ჩხრიალა გველის შხამი შესაძლოა, მაღალი წნევის სამკურნალოდ ეფექტიანი იყოს
ბრაზილიელმა მეცნიერებმა სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო უჩვეულო პოტენციურ საშუალებას მიაგნეს — გველის შხამს.
მათ Lachesis muta-სა და Bothrops cotiara-ს სახეობის ჩხრიალა გველების შხამში არსებული პეპტიდები, ანუ ამინომჟავების მოკლე ჯაჭვები, შეისწავლეს. შედეგად, ახალი ერთეულები გამოავლინეს, რომელთა ბიოტექნოლოგიური მიზნებისთვის გამოყენებაც შესაძლებელია.
მეცნიერები ამბობენ, რომ ობობებისა და ქვეწარმავლების შხამს კაცობრიობა უკვე დიდი ხანია, იკვლევს, მაგრამ აღმოჩენები არა და არ სრულდება. სპეციალისტთა უკანასკნელი ორი კვლევა სწორედ ამის მაგალითია.
პირველ მათგანში ყურადღება Bothrops cotiara-ზეა გამახვილებული, რომლის შხამშიც Bc-7a-ს სახელით ცნობილი ახალი პეპტიდი გამოავლინეს. ის ამ გველების მსხვერპლში სისხლდენას იწვევს, მაგრამ მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთი პრეპარატების კომპონენტებთან, როგორიც წნევის დამწევი კაპტოპრილია. ის ფერმენტ CD143-ის გაუვნებლების გზით მოქმედებს. ასეთი ეფექტის მქონე მოლეკულები მრავლადაა, მაგრამ მათ გვერდითი მოვლენები ახლავს თან, როგორიცაა მშრალი ხველა, თავბრუსხვევა და სისხლში კალიუმის დონის აწევა.
საერთო ჯამში მეცნიერებმა 197 პეპტიდი გამოიკვლიეს, აქედან 189 კი აქამდე აღწერილი არ იყო.
მეორე ნაშრომი Lachesis muta-ზეა კონცენტრირებული. ავტორებმა მის შხამში 151 პეპტიდის იდენტიფიცირება შეძლეს, საიდანაც 126 აქამდე უცნობი იყო. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი Lm-10a აღმოჩნდა, რომელიც ფერმენტ CD143-ს არა მხოლოდ აუვნებლებს, არამედ მაღალი წნევის სამკურნალო პოტენციალიც აქვს.
სპეციალისტთა დასკვნით, ეს ორივე პეპტიდი შხამის მომწიფების პროცესის თანმდევი ფრაგმენტაციისას წარმოიქმნება. ეს ამ ნივთიერების ევოლუციასთან დაკავშირებულ რთულ ბიოლოგიურ მექანიზმებზე მიანიშნებს, რომლებიც ახალი პეპტიდების ფორმირებას ედება საფუძვლად.
მათი ეფექტიანობის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო, მაგრამ ბოლო მიგნებები მაინც იმედის მომცემია. ასევე, მსგავსი აღმოჩენები მიუთითებს, რომ პეპტიდების როლზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიით უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ.
კომენტარები