რა ხდება: 2023 წლის 18 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტი მიიღო.

რა არის მიზანი: რუსეთიდან იმპორტისა და რუსეთში ექსპორტზე დამატებითი აკრძალვების დაწესება;

  • სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლა და
  • სანქციების წესებში არსებული გარღვევების შევსება.

რას მოიცავს: ძირითადად, ამ მიმართულებებს — ვაჭრობის სფერო, ენერგეტიკის სფერო, ახალი აკრძალვები იმპორტსა და ექსპორტზე და რუსეთის ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით სიებს.

///

ასევე,

  • ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტის აკრძალვას, დიდ შვიდეულთან (G7) მჭიდრო თანამშრომლობით.
  • პაკეტი ამკაცრებს ნავთობის ფასის ლიმიტს ტანკერების (ამ ლიმიტის გვერდის ავლის მიზნით) გამოყენების უფრო მჭიდრო მონიტორინგის საშუალებით.
  • ის ასევე მოიცავს აქტივების მიკვლევის გაზრდილ ვალდებულებებს და მკაცრ ზომებს მესამე ქვეყნების კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც სანქციებს გვერდს უვლიან.

G7-ის წევრები არიან: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ევროკავშირი)

  • 2014 წლამდე, დიდი შვიდეული (G7) იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან გაერთიანებაში რუსეთიც შედიოდა.
  • თუმცა, 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი გარიცხეს.

მეთორმეტე პაკეტის ძირითადი ზომები

დამატებითი სიები

აქტივების გაყინვას 140-ზე მეტი დამატებითი ფიზიკური და იურიდიული პირი დაექვემდებარება.

///

ეს სია მოიცავს რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სფეროში მოქმედ პირებს და კომპანიებს, მათ შორის სამხედრო ინდუსტრიის და კერძო სამხედრო კომპანიებს.

  • ეს, ასევე მოიცავს IT სექტორის სუბიექტებს, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტორებს.
  • ზომები ასევე, მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო უკანონო ე.წ. "არჩევნები" მოაწყო;
  • ვინც პასუხისმგებელია უკრაინელი ბავშვების იძულებით "გამოსწორებაზე",
  • ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად დეზინფორმაციას ავრცელებს და პროპაგანდას ეწევა.

ვაჭრობის სფერო

რუსული ალმასების იმპორტის აკრძალვა: რუსეთში მოპოვებული, დამუშავებული ან წარმოებული არასამრეწველო დანიშნულების ბრილიანტების იმპორტის შეზღუდვები.

ეს სანქციები არის დიდი შვიდეულის (G7) საერთაშორისოდ კოორდინირებული ბრილიანტებზე აკრძალვის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს, რუსეთს ჩამოერთვას წელიწადში 4 მილიარდ ევროს ოდენობის მნიშვნელოვანი შემოსავალი.

///

  • არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელი იანვრისა, G7-ის ყველა წევრი რუსეთიდან ალმასების ექსპორტზე პირდაპირ აკრძალვას შემოიღებს.
  • 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება აკრძალვა მესამე ქვეყანაში დამუშავებულ რუსულ ალმასებზე
  • და 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან, აკრძალვა გაფართოვდება და ლაბორატორიაში გამოყვანილ ბრილიანტებს, სამკაულებს და ბრილიანტიან საათებს შეეხება.
  • ამ ზომების ეფექტიანობის გასაძლიერებლად, G7-ის ფარგლებში, მიკვლევადობაზე დაფუძნებული დაუმუშავებელი ალმასების შემოწმებისა და სერტიფიცირების მექანიზმი შეიქმნება.

ფოლადის წარმოებისთვის ნედლეულის, გადამუშავებული ალუმინის პროდუქტებისა და სხვა ლითონის ნაწარმის იმპორტის აკრძალვა: ეს ახალი ზომები რუსეთიდან გარკვეული ლითონის საქონლის იმპორტს ზღუდავს.

ექსპორტის შეზღუდვები: დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები წელიწადში 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ორმაგი დანიშნულების და მოწინავე ტექნოლოგიურ და სამრეწველო საქონელზე.

კერძოდ:

  • ექსპორტის ახალი კონტროლი ორმაგი დანიშნულების / მოწინავე ტექნოლოგიებზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტებას და მოიცავს: ქიმიკატებს, თერმოსტატებს, DC ძრავებს და უპილოტო საჰაერო აპარატებს (UAV), დანადგარებს და ტექნიკის ნაწილებს.
  • ევროკავშირის ახალი აკრძალვები სამრეწველო საქონლის ექსპორტზე, კიდევ უფრო შეაფერხებს რუსეთის შესაძლებლობებს ინდუსტრიულ სექტორში, რაც მოიცავს დანადგარებს და ნაწილებს, სამშენებლო საქონელს, დამუშავებულ ფოლადს, სპილენძს და ალუმინის საქონელს, ლაზერებს და აკუმულატორებს.

///

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: კორპორაციული და დაპროექტებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების აკრძალვა რუსეთის მთავრობის, ან რუსეთის კომპანიებისთვის, ინდუსტრიულ სექტორში რუსეთის შესაძლებლობების კიდევ უფრო შეაფერხებს.

აქტივების გაყინვის უფრო მკაცრი ვალდებულებები

კრიტერიუმი ახალი სიებისთვის: საბჭომ შეათანხმა კრიტერიუმები ახალი სიებისთვის, რომელიც მოიცავს პირებს, ვინც ევროკავშირის კომპანიების რუსეთის შვილობილი კომპანიების საკუთრების იძულებით გადაცემისა ან კონტროლით სარგებელს იღებს.

  • ეს იძლევა გარანტიას, რომ არავინ მიიღებს სარგებელს ევროკავშირის კომპანიების ზარალიდან, როდესაც მათი შვილობილი კომპანიები იძულებით ხელში უვარდება მფლობელებს / მენეჯმენტს რუსეთიდან; გარდაცვლილი პირების აქტივების გაყინვის სიაში შენარჩუნება იძლევა შესაძლებლობას, რათა გაყინვის ღონისძიების პოტენციური დარღვევა თავიდან იქნას აცილებული.
  • წევრი სახელმწიფოების უფრო მკაცრი ვალდებულებაა, პროაქტიულად დააკვირდნენ სიაში მოხვედრილ პირთა აქტივებს, რათა არ დაუშვან და გამოავლინონ სანქციების დარღვევა ან გვერდის ავლა.

///

ენერგეტიკის სფერო

ნავთობის ფასის ლიმიტი: რუსეთისთვის ომის გაგრძელების გასართულებლად, გამკაცრდა G7+ ნავთობის ფასის საერთაშორისო ლიმიტი, მესამე ქვეყნებში ტანკერების გაყიდვის უფრო მჭიდრო მონიტორინგის მიზნით.

  • ახალი აკრძალვა თხევადი გაზის (LPG) იმპორტზე, რომელიც 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების წლიურ იმპორტზე გავლენას მოახდენს, არსებული კონტრაქტების ვალდებულებებისგან მაქსიმუმ 12 თვის ვადით გათავისუფლებით.

სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო უფრო მკაცრი ზომები

რას ნიშნავს ეს: რუსეთის გავლით ტრანზიტის აკრძალვის სფეროს გაფართოებას გარკვეული ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის დამატებით, რომელიც მესამე ქვეყნებში ექსპორტისთვის არის განკუთვნილი.

  • ოპერატორების დავალდებულება, ხელშეკრულებით აკრძალონ გარკვეული კატეგორიის მგრძნობიარე საქონლის რეექსპორტი რუსეთში, მათ შორის, ავიაციასთან დაკავშირებული საქონლის, თვითმფრინავის საწვავის, ცეცხლსასროლი იარაღისა და "მაღალი პრიორიტეტების სიაში" შემავალი საქონლის ჩათვლით.
  • ახალი ზომის შემოღება, რომელიც მოითხოვს შეტყობინებას ევროკავშირიდან გარკვეული თანხების გადარიცხვის შესახებ ევროკავშირის იურიდიული პირებისგან, რომელთა 40%-ზე მეტს პირდაპირ ან ირიბად რუსეთის მოქალაქეები ან რუსეთში დაფუძნებული იურიდიული პირები ფლობენ.

///


სანქციები რუსეთის წინააღმდეგ — რა არის კონტექსტი

  • დარგობრივი სანქციები მიმართულია იმაზე, რომ გაეზარდოს რუსეთს უკრაინაში უკანონო აგრესიის ღირებულება და შეზღუდოს მისი სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი გამოყენება და გაფართოება.
  • ინდივიდუალური კი მიმართულია სამხედრო აგრესიაზე პასუხისმგებელ და ფინანსურად ან მორალურად მხარდამჭერ პირებზე, ასევე, მათზე, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძირგამომთხრელი ქმედებების განხორციელებაზე.

როგორ არის შემუშავებული სანქციები

  • სანქციებზე წინადადება შეაქვს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში (HR). როდესაც სანქციები მიზნად ისახავს ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების შეწყვეტას, უმაღლესი წარმომადგენელი ამ წინადადებას ევროკომისიასთან ერთად აყალიბებს.
  • წინადადებები წარედგინება საბჭოს (წევრ ქვეყნებს), რომელიც პასუხისმგებელი უწყებების დახმარებით იღებს გადაწყვეტილებას ზომების მიღებაზე. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სანქციების რევიზიის, მოხსნის, ან განახლების აუცილებლობის შესახებ.

როგორ ხდება საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

შეთავაზებული ზომები მოწმდება და განიხილება საბჭოსადმი დაქვემდებარებული მომზადებაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ:

  • საბჭოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია იმ გეოგრაფიულ რეგიონზე, რომელსაც მიეკუთვნება სამიზნე ქვეყანა (მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფი (COEST) უკრაინის ან ბელარუსისთვის;
  • სამუშაო ჯგუფი სირიისთვის (Mashreq/Maghreb) ან სხვა მომზადებაზე პასუხისმგებელი ორგანო);
  • საგარეო ურთიერთობათა მრჩეველთა სამუშაო ჯგუფი (RELEX);
  • საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC);
  • მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II).
  • შემდეგ საბჭო გადაწყვეტილებას ერთხმად იღებს. თუ საბჭოს გადაწყვეტილება მოიცავს აქტივების გაყინვას და/ან სხვა სახის ეკონომიკურ და/ან ფინანსურ სანქციებს, ეს ზომები რეგულაციაში უნდა აისახოს.

ძალაში შესვლა

საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე.

  • ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის საბჭოს რეგულაცია ერთად მიიღება ორივე სამართლებრივი აქტის ერთდროულად მოქმედებისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია აქტივების გაყინვის შემთხვევაში.
  • მხოლოდ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) საბჭოს გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული ზომები, როგორიცაა იარაღის ემბარგო ან მოგზაურობის შეზღუდვა, განხორციელდება წევრი ქვეყნების მიერ, ხოლო კომისია შეამოწმებს, რომ წევრმა ქვეყნებმა რეგულაციები სათანადოდ და დროულად განახორციელონ.