ჰიგსის ბოზონი მაშინ წარმოიქმნება, როცა პროტონების ზესწრაფი ნაკადები ერთმანეთს ეჯახება, თუმცა ეს ელემენტალური ნაწილაკი ძალიან, ძალიან მცირე ხნით ნარჩუნდება, რის შემდეგაც უფრო მსუბუქ ნაწილაკებად იშლება.

ასეთი ხანმოკლე პერიოდის მონაცემებით მეცნიერები ცდილობენ, ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და იდუმალი ნაწილაკის სავარაუდო მასა გამოთვალონ. ექსპერიმენტები CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ტარდება, რომლის მეშვეობითაც ახლა ადრინდელთან შედარებით ყველაზე ზუსტი ინფორმაცია გვაქვს.

ეს მონაცემები 4 წლის კვლევას აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც კოლაიდერში დაახლოებით 9 მილიონი ჰიგსის ბოზონი წარმოიქმნა. ამ რაოდენობის მიუხედავად, მათ მხოლოდ მცირე ნაწილზე დაკვირვება მოხერხდა.

///

კვანტურ ველთან დაკავშირებული ჰიქსის ბოზონის მასის დადგენა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ფიზიკის სტანდარტული მოდელით მასზე ვერ მსჯელობთ და არც სხვა ნაწილაკებთან ურთიერთქმედების შესახებ ვიცით. გამოთვლებით მიღებული მისი მასა კი თეორიულად პროგნოზირებულზე სამჯერ მცირეა.

მეცნიერთა კვლევის თანახმად, ეს მასა 125.11 გიგაელექტრონვოლტია, ± 0.11 გიგაელექტრონვოლტი (ელემენტარული ნაწილაკების მასა ხშირად ელექტრონვოლტებში გამოისახება, რადგან ის ენერგიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული). შედარებისთვის, 2019 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 125.35-ს (±0.12) უდრიდა, ანუ ოდნავ მეტი იყო.

"ეს შედეგი ამჟამად ჰიგსის ბოზონის მასის ყველაზე ზუსტი გამოთვლაა, რომელიც ფუნდამენტურ სიდიდეში 0.09% სიზუსტეს აღწევს", — აცხადებენ ავტორები.

ეს მცდარობასთან დაკავშირებული ინტერპრეტაციებისთვის უფრო მცირე ადგილს ტოვებს და შესაძლოა, ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტული მოდელის პროგნოზების გამოცდასა და სავარაუდო აცდენების გამოვლენაში დაგვეხმაროს. მაგალითად, გასულ წელს W ბოზონის მასის გამოთვლები სტანდარტული მოდელთან წინააღმდეგობაში მოვიდა, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი ფენომენი არსებობდეს, რომელიც ამჟამინდელი თეორიით ვერ იხსნება.

ახალი მონაცემების სიზუსტის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ჰიგსის ბოზონის მახასიათებლები ბოლომდე გამოვლენილია. ამ ნაწილაკთა მასა ყოველთვის ერთნაირი არაა, არამედ მასების ერთგვარ დიაპაზონში გამოიხატება, რომლის ერთგვარი საზღვრების დადგენასაც სპეციალისტები ცდილობენ.

კითხვები მაინც რჩება. მაგალითად, არსებობს თუ არა სხვა ტიპის ჰიგსის ბოზონები ან რამდენად შეგვიძლია, მისი მეშვეობით ბნელი მატერია შევისწავლოთ. არაა გამორიცხული, ახალი მიგნებებით პასუხებს ვუახლოვდებოდეთ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.