ისტორიაში პირველად, მზეზე პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს
მეცნიერებმა მზის ფოტოსფეროში გაჩენილი აქტიური ლაქის თავზე, დაახლოებით 40 000 კილომეტრ სიმაღლეზე, ხანგრძლივი რადიოგამოსხივება დააფიქსირეს, რომლის მსგავსიც აქამდე არ შეუნიშნავთ. ის დედამიწის პოლარულ ციალს (ავრორას) ჰგავდა, 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკვირვებადი და განსხვავდებოდა ტიპური რადიოამოფრქვევებისგან, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წუთს ან საათს გრძელდება.
ციალი ჩვენს მეზობელ პლანეტებზე და მათ ზოგიერთ თანამგზავრზეც წარმოიქმნება. ეს მაშინ ხდება, როცა მზიდან გამოტყორცნილი ნაკადების შემადგენელი ნაწილაკები მაგნიტური ველის ხაზებში ჩაედინება. ატმოსფეროში ისინი ატომებთან და მოლეკულებთან ურთიერთქმედებს, რის შედეგადაც ენერგია შთამბეჭდავი სინათლის სახით გამოიყოფა. დედამიწაზე ეს ხილულ სპექტრში ვლინდება, მაგრამ არსებობს რადიოგამოსხივებაც. სწორედ ასეთ რადიო-ციალს ჰგავდა მზის ლაქიდან მომდინარე სპექტრული სიგნალები.
მსგავსი ლაქები მზის ფოტოსფეროში გაჩენილი, შედარებით გრილი და მუქი რეგიონებია, რომელთა ფორმირებაც ვარსკვლავის მძლავრ მაგნიტურ ველს უკავშირდება. მისი გავლენით მზის ნაწილაკების აჩქარება მიმდინარეობს, თუმცა იმაზე ენერგიულად, ვიდრე დედამიწაზე. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ე.წ. ელექტრონ-ციკლოტრონულ მაზერულ (ECM) ემისიას განაპირობებს, რაშიც მაგნიტური ველის მკვეთ რეგიონებში "ჩაჭერილი" ელექტრონები მონაწილეობს.
მზის ლაქებისთვის დამახასიათებელი პირობები ასეთი ემისიებისთვის ხელსაყრელია, რის შედეგადაც რადიო-ციალებს ვიღებთ. ამგვარი სიგნალები სხვა ვარსკვლავებზეცაა დაფიქსირებული, რაც მეცნიერებმა მათ ახლოს მოძრავი ეგზოპლანეტების ატმოსფეროების შთანთქმის პროცესთან დააკავშირეს.
მზის სისტემაში არსებული ციური სხეულები ჩვენი მნათობისგან ზედმეტად შორსაა იმისთვის, რომ იგივე ეფექტი წარმოიქმნას. ამის მიუხედავად, მასთან საკმარისად ახლოს ვართ, რათა უფრო მკრთალ "ციალებს" დავაკვირდეთ, რომლებსაც დიდ დისტანციაზე არსებული ვარსკვლავების შემთხვევაში ვერ შევნიშნავთ.
მსგავს რადიო გამოსხივებას მეცნიერები მზის ლაქების მიმდებარე რეგიონების აქტივობას მიაწერენ, რა დროსაც ენერგიული ელექტრონები მაგნიტური ველის ერთგვარ მარყუჟებში ჩაედინება, რომლებიც სწორედ ლაქებიდანაა ამოზრდილი. ასე ფორმირდება ის, რასაც მკვლევრები "მზის ლაქის რადიო-ავრორას" უწოდებენ.
უკანასკნელი მიგნება ჩვენს მზესა და სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე ამგვარი პროცესების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები