ირანი ირწმუნება, რომ დედამიწის ორბიტაზე ცხოველები გაუშვა — ეკიპაჟიანი მისია 2030 წლამდე იგეგმება
ირანმა დედამიწის ორბიტაზე "ბიოკაფსულა" წარმატებით გაუშვა, რომელშიც, ქვეყნის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ცხოველები იმყოფებოდნენ. ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია ეკიპაჟიანი მისიისთვის, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო ამ დეკადის მიწურულს გეგმავს.
ფრენა 6 დეკემბერს შედგა და ხომალდმა ხმელეთიდან 130 კილომეტრ სიმაღლემდე ააღწია. 500 კილოგრამი წონის კაფსულა ორბიტაზე ირანულმა რაკეტა Salman-მა გაიტანა. აპარატში მყოფი ცოცხალი ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალება Al Jazeera-მ გაავრცელა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. გაურკვეველია ისიც, თუ კონკრეტულად რომელ ცხოველებზეა საუბარი.
ირანი კოსმოსის ათვისებას ცდილობს, რისთვისაც საკუთარ ხომალდებზე მუშაობს, რათა ასტრონავტები ორბიტაზე დამოუკიდებლად გაგზავნოს. ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ სწორედ ამას ემსახურება ახალი თაობის "ბიოკაფსულის" სუბორბიტული ტესტირებები.
თუ ეს სახელმწიფო საკუთარ მიზანს მიაღწევს, აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის გვერდით დაიკავებს ადგილს, რომლებიც ეკიპაჟიან მისიებს დამოუკიდებლად ახორციელებენ.
ირანს ჯერჯერობით დედამიწის გარშემო მხოლოდ მცირე ზომის ხელოვნური თანამგზავრების განლაგება შეუძლია. შედარებით სერიოზული მიზნებისთვის მას მოუწევს, უფრო მძლავრი რაკეტები, ხომალდები და ასტრონავტებისთვის საჭირო სისტემები შექმნას. ეს გამოწვევაა, რადგან ქვეყანა აშშ-ის სანქციების ქვეშაა, ამიტომ მრავალ ტექნოლოგიაზე არ მიუწვდება ხელი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ირანმა ამ მხრივ რუსეთთან კავშირები გაამყარა და მასთან სატელიტების გასაშვებად თანამშრომლობს. ამის მიუხედავად, თავად რუსეთიც, უკრაინაზე თავდასხმის გამო, განცალკევებულია და სხვა კოსმოსურ სააგენტოებთან მჭიდრო ურთიერთობა აღარ აქვს.
კომენტარები