ნახეთ: აი, რას დაინახავენ ასტრონავტები მარსის ორბიტიდან
ოდესმე გიფიქრიათ, რას დაინახავენ მარსის გარშემო მოძრავ კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები მომავალში? NASA-ს ზონდის Mars Odyssey Orbiter მიერ გადაღებული ახალი კადრი სწორედ ამას გვიჩვენებს.
მეცნიერებმა აპარატი მთელი 1 სრული ორბიტის განმავლობაში წითელი პლანეტის ჰორიზონტის გადასაღებად მომართეს და გასაოცარი გამოსახულება მოიპოვეს. მასზე ღრმა კრატერები, ღრუბლები და ატმოსფერული მტვერია აღბეჭდილი, რასაც სამომავლო მისიებში მონაწილე ეკიპაჟიც იხილავს.
"როგორც ასტრონავტს, თქვენს ყურადღებას, პირველ რიგში, ეს ულამაზესი კრატერები მიიპყრობდა, რომლებიც, რა თქმა უნდა, დედამიწაზე არსებულისგან ძალიან განსხვავდება. ამის შემდეგ უკვე ღრუბლების გასაოცარ სტრუქტურას დაინახავდით, რადგან პლანეტას ამ კუთხით დააკვირდებოდით", — აცხადებენ აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში.
მსგავსი რაკურსით მარსის გადასაღებად სპეციალისტებმა ამ კონკრეტულ პოზიციაში ზონდი პირველად განალაგეს, რათა კამერა ქვემოთ, პლანეტის ზედაპირისკენ, ყოფილიყო მიმართული. შედეგად მის ობიექტივში ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ჰორიზონტი, კრატერები და ატმოსფერული შრეები გამოჩნდა, მათ შორის ნახშირორჟანგისა თუ წყლის ყინულის ღრუბლები და მტვრის ფენა.
აპარატი თერმული კამერითაა აღჭურვილი, რომელიც მარსის ატმოსფეროში სხვადასხვა ტიპის ღრუბელს აფიქსირებს. ახალი პანორამული სურათი მან დაახლოებით 400 კილომეტრი მანძილიდან გადაიღო, რაც დედამიწასა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შორის არსებულ დისტანციას ემთხვევა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2001 წელს გაშვებული Mars Odyssey Orbiter მარსზე ამ დრომდე ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე აპარატია. მომდევნო წელს ის წითელ პლანეტას 100 000-ჯერ შემოუვლის და რამდენიმე მეცნიერულ მისიასაც შეასრულებს. მაგალითად, იგეგმება ციური სხეულის ზედაპირის აღბეჭდვა, რადგან სამომავლოდ იქ უსაფრთხოდ დასაშვებად საუკეთესო ადგილი შეირჩეს. ასევე, ღრუბლების, ნისლისა და თრთვილის დაფიქსირება, რომლებიც დღის კონკრეტულ მონაკვეთებში ჩნდება.
კომენტარები