სატელიტური ფოტოების თანახმად, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირო იძირება
სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირო სწრაფი ტემპით იძირება. ამის შესახებ Virginia Tech-ის მკვლევრებმა განაცხადეს.
სატელიტური კვლევის თანახმად, რომელიც გასულ კვირას ჟურნალ PNAS Nexus-ში გამოქვეყნდა, ტერიტორიები, მათ შორის ნიუ-იორკი, ბალტიმორი და ნორფოლკი, ყოველწლიურად 1-დან 2 მილიმეტრამდე იძირება. ეს ის რეალობაა, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხეები გააჩინოს.
"პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ მიწა იძირება. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ჩაძირული მიწა პირდაპირ კვეთს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან კერებს", — თქვა ლეონარდ ოჰენჰენმა, Virginia Tech-ის მკვლევარმა.
მკვლევრები შეშფოთებას არ მალავენ და ამბობენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ორ მილიონზე მეტ ადამიანზე ახდენს გავლენას.
"ჩვენ გავზომეთ ჩაძირვის სიჩქარე და ეს წელიწადში ორი მილიმეტრია. ეს აღმოსავლეთ სანაპიროზე უამრავ ადამიანზე ახდენს გავლენას. ზემოქმედება ხდება ნელ-ნელა, მაგრამ ის დამანგრეველია", — თქვა კვლევის თანაავტორმა და Virginia Tech-ის გეოფიზიკის პროფესორმა მანოჩეჰრ შირზაიმ.
უფრო მეტიც, როგორც USA Today აღნიშნავს, ზოგიერთი ზონა უფრო მაღალი ტემპებით იძირება, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო გაზომილი. ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც შეფასდა, რომ ნიუ-იორკის მეტრო წელიწადში 1,5 მილიმეტრით იძირებოდა. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი ახლა 2 მილიმეტრია.
როგორც შირზაიმ თავის განცხადებაში აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ ასევე არსებობს საშიში წყალდიდობების რისკები.
თუმცა, არის უკეთესის იმედებიც. აღმოსავლეთ სანაპიროზე დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია პროაქტიული კლიმატის შერბილების პოლიტიკის გზით.
კომენტარები