მცენარეებში თვითდამტვერვა გახშირდა — მიზეზი სათანადო მწერების ნაკლებობაა
დედამიწაზე მწერების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება. კერძოდ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წელიწადში ამ არსებების მთლიანი პოპულაციის რიცხვი 2%-ით მცირდება, რისი მიზეზით, მეტწილად, ჩვენ ვართ.
საქმე ისაა, რომ მწერების გაქრობას ადამიანთა სამრეწველო საქმიანობით განპირობებული კლიმატური ცვლილებები, აქტიურად გამოყენებადი პესტიციდები, საბინადრო არეალის მოსპობა და სხვა ფაქტორები იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ მწერები ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ელემენტები არიან, მათი გაიშვიათება ფლორაზეც უარყოფითად აისახება.
მოგეხსენებათ, რომ მრავალი მწერი დამტვერვაში იღებს მონაწილეობას, ამიტომ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, მათი ნაკლებობა მცენარეებს თვითდამტვერვისკენ უბიძგებს.
მეცნიერებმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარშემო არეალში ფერმების მიმდებარე მდელოებზე არსებული ყვავილები გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ამ მცენარეებში თვითდამტვერვის შემთხვევები გახშირებულია.
ყურადღება Viola arvensis-ის სახეობის იაზე გამახვილდა. სპეციალისტებმა ზემოხსენებულ რეგიონში მისი მონაცემები 1992-2001 წლებში მოპოვებული თესლებით გახარებული ყვავილებისას შეადარეს. მათ ამ ორი პოპულაციის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, ფიზიკური მახასიათებლები შეისწავლეს და ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბაზი შეასიეს. მიზანი იმის გაგება იყო, თუ რომელ ყვავილებს დააჯდებოდა ეს მწერი.
შედეგად ავტორებმა დაადგინეს, რომ მდელოებზე გახარებულ Viola arvensis-ში თვითდამტვერვა 27%-მდეა გაზრდილი. ისინი ზომაში შემცირებულია და შედარებით ცოტა ნექტარსაც გამოყოფს. შესაბამისად, მწერებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე 1992-2001 წლებში აღებული თესლებისგან გაზრდილი იგივე ყვავილები.
თვითდამტვერვა, როგორც ახალ გარემოსთან მცენარეთა ადაპტაცია, შესაძლოა, ერთი შეხედვით, დამაიმედებლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ეს ასე არაა. მსგავსი ცვლილება მწერების რაოდენობის მეტად შემცირებას უწყობს ხელს, რაც კვებით ჯაჭვზე უარყოფითად აისახება.
მწერებით მრავალი ცხოველი საზრდოობს, ზოგი მათგანისთვის კი ეს საკვების მთავარი წყაროა, მაგალითად, ჩიტებისა და ბაყაყებისთვის. ასევე, ისინი დეკომპოზიციის პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ და ხილმსხმოიარე მრავალი მცენარის დამტვერვა სწორედ მათზეა დამოკიდებული.
მაშასადამე, მწერების გარეშე ფლორაცა და ფაუნაც საგრძნობლად დაზარალდება, ამიტომ კაცობრიობამ ამ არსებების გადარჩენაზე უნდა იფიქროს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში New Phytologist გამოქვეყნდა.
კომენტარები