არქეოლოგებმა ჩონჩხზე ხელის პროთეზი აღმოაჩინეს — იგი შუა საუკუნეებით თარიღდება
არქეოლოგებმა გერმანიაში ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც მეტალისგან დამზადებული ხელის პროთეზი ახლდა თან. სავარაუდოდ, პროთეზი 600 წლის წინ დამზადდა. ამის შესახებ განცხადება ბავარიის მონუმენტების დაცვის სახელმწიფო ოფისმა გაავრცელა.
არქეოლოგებმა რადიონახშირბადის მეთოდით დათარიღება გამოიყენეს და დაასკვნეს, რომ კაცი 30-იდან 50 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყო; სავარაუდოდ, იგი 1450-1620 წლების შუალედში უნდა მომკვდარიყო.
პროთეზი, კერძოდ, რკინისგან იყო დამზადებული და ოთხ დაკარგულ თითს ანაცვლებდა. უწყების თანახმად, როგორც ჩანს, მის მატარებელ კაცს თითები ამპუტირებული უნდა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დაუზუსტებელია, როგორ დაკარგა მან თითები; ასევე ისიც, თუ როგორ იყენებდა კაცი პროთეზს.
"შიგნიდან ცარიელი პროთეზი მარცხენა ხელზე ოთხ თითს ანაცვლებდა", — განაცხადა უოლტერ ირლინგერმა, კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსმა ბავარიის მონუმენტების დაცვის სახელმწიფო ოფისში — "საჩვენებელი, შუა, ნეკა და არათითები ცალ-ცალკეა გაკეთებული ფურცლოვანი მეტალისგან და უძრავია. პროთეზის თითები ოდნავ მოხრილია და ერთმანეთის პარალელურად არის გალაგებული. სავარაუდოდ, პროთეზი ხელის დარჩენილ ნაწილზე იყო მიმაგრებული".
პროთეზის შიგნით დოლბანდის მაგვარი მასალა აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მას კაცი ამპუტირებული ხელის ნარჩენზე იხვევდა.
არქეოლოგებმა ჩონჩხი ფრაიზინგში არსებულ ეკლესიასთან იპოვეს, მიუნხენთან ახლოს, სამხრეთაღმოსავლეთ გერმანიაში.
დეპარტამენტის განცხადებით, არქეოლოგებმა აქამდე 50 მსგავსი პროთეზი აღმოაჩინეს ცენტრალურ ევროპაში. ისინი გვიანი შუა საუკუნეებიდან (მე-14-მე-16 საუკუნეები) და ადრეული თანამედროვე პერიოდიდან (მე-16-მე-19 საუკუნეები) იყო.
დეპარტამენტში აღნიშნეს ისიც, რომ პროთეზის განსაკუთრებით დახვეწილი ნიმუში მე-16 საუკუნის გერმანელ მეფეს, გოტფრიდ ფონ ბერლიხინგენს, ეკუთვნოდა. მეფემ მარჯვენა ხელი ბრძოლაში დაკარგა, ამიტომ იგი "მოძრავი" და "ტექნიკურად გამორჩეულად კომპლექსური" პროთეზით ჩაანაცვლა.
უწყების თანახმად, ფრაიზინგში უამრავი ბრძოლა გამართულა, მათ შორის ოცდაათწლიანი ომიც 1618-1648 წლებში. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გახშირდა ამპუტაციები და პროთეზების მოთხოვნაც გაიზარდა.
მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკას თუ დავუჯერებთ, ეგვიპტეში აქამდე თითის პროთეზი აღმოაჩინეს, რომელიც 2600-იდან 3400-ამდე წლის უნდა ყოფილიყო; იტალიაში აღმოუჩენიათ ფეხის პროთეზიც, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 300 წლით თარიღდება.
კომენტარები