რას მოასწავებს ბოლოდროინდელი ვულკანური აქტიურობა მსოფლიოში? — ექსპერტების პასუხი
ბოლო დროს მედიაში ხშირად გადააწყდებოდით ახალ ამბებს ვულკანურ აქტიურობასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ფიქსირდება. მაგალითად, ამოფრქვევები მოხდა მექსიკაში, რუსეთში, იტალიაში და იაპონიაში, წყალქვეშ. ასევე, დღე-დღეზე ელოდებიან ვულკან ფაგრადალსფიალის ამოფრქვევას ისლანდიაშიც, სადაც ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ეს ყველაფერი ერთად საზოგადოებას შესაძლოა, "აპოკალიფსურად" მოეჩვენოს. სოციალურ ქსელში უკვე გაჟღერდა მოსაზრებები, რომ მსგავსი მოვლენები უჩვეულოდ გახშირდა, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?
თუ ამდენმა ამოფრქვევამ თქვენც დაგაეჭვათ, გეტყვით, რომ საშიში არაფერია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარი ვულკანური აქტიურობა ჩვეულებრივია და არანაირ კატაკლიზმურ პროცესებთან არ გვაქვს საქმე.
ახალი ზელანდიის უაიკატოს უნივერსიტეტში მომუშავე ვულკანოლოგი, ჯენი კრიპნერი, აცხადებს, რომ "ეს აბსოლუტურად ნორმალურია". სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ ამჟამად დედამიწაზე დაახლოებით 46 ვულკანი განუწყვეტლივ მძვინვარებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი სულ მცირე 3 თვეში ერთხელ მაინც იფრქვევა.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი, ვულკანოლოგი კრისტოფერ კილბერნი, კოლეგას ეთანხმება და ამბობს, რომ ათობით ვულკანის ერთ პერიოდში ამოფრქვევაში უჩვეულო არაფერია.
"შესაძლოა, მედიაში ამის შესახებ ცნობების სიხშირე გაიზარდა, განსაკუთრებით იმ ვულკანების შესახებ, რომლებიც დასახლებულ ადგილებთან ახლოსაა ან რომელთა ამოფრქვევების ვიდეოებიც მოგვეპოვება", — განაცხადა მან.
იმავე აზრზეა აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში მომუშავე ჯენი ბარკლიც:
"ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანები ვულკანების ამოფრქვევას ჩვეულებრივზე მეტად აქცევენ ყურადღებას", — ამბობს ის.
კომენტარები