ არ ხართ? შესაძლოა, ამისათვის რეალური საფუძველი გქონდეთ.
გერმანელმა მეცნიერებმა ამის შესახებ კვლევა ჩაატარეს. მათ პროდუქტების მიმოხილვასთან დაკავშირებული 7 392 კითხვა შეისწავლეს სამ საძიებო სისტემაში და კვლევის შედეგებს გვიზიარებენ. ეს საძიებო სისტემები Google, Bing და DuckDuckGo იყო, ექსპერიმენტი კი ერთი წელი ტარდებოდა.
მკვლევრებმა ნაშრომი მოხსენებებს დააფუძნეს, რომელთა მიხედვითაც, ძიების შედეგებში დაბალი ხარისხის შიგთავსია მოჭარბებული, განსაკუთრებით პროდუქტების ძიებისას. ისინი ნებისმიერი სახის ღირებულ ინფორმაციას უკანა პლანზე სწევს. პროდუქტთან დაკავშირებულ კითხვებზე საკმაოდ ბევრი შედეგი აღმოჩნდა ყალბი მიმოხილვა.
კვლევამ აჩვენა, რომ "სპამური" საიტები ხშირად Google-ის უმაღლეს რანგებში ხვდება. ეს პრობლემა ამ საიტებსა და საძიებო სისტემებს შორის მუდმივად არსებობს.
მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, SEO მუდმივად იცვლება და იმავე ტიპის ყალბი მიმოხილვები ხელახლა ჩნდება და ქრება ძიების შედეგებიდან. ეს იმიტომ, რომ საძიებო ძრავები და SEO ექსპერტები პარამეტრებს მუდმივად ცვლიან. Google, Bing და DuckDuckGo "სპამს" მუდმივად ებრძვიან, თუმცა, მეცნიერების თქმით, ეს სიტუაციას მხოლოდ დროებით აუმჯობესებს.
///
Google-ის წარმომადგენელმა Mashable-ს განუცხადა, რომ კვლევა "Search-ის სრულ ხარისხსა და სარგებლიანობას არ ასახავს". ამას გარდა, კვლევა კითხვათა მხოლოდ კონკრეტულ წყებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ პროდუქტების ძიებაზე.
"ამ კონკრეტული კვლევით მხოლოდ პროდუქტების მიმოხილვასთან დაკავშირებული შიგთავსი შეისწავლეს და იგი არ ასახავს Search-ის საერთო ხარისხსა და სარგებლიანობას, რომელსაც ყოველდღიურად მილიარდობით კითხვის შემთხვევაში ვხედავთ. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად რამდენიმე კონკრეტული საკითხი გავაუმჯობესეთ — თავად კვლევაშიც აღნიშნულია, რომ Google გასული წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და სხვა საძიებო ძრავებზე უკეთ მუშაობს. ზოგადად, არაერთ მესამე მხარეს შეუმოწმებია საძიებო ძრავის შედეგები სხვა ტიპის კითხვებზე და დადგინდა, რომ Google დანარჩენებზე გაცილებით ხარისხიანია", — განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა.
კვლევამ ნამდვილად აჩვენა, რომ ექსპერიმენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე შუალედში Google-ის შედეგები გარკვეულწილად გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა სამივე საძიებო ძრავის ტექსტების ხარისხში დაღმასვლის ტენდენცია შენიშნეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ, AI-ს მიერ გენერირებული "სპამის" გათვალისწინებით, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.
"ვასკვნით, რომ დინამიკურ სარეკლამო სპამს, რომელიც დაბალი ხარისხის მასობრივად ნაწარმოები კომერციული შიგთავსის სახითაა, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს", — წერენ მკვლევრები.
404Media-ს უწყებით, Google-ში "სპამის" მოჭარბებას სხვა მკვლევრებიც ამჩნევენ. მაგალითად, Search Engine Journal-მა 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ Google-ზე ამ კუთხით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, რომელიც რამდენიმე დღით გაგრძელდა.
კომენტარები