ცეფალოპოდებმა ბავშვებისთვის განკუთვნილ კოგნიტიურ ტესტს წარმატებით გაართვეს თავი
ჯერ კიდევ 2021 წელს, ცეფალოპოდებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა თუ რამდენად ჭკვიანი არსებები არიან ისინი. როგორც ჩანს, ამ არსებების პატარა ტვინებში ბევრად უფრო მეტი და საინტერესო რამ ხდება, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
ასევე: 8 საოცარი ფაქტი ცეფალოპოდების შესახებ
მკვლევრების თქმით, სახეობას სწავლისა და ადაპტაციის უნარი ევოლუციურად უნდა განვითარებოდა. კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია მარშმელოუს ტესტზე, რომელიც ბავშვებს უტარდებათ ხოლმე.
ტესტის ფარგლებში, ბავშვი ოთახში მარშმელოუსთან ერთადაა. შემდეგ ბავშვს ეუბნებიან, რომ თუ ის მარშმელოუს არ შეჭამს, 15 წუთში მეორე მარშმელოუსაც მიიღებს. უკვე ამის შემდეგ ბავშვს ორი მარშმელოუ ექნება და ორივეს შეჭმა შეეძლება.
მოთხოვნილებასთან შებრძოლების ეს უნარი კოგნიტიურ შესაძლებლობებს ასახავს, რის მიხედვითაც ბავშვი მომავალზე ფიქრობს. ეს ტესტი მეცნიერებმა შეიმუშავეს იმისთვის, რათა გაეგოთ თუ რა ასაკიდან შეუძლია ადამიანს მომავლის დაგეგმვა და შესაბამისად მოქმედება. ანუ, თქვენ კონკრეტულ მომენტში სურვილისგან თავს იკავებთ, მაგრამ სანაცვლოდ ორჯერ მეტს იღებთ.
ტესტის სიმარტივიდან გამომდინარე, მისი მორგება ცხოველებზეცაა შესაძლებელი. ბუნებრივია ცხოველს ვერ ეტყვით თავი შეიკავოს, მაგრამ შეგიძლიათ მას ეს ასწავლოთ. გაწვრთნის შემდეგ ცხოველი ხვდება, რომ თავის შეკავების შემთხევაში უკეთეს ჯილდოს მიიღებს.
როგორც წესი, პრიმატები და ძაღლები ამ ტესტს გადიან და ისინი ჯილდოს მიღების გულისთვის კონკრეტულ მოთხოვნილებაზე უარს ამბობენ.
2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თავის შეკავება რვაფეხებსაც შეუძლიათ. არსებამ თავის შეკავება ისწავლა და სანაცვლოდ მოგვიანებით უკეთეს საკვებს იღებდა.
თუმცა, მკვლევრების თქმით, ეს ტესტი საკმარისი არ იყო და მეტი სიზუსტე სჭირდებოდათ. შესაბამისად, მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი ტესტი: ექვსი ცეფალოპოდი ორი დახურული კამერით ავზში მოათავსეს. ავზს გამჭვირვალე კარები ჰქონდა, რათა ცხოველებს შიგნით დანახვა შესძლებოდათ. კამერებში საკვები იყო — პირველში ნაკლებად სასურველი უმი კრევეტის ნაჭერი, ხოლო მეორეში ბევრად უფრო მიმზიდველი ცოცხალი ბალახის კრევეტები მოათავსეს.
კარები სიმბოლოებითაც გამოირჩეოდა. წრე ნიშნავდა, რომ კარები მაშინვე გაიღებოდა, ხოლო სამკუთხედის შემთხვევაში კარის გაღებას გარკვეული დრო სჭირდებოდა. იყო ასევე კვადრატის სიმბოლოც, რომელიც განუსაზღვრელი ვადით იყო დაკეტილი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცეფალოპოდები არჩევდნენ მოცდას და შედეგად უკეთესი საკვების მიღებას. თავის მხრივ, საცდელი ჯგუფი, რომლისთვისაც უკეთეს საკვებზე წვდომა შეზღუდული იყო (კარები ჩაკეტილი იყო), არ იცდიდა.
"ამით რვაფეხები მოიქცნენ ისე, როგორც ამას ძაღლები და მაიმუნები შვრებიან. როგორც ჩანს, მათ შეუძლიათ მოითმინონ და სანაცვლოდ უკეთესი საკვები მიიღონ. ეს სწორედ ის ტესტია რასაც ბავშვები გადიან", — თქვეს მკვლევრებმა.
მკვლევრები რვაფეხების ამ თვისებას ბოლომდე ვერ ხსნიან. ისეთ სახეობებში, როგორებიცაა თუთიყუში, ძაღლები და პრიმატები "დაგვიანებული დაკმაყოფილება" დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა საკვების შენახვა. შესაბამისად, მათ სჭირდებათ რაღაცის შენახვა და შემდეგ უკეთესი შედეგის მიღება. რვაფეხების შემთხვევაში ეს ასე არ არის.
"ცეფალოპოდები დროის უმეტეს ნაწილს შენიღბვაში, ჩასაფრებასა და ლოდინში ატარებენ. ისინი შენიღბვაზე უარს ამბობენ მაშინ, როდესაც საკვებზე ნადირობა უწევთ. ეს ნიშნავს, რომ არსებას ლოდინი უწევს და სამალავიდან ნებისმიერ დროს გამოსვლა არ შეუძლია. ჩვენი აზრით, სწორედ ეს თვისება აძლევს ცეფალოპოდს მოთმენის საშუალებას", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
კვლევა Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები