დრაკონული ნარკოპოლიტიკის ტყვეობაში
8 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დრაკონულ ნარკოპოლიტიკას შევეჭიდე. შევეჭიდე მთელი ჩემი რაობით და არსებით — "7 წელი" მეხივით გაისმა სასამართლო დარბაზში მოსამართლის ხმა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირის დროს დაწერილმა რაღაც კანონთა კრებულმა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
მამაჩემი, მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ბიჭი, 7 წლით გაუშვეს ციხეში 0.000014 გრამი ჰეროინის გამო, რომელიც შპრიცის თავში დაგროვებული ერთი წვეთი იყო — მოხმარებისთვის გამოუსადეგარი რაოდენობა.
მაშინ 260-ე მუხლი 7-დან 14 წლამდე პატიმრობას მოიცავდა, როდესაც ადამიანის მკვლელობა 7-დან 15 წლამდე ფარგლებში იყო ჩაკეტილი. ირონიულია, რომ მოხმარებისთვის გამოუსადეგარი რაოდენობა ნარკოტიკის გამო ადამიანი ისე დასაჯეს, როგორც კაცის მკვლელი. დასაჯეს ის და დაგვსაჯეს ჩვენ, მთელი ოჯახი.
8 წლის ასაკიდან ყველა ციხე მაქვს მოვლილი საქართველოს მასშტაბით, იმის გამო, რომ მამაჩემი შუშის მეორე მხრიდან 1 საათით მენახა. არც ჩახუტება, არც ფიზიკური შეხება, 1 საათი შუშის მეორე მხრიდან, ტელეფონით.
არასდროს დამავიწყდება დედაჩემის და ბებიაჩემის ტირილი, დანგრეული ოჯახი და ის სტრესი, რომელიც საბჭოთა კავშირის გადმონაშთმა კანონთა კრებულმა მომაყენა.
რაც დრო გავიდა და გავიზარდე, მით უფრო მეტად გავაცნობიერე მამაჩემის უდანაშაულობა და ის სტიგმა, რომელიც საზოგადოებას დღემდე მოჰყვება. მთავრობის სადამსჯელო პოლიტიკას ყოველთვის წინ უდგას საზოგადოების მიერ ანთებული მწვანე, რომელიც წინ უძღვის ხალხის დასჯაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც სჯის არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდს, არამედ სოციუმს მის გარშემო.
ზურაზე
2019 წლიდან დღემდე მე და ზურა ერთ საქმეს ვემსახურებით. ვცდილობთ ქართულ საკლუბო და ელექტრონული მუსიკის სივრცეში ყველა წამოწყებას მხარი დავუჭიროთ და წინ წავწიოთ. გვაქვს გაკეთებული არაერთი სოციალური პროექტი, ციხიდან გვყავს დახსნილი იგივე ბრალდებით არაერთი ადამიანი.
თვითონ ზურას, წინა წლებში დაფუძნებული აქვს ჯგუფი ზამთრის მარაგი, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში საკვებით და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ეხმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს.
ჩვენ ერთად გვაქვს გაკეთებული პროექტი Community Gathering, რომელიც მოიცავს ქართულ საკლუბო სივრცეში მოღვაწე ახალგაზრდა არტისტების და ტალანტების სცენისთვის გაცნობას და მათთვის პლატფორმის მიცემას.
გუშინ ადვოკატს ვხვდებოდი. ზურა ჩემი უახლოესი მეგობარია. ყველაზე საშინელ სიზმრებშიც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ზურას არა ციხიდან დახსნაზე, არამედ მაქსიმალურად მინიმალურ სასჯელის მიღწევის სტრატეგიებზე მომიწევდა ფიქრი. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც იგი 1.4 გრამი მდმა-ის გამოა დაჭერილი, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი მოიხმარს ერთი ნორმალური ღამის განმავლობაში.
სადამსჯელო პოლიტიკა, რომელსაც მისი ელექტორალური ნებით ატარებს მთავრობა, მსხვერპლად იღებს არა კონკრეტულ ინდივიდებს, არამედ მთელ ოჯახებს და საზოგადოების ფუნქციურ ერთეულებს.
ხალხის დევნა უნდა დასრულდეს!
კომენტარები