ლაზერული ტექნოლოგიით 2 500 წლის დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს
ამაზონის ჯუნგლებში არქეოლოგებმა ანტიკური ქალაქის ნარჩენები აღმოაჩინეს.
LIDAR-ის, უახლესი ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის (CNRS) მეცნიერებმა ფარული ლანდშაფტის სიღრმისეული გამოკვლევა ჩაატარეს.
დეტალურმა ლაზერულმა გამოსახულებებმა გზებისა და მოედნების რთული ქსელები გამოავლინა. ეს ნაშთები ზემო ამაზონში აღმოაჩინეს და ის 2 500 წლის წინ არსებულ საზოგადოებას ეკუთვნის.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აგრარული დასახლებაა, რომელიც აქამდე ამაზონში აღმოგვიჩენია", — აღნიშნულია განცხადებაში.
დასკვნების დადასტურებას 20 წელი დასჭირდა
ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ CNRS-ის არქეოლოგმა სტეფან როსტეინმა ამ ქალაქის ნაშთები პირველმა შენიშნა.
LIDAR-ის ტექნოლოგიამ მკვლევრებს საშუალება მისცა შეეხედათ ტყის ფენებში და გამოეაშკარავებინათ ბორცვებისა და სხვა სტრუქტურების მანამდე უცნობი მახასიათებლები.
ფართო საველე სამუშაოებისა და LIDAR რუკების გამოყენებით, მკვლევრებმა დაახლოებით 6 000 ანთროპოგენური მართკუთხა თიხის პლატფორმა და მოედნის სტრუქტურა აღმოაჩინეს.
ეს არქიტექტურული ელემენტები დაკავშირებული იყო საფეხმავლო ბილიკებითა და გზებით, რომელიც ფართო საკვლევ ტერიტორიას 300 კვადრატულ კილომეტრზე მოიცავდა.
ამ სტრუქტურების შესწავლისას არქეოლოგებმა 15 ცალკეული საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირება შეძლეს.
სტრუქტურების დამატებითი შესწავლისას მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ეს ინფრასტრუქტურა აშენდა და დასახლებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 500 წელს.
ეს ძირითადად კილამოპის და მოგვიანებით უპანოს კულტურების კუთვნილი თემების მიერ უნდა მომხდარიყო.
მკვლევრებს უჭირთ მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის გამოვლენა, თუმცა მათი თქმით, ეს ათობით ათასი უნდა ყოფილიყო.
ეკვადორის აღმოსავლეთი ტერიტორია ვულკანის ზემოქმედების ქვეშ ხშრად ექცევა. ამას, შესაძლოა, ქალაქის დაცემისთვის შეეწყო ხელი.
აღმოჩენა მნიშვნლოვანია და შემდგომი შესწავლის შემთხვევაში მან ამაზონის მკვიდრთა შესახებ ბევრი სიახლე შეიძლება გაგვაგებინოს.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები