რა უნდა იცოდე, თუ სასამართლოში მოწმის სახით დაგიბარეს?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სამართლის დასადგენად, ერთ-ერთი მთავარი როლი, შესაძლოა, მოწმემ ითამაშოს. მოწმის ჩვენება საქმის გახსნას და ზოგადად, მართლმსაჯულების აღსრულებას უწყობს ხელს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ გარკვეული დეტალები იმაზე, რა პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები გვეკისრება, თუ სასამართლოში მოწმედ დაგვიბარებენ. ამ სტატიაში მოწმის სტატუსთან დაკავშირებულ კითხვებს ვუპასუხებთ.

ვინ შეიძლება ჩაითვალოს მოწმედ?

პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, მუხლი 140.1.

მოწმეები სამართლიანი სასამართლოს არსებობას უწყობენ ხელს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამართლის ძიებაში.

იმ პრივილეგიასთან ერთად, რომ მართლმსაჯულებას სამართლის დადგენაში დაეხმაროს, მოწმედ ყოფნას ვალდებულებებიც თან ახლავს. იმავე მომენტიდან, როდესაც პირი მოწმე ხდება, მასზე ვრცელდება ყველა ის წესი, რაც გაწერილია შესაბამისი ნორმებით.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უფლებისა და მოვალეობების არცოდნა სასამართლო პროცესზე უნებლიე შეცდომის ალბათობას ზრდის, შეცდომას კი შეიძლება, გარკვეული სამართლებრივი შედეგიც მოჰყვეს.

ვინ არ არის ვალდებული, იყოს მოწმე

სამოქალაქო დავის შემთხვევაში, მოწმეს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებაც აქვს, თუმცა, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში. თუ, მაგალითად, ჩვენების მიცემა მოწმის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოიწვევს, ან ქონებრივ ზიანს მიაყენებს მათ. ეს უფლება დაცულია 142-ე მუხლით, სადაც დაკონკრეტებულია, რომ:

გამონაკლისი ეხება

  • მხარეთა მეუღლეებს, შვილებს, მინდობით აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს, მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, პაპებს, ბებიებს.
  • ასევე, მათაც, ვინც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, ვალდებულია, დაიცვას საიდუმლოება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, ნიკა მაღედანი გვიხსნის, რომ დეტალები იმის მიხედვითაც განსხვავდება, რა სახის სასამართლო დავაზეა დაბარებული მოწმე.

სამოქალაქოსგან განსხვავებით, სისხლის სამართლის წესის 50-ე მუხლი აზუსტებს პირებს, რომელთაც მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრებათ. ბრალდებულის ახლო ნათესავთან ერთად, ეს წესი რამდენიმე პროფესიის წარმომადგენელზეც ვრცელდება, მაგალითად, ადვოკატსა და ჟურნალისტზე. ასევე, თანამდებობის პირებზე, როგორებიცაა პარლამენტის წევრი, ან სახალხო დამცველი. თუმცა, ზუსტი ჩამონათვალი უფრო ვრცელია.

მოწმის უფლება-მოვალეობები

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია, რომ:

მოწმეს უფლება აქვს:

  • იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
  • გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
  • არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
  • მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
  • მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

მოწმე ვალდებულია:

  • გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
  • უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
  • არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
  • დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
  • სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

თუ მოწმე სასამართლოში არ გამოცხადდა

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლი ავალდებულებს მოწმეს, გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება.

სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოწმე დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება, მოწმის იძულებითი მოყვანა დაადგინოს. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის კი, მას შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

მოწმის განსაკუთრებული საჭიროებები

შესაბამისი კოდექსით დადგენილ წესში ვკითხულობთ, რომ: "არ შეიძლება გამოიკითხოს, ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება."

ასევე, თუ მოწმემ სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, უფლება აქვს, ჩვენება მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე მისცეს და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, სახელმწიფოს ხარჯზე.

მოწმის როლი და კონფიდენციალურობა

"სასამართლოსთვის მოწმის ჩვენება მტკიცებულებაა", — აღნიშნავს საია-ს იურისტი. "როგორც, მაგალითად, წერილობითი მტკიცებულებები, მხარის ახსნა-განმარტება, თუ სხვა. მას სხვა მტკიცებულებებთან თანაბარი ძალა აქვს", — ამბობს ის და კონფიდენციალურობის საკითხზეც საუბრობს, განსაკუთრებით, სენსიტიური ან პირადი ინფორმაციის შემთხვევაში.

ნიკა მაღედანის თქმით, თუ სენსიტიური და პირადი ინფორმაცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, მაგრამ რომელიმე მხარე მის გაჟღერებას მაინც მოითხოვს, ადვოკატს უფლება აქვს, გააპროტესტოს. მოსამართლეს უფლება აქვს, მოხსნას ასეთი შეკითხვა, ხოლო თუ უკვე გასცა მოწმემ ასეთ კითხვას პასუხი, არ გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას.

თუ ასე არ მოხდა და სასამართლო ინფორმაციას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ჩაითვლის, მაღედანის თქმით, "ამაში დადებითი ისაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები დაშტრიხული ფორმით ქვეყნდება და საჯაროდ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვერავინ წაიკითხავს, რომ კონკრეტული პირი, მისი სახელითა და გვარით, სხდომაზე იყო და კონკრეტული ინფორმაცია გააჟღერა".

დაბარების წესი

მოწმის დაბარების წესი იმის მიხედვით განსხვავდება, საქმე სისხლის სამართალს ეხება, თუ — სამოქალაქოს.

ჯერ მოკლედ იმის შესახებ, თუ რა განასხვავებს მათ:

  • სისხლის სამართალი განსაზღვრავს, რომელი ქმედება ითვლება დანაშაულად;
  • სამოქალაქო კი, სამართლებრივად თანასწორი სუბიექტების ურთიერთობებს არეგულირებს.

მოწმის დაბარების წესიც საქმის მიხედვით განსხვავდება.

"სისხლის სამართლის პროცესზე მოწმის წარსადგენად მხარეებს სასამართლოს თანხმობა არ სჭირდებათ. სამოქალაქოსა და ადმინისტრაციულის შემთხვევაში კი, მოწმის გამოკითხვაზე მხარის მოთხოვნა სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა ჩვენების მიცემა შესაძლებელი გახდეს", — გვითხრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნიკა მაღედანმა.

დაკითხვის წესი

მოწმეს დაკითხვას, რა თქმა უნდა, წესები აქვს და ამ წესების უმეტესობა, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში, ერთმანეთს ემთხვევა.

პროცედურულად:

  • სასამართლოში მოწმის დაკითხვა მისი პიროვნების გარკვევით იწყება.
  • შემდეგ ის დებს ფიცს, რომ "იტყვის სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა".
  • შემდეგ, სასამართლო არკვევს მის დამოკიდებულებას საქმეში მონაწილე პირებთან, რის მერეც მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცეს ყველაფერს, რაც მან საქმის გარემოებათა შესახებ იცის.
  • შემდეგ მას შეიძლება კითხვებით მიმართონ.

სისხლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლში ხაზგასმულია, რომ მოწმე შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ იმ გარემოებების შესახებ, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანია.

პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა

იურისტს ვთხოვეთ, ისიც განემარტა, როგორ განსხვავდება მოწმის დაკითხვის სტანდარტი და მიდგომები პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისას.

  • პირდაპირ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელმაც დასაკითხი მოწმე გამოიძახა. სისხლის სამართლის საქმეებზე, პირდაპირი დაკითხვისას დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.
  • ჯვარედინ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე არ გამოუძახებია. ჯვარედინი დაკითხვისას დასაშვებია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.

"კითხვების ფორმულირებებშიც არის სხვაობა. სამოქალაქო-ადმინისტრაციულ პროცესში მოწმეს ნებისმიერი ფორმულირების კითხვა შეიძლება დაესვას, თუ ეს შეკითხვა საქმესთან შემხებლობაშია", — აღნიშნა იურისტმა.

რჩევები — ვიდრე მოწმე სასამართლოში მივა

საია-ს იურისტის თქმით, ჩვენების მიცემისთვის მომზადება ნიშნავს, მოემზადოს პირი სასამართლოსთვის სწორი ინფორმაციის მისაცემად.

"ამისთვის მას, სისხლის პროცესზე პროკურორი ან ადვოკატი ამზადებს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებზე — რომელიმე მხარის წარმომადგენელი. არსებითია, მხარემ წარმოაჩინოს და თქვას ის, რაც რეალურად მოხდა, არ მიაწოდოს სასამართლოს მცდარი ინფორმაცია და მისი მხარესთან დამოკიდებულების მიუხედავად, არ იყოს მიკერძოებული, იყოს ნეიტრალური და რა კითხვებსაც დაუსვამენ, უპასუხოს", — განმარტავს ნიკა მაღედანი.

მისივე თქმით, მოწმის მომზადება ემოციური თვალსაზრისითაც ხდება, რადგან ადამიანისთვის, რომლისთვისაც სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება უჩვეულოა, ეს პროცესი სტრესთან არის დაკავშირებული და ამან ინფორმაციის გადმოცემაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

"გარდა ამისა, ადვოკატებიც და პროკურორებიც ცდილობენ, წინასწარ დაუსვან მოწმეს ის შეკითხვები, რაც სავარაუდოდ, მეორე მხარისგან წამოვა, რომ მას დაახლოებითი წარმოდგენა ჰქონდეს, რას უნდა ელოდოს პროცესზე".

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რეპრესიული კანონები, რომლებიც ძალაში დღეიდან შევა
  2. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  3. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  4. ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალოვნების კვების ტენდერებს პერმანენტულად იგებს? - IDFI
  5. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა — ბაიდენის და ტრამპის გამოხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთები მან ოჯახის…