ნახეთ: ახალი ვიდეო მზის გასაოცარ ზედაპირს გვიჩვენებს
პორტუგალიელმა ასტროფოტოგრაფმა, მიგელ კლარომ, 12 ოქტომბერს მზის მთლიანი დისკო გადაიღო. ახალი ვიდეო გვიჩვენებს ჩვენი სისტემის ცენტრში არსებულ ვარსკვლავს, რომელიც თავისი 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში შესასვლელად ემზადება.
კადრებში მრავალი საინტერესო მოვლენა თუ წარმონაქმნი მოძრაობაში ჩანს. მათ შორისაა ფილამენტები, ანუ პლაზმის ძაფისებრი ნაკადები, ამოფრქვევის რეგიონები, მცირე ანთებები, პატარა "სპიკულები", რომლებიც ისე გადაადგილდება, როგორც თმა ქარის დროს და სხვა.
ვიდეოში აღბეჭდილია, როგორ ბრუნავს მზე 3 საათის განმავლობაში. ასევე, პლაზმა, რომელიც მისი ზედაპირიდან ასობით კილომეტრ მანძილზე მძლავრი მაგნიტური ველის მიერაა ჩაჭერილი მანამ, სანამ თვალის დახამხამებაში სივრცეში გამოიტყორცნება.
ეს შთამბეჭდავი კადრები კლარომ პორტუგალიაში მდებარე ალკევას ღამის ცის "ნაკრძალის" ტერიტორიიდან გადაიღო. აღნიშნული არეალი სინათლით დაბინძურებული არაა, ამიტომ ღამის ცაზე დასაკვირვებლად და თვალწარმტაცი სურათების აღსაბეჭდად ხელსაყრელია.
ასტროფოტოგრაფმა Lunt telescope LS100-ის სახელით ცნობილი კამერა და ტელესკოპი Lunt telescope LS1 გამოიყენა. თავად ვიდეო 3 ტერაბაიტი მოცულობის მონაცემებისგანაა შექმნილი, რომელიც სპეციალისტმა გააერთიანა და დაამუშავა.
"საბოლოო შედეგი 5K მაღალი გარჩევადობის ვიდეოა. ის მზის 246 სურათისგან შედგება, რომლებიც დაახლოებით 3 საათის განმავლობაშია გადაღებული", — წერს კლარო საკუთარ ვებგვერდზე.
კომენტარები